Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის გადახედვა არ მოხდება


მართალია, სახელისუფლებო უმრავლესობაში არსებობდა იმ კანონის გადახედვის იდეა, რომელიც პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესს განსაზღვრავს,

მაგრამ ამ იდეაზე უარი ითქვა. 29 ოქტომბერს ღამით პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ”პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში” ცვლილებებს არ გამორიცხავდნენ, 30 ოქტომბერს კი გაკეთდა განცხადებები, რომ ცვლილებები არ განხორციელდება. შეგახსენებთ, სწორედ 29 ოქტომბერს გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ბადრი პატარკაციშვილი ოპოზიციის საპროტესტო კამპანიას დააფინანსებს. ამისთვის მას შეზღუდვები არ დაუწესდება. ”სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო” ბიზნესმენის შემოთავაზებას იღებს და პატარკაციშვილთან ურთიერთობის ფორმაზე თანხმდება. ამის შესახებ გოგა ხაინდრავამ მითხრა:

[გოგა ხაინდრავას ხმა] ”სპეციალური სხდომა გვექნება, განვიხილავთ ფორმებს ურთიერთობის, გავუგზავნით ჩვენს მოსაზრებას ბატონ ბადრის და ვიპოვით იმ ფორმას, რომლითაც ეს ყველაფერი იქნება განხორციელებული. ”

ლაპარაკია ”საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოს” საპროტესტო კამპანიის დაფინანსებაზე, რასთან დაკავშირებითაც ინიციატივა ბადრი პატარკაციშვილმა გამოთქვა. ის მზად არის დააფინანსოს ოპოზიცია, რათა მან შეძლოს საპტროტესტო აქციების ჩატარება ცივილიზებული გზით. ”ოპოზიციის დაფინანსების შესახებ მისი გადაწყვეტილება თქვენს ქვეყანაში დემოკრატიის არსებობაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს ”, - ასეთი კომენტარი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ ბიზნესმენის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. საპარლამენტო უმრავლესობაში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უარი თქვეს განზრახვაზე გაემკაცრებინათ პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების წესი. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, რატი სამყურაშვილი, ხაზგასმით შენიშნავს, რომ დასავლეთის არაერთ ქვეყანაში ერთ კონკრეტულ ადამიანს არა აქვს უფლება დააფინანოს ერთზე მეტი პოლიტიკური გაერთიანება:

[რატი სამყურაშვილის ხმა] ”მიუხედავად ამისა, შევთანხმდით, რომ კანონმდებლობაში ცვლილება არ შევა. ჩვენ უზრუნველყოფილი გვაქვს გამჭვირვალობა და უზრუნველყოფილი გვაქვს ისიც, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკმარისი დაფინანსება მიიღოს ამ ხალხმა. თუ ვინმეს სურს მაინცდამაინც მიეყიდოს კონკრეტულ ადამიანს, ეს მისი პოლიტიკური არჩევანია.”

”კანონი ქმნის იმის პირობას, რომ პოლიტიკური პარტიები არ იყვნენ დამოკიდებული ოლიგარქებზე, პოლიტიკური პარტიების ბიუჯეტიდან სოლიდურად დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება ხელისუფლებამ იმიტომ მიიღო, რომ ფულმა არ განსაზღვროს ქართული პოლიტიკის დღის წესრიგი”, - ამბობს სამყურაშვილი. მის მიერ ნახსენებ კანონში კი წერია: პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც საქართველოს პარლამენტის უკანასკნელ საერთო არჩევნებში გადალახეს 4 პროცენტიანი ბარიერი, ყოველწლიურად ბიუჯეტიდან თანხა გამოეყოფა მიღებული ხმების შესაბამისად: 200 000 ხმამდე - თითოეული ამომრჩევლის ხმაზე 2 ლარი. დამატებით 200 000 - დან 500 000 ხმამდე - თითოეული ამომრჩევლის ხმაზე ლარ-ნახევარი, დამატებით 500 000 ხმაზე ზევით - თითო ხმაზე 1 ლარი...


იმაში გასარკვევად, თუ ჯამში რა დაფინანსებას უზრუნველყოფს ეს წესი, ”ახალი მემარჯვენეების” მაგალითს შემოგთავაზებთ. ამ პარტიამ ”მრეწველთა პარტიასთან” ბლოკში 7 პროცენტიანი ბარიერი გადალახა. ბიუჯეტიდან მის მიერ წლის განმავლობაში მიღებული თანხა 300 000 ლარამდეა. ”ახალი მემარჯვენეების” წევრი მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ ეს თანხა არასაარჩევნო წელსაც კი ძალზე არასაკმარისია. მაგრამ კანონი ადგენს შემოწირულობების წესსაც. პარტიის მერ მიღებული შემოწირულობების საერთო მოცულობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს თითოეული ფიზიკური პირისგან 30 000 ლარს, თითოეული იურიდიული პირისგან კი - 100 000 ლარს.

ბადრი პატარკაციშვილმა თქვა, რომ ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს ”საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნულ საბჭოს”, სადაც 10-მდე პოლიტიკური ძალაა გაერთიანებული. საპროტესტო კამპანიის მხარდასაჭერად მილიარდერის მიერ გაცემული შემოწირულობის მიღება ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს ”პოლიტიკური პარტიების გაერთიანებების შესახებ კანონის” და საგადასახადო კოდექსის შესაბამისადო, - ამბობს ”კონსერვატიული პარტიის” წევრი კახა კუკავა. ”ეროვნულ საბჭოში” პატარკაციშვილის მიმართ მადლიერებას გამოხატავენ:

[გოგა ხაინდრავას ხმა] ”მივესალმებით ლეგალურად ნებისმიერ დახმარებას ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, პირველი მერცხალი არის ბადრი პატარკაციშვილი. ჩვენ ვართ მადლობელი მისი, დარწმუნებული ვარ მის მაგალითს აიტაცებენ სხვა ბიზნესმენებიც. ”

ეროვნული საბჭო შემდეგი მერცხლების მოლოდინშია.
XS
SM
MD
LG