Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების წინ პრეზიდენტობის კანდიდატებმა ბოლო წინასაარჩევნო განცხადებები გააკეთეს


4 იანვარს, დღის 12 საათზე, ამოიწურა ის ვადა,

რომლის განმავლობაშიც პრეზიდენტობის კანდიდატებს შეეძლოთ მიემართათ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით. მსგავსი მოთხოვნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ შესულა. ასე რომ, 5 იანვრის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველმა არჩევანი პრეზიდენტობის 7 კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს.... გადამწყვეტი ეტაპის დაწყებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა..
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აკრედიტაცია აქვს გაცემული უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებელზე. არჩევნების წინა დღეს, 4 იანვარს, პრეზიდენტობის კანდიდატები( გარდა არკადი პატარკაციშვილისა) თბილისში საერთაშორისო დამკვირვებლებს შეხვდნენ და გააკეთეს ბოლო მიმართვები ამომრჩევლისადმი. მინდა გიამბოთ, როგორი იყო პრეზიდენტობის კანდიდატთა განწყობილებები და მოლოდინი 4 იანვარს.


პრეზიდენტობის კანდიდატთა უმრავლესობამ არჩევნების წინა დღეს გააკრიტიკა წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა, ხელისუფლებას ბრალი დასდო მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში და გამოთქვა მოლოდინი, რომ 5 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები არ იქნება სამართლიანი. ის, ვინც ასე არ ფიქრობს კანდიდატთაგან, მიხეილ სააკაშვილია. 4 იანვარს, სხვა კანდიდატებისა არ იყოს, ისიც შეხვდა საერთაშორისო დამკვირვებლებს, თუმცა, სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, სააკაშვილს ამ შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია და არც საკუთარი მხარდამჭერებისთვის მიუმართავს. ბოლო მიმართვა მხარდამჭერებისადმი სააკაშვილის საარჩევნო შტაბის სპიკერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა.. მან ამომრჩევლებს არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა, განუმარტა, რომ ყველაფერი გაკეთდა არჩევნების სამართლიანად, გამჭვირვალედ ჩასატარებლად და კიდევ ერთხელ მიმართა ოპოზიციის კანდიდატთა შტაბებს თხოვნით, 5 იანვარს არ დაუშვან საარჩევნო უბნებზე საკუთარი აქტივისტების მობილიზაცია:

[დავით ბაქრაძის ხმა] ”ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც შეიცავს პროვოცირების მაღალ რისკს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ოპონენტებს უარი განაცხადონ ასეთ განზრახვაზე და ყველამ ერთად შევიმუშაოთ თამაშის წესები, რათა არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში. მშვიდი და დემოკრატიული არჩევნები არ სჭირდება რომელიმე კანდიდატს. ეს არის ის, რაც სჭირდება მთელ საქართველოს. ”

საქართველოს სჭირდება მშვიდი და დემოკრატიული არჩევნები, მაგრამ პრეზიდენტობის ოპოზიციური კანდიდატები წინასწარ გამოთქვამენ გაყალბების შიშს. ლევან გაჩეჩილაძემ არ მიიღო დავით ბაქრაძის მოწოდება, უარი თქვას საარჩევნო უბნებზე საკუთარი აქტივისტების მობილიზაციის განზრახვაზე... საკუთარ მხარდამჭერებს მანაც საერთაშორისო დამკვირვებლებთან შეხვედრის შემდეგ მიმართა... გაჩეჩილაძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მის მხარდამჭერებზე ახდენდნენ ფიზიკურ ზეწოლას, რომ ის სათანადოდ ვერ სარგებლობდა მედიასაშუალებებით, რომ მედია მის წინააღმდეგ შავ pr -ს ახორციელებდა. და მაინც, ლევან გაჩეჩილაძის თქმით, გამარჯვება მისია და ამ გამარჯვებას ვერავინ წაართმევს:

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] ”მე მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ხვალ ქუდზე კაცი გამოვიდეს არჩევნებზე და მისცეს ხმა საკუთარ რჩეულს. მე მოვუწოდებ ჩემს მხარდამჭერებს, მორიგეობა დააწესონ თითოეულ ყუთთან. ეს აუცილებელია, რომ არ მოხდეს ყუთების გატაცებები. ”

ეს იყო ლევან გაჩეჩილაძის მიმართვა. რაც შეეხება გია მაისაშვილს:

[გია მაისაშვილის ხმა] ”სამარცხვინო წინასაარჩევნო კამპანია ჩაატარა ყოფილმა პრეზიდენტმა. არ ყოფილა დებატები. ჩვენ არ გვყავს ჩვენი წარმომადგენელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ეგზიტპოლები არის ერთ-ერთი საშუალება გაყალბებისა. ”

”თუ სააკაშვილი თავს გამარჯვებულად გამოაცხადებს, ეს იქნება არალეგიტიმური. ასეთ შემთხვევაში შეიძლება საყოველთაო დაუმორჩილებლობის გამოცხადება გახდეს საჭირო”, - თქვა მაისაშვილმა. ოპოზიციურ კანდიდატებს შორის დავით გამყრელიძეს მკვეთრი განცხადება არ გაუკეთებია. ”თუ არ იცი ბოლო წლებში რა რეჟიმი ჩამოყალიბდა საქართველოში, თუ არ იცი რითი იყო განპირობებული 2 ნოემბერი და რატომ იყო ხელისუფლება არაადეკვატური 7 ნოემბერს, ძნელია ობიექტურად განსაჯო რამდენად თანაბარ პირობებში წარიმართა წინასაარჩევნო კამპანია და რამდენად გვაქვს შანსი სამართლიანი არჩევნების”, - თქვა მან საერთაშორისო დამკვირვებლებთან შეხვედრის შემდეგ. განცხადებები 4 იანვარს შალვა ნათელაშვილმა დ ირინა სარიშვილმაც გააკეთეს.

[შალვა ნათელაშვილის ხმა} ”ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებმა უნდა გაითვალისწინონ ჩემი მოწოდება, რომ სააკაშვილისთვის ხმის მიცემა ნიშნავს წიწამურში საქართველოსთვის სროლას. ”

ირინა სარიშვილმა მოუწოდა ამომრჩეველს შემოხაზოს ნებისმიერი კანდიდატი, გარდა სააკაშვილის და პატარკაციშვილისა და განუმარტა ისიც, თუ რას ნიშნავს, მისი თვალსაზრისით, 5 იანვარს დადებითი პასუხის გაცემა საპლებისციტო შეკითხვაზე : უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას?

[ირინა სარიშვილის ხმა] ”ნატოში გაწევრიანების შემოხაზვა ჩვენი მატყუარა ხელისუფლების ხელში ნიშნავს არა ნატოში შესვლას, არამედ ნატოს სამხედრო ბაზების შემოყვანას საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოსი. ”

ასეთი იყო პრეზიდენტობის კანდიდატთა ბოლო განცხადებები.
საქართველოს ხელისუფლებაშიც და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც ირწმუნებიან, რომ ყველაფერი გაკეთდა და კეთდება 5 იანვრის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის. არჩევნებს დააკვირდება 3000 ადგილობრივი და უცხოელი დამკვირვებელი. აკრედიტაცია გაცემულია 165 საერთაშორისო და ადგილობრივ მედიასაშუალებაზე....

არჩევნებამდე ცოტა, ძალიან ცოტა დრო რჩება... მძიმე პოლიტიკური პერიოდის შემდეგ მოსახლეობამ უნდა აირჩიოს ქვეყნის ლიდერი და პასუხი გასცეს საპლებისციტო შეკითხვებს - თქვას, სურს თუ არა საპარლამენტო არჩევნები 2008 წლის გაზაფხულზე და საქართველოს ინტეგრირება ნატოში, რომელიც არ არის მარტო უსაფრთხოების გარანტია,საითკენაც გადის საქართველოს გზა ევროპისკენ.


XS
SM
MD
LG