Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო თავს იკავებს წითელუბნის ინციდენტის შეფასებისგან


დღეს ვენაში ეუთოს მორიგე თავმჯდომარის საგანგებო წარმომადგენელმა მიომირ ჟუჟულმა ამ უწყების მუდმივმოქმედ საბჭოს გააცნო თავისი ანგარიში

6 აგვისტოს წითელუბნის ინციდენტთან დაკავშირებით. შეგახსენებთ: 6 აგვისტოს საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის მხრიდან დაარღვია ავიაგამანადგურებელმა, რომელმაც - ვიდრე ისევ რუსეთში დაბრუნდებოდა - გორის რაიონის სოფელ წითელუბანთან ანტისარადარო რაკეტა ჩამოაგდო. რაკეტა არ აფეთქდა.
მიომირ ჟუჟულის ანგარიშის თანახმად, "ინციდენტი მართლაც მოხდა", მაგრამ დოკუმენტის ავტორმა, რომელმაც საქართველოსა და რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან შესახვედრად რამდენიმე დღე დაჰყო თბილისსა და მოსკოვში, თავი შეიკავა შეფასებებისგან - ანგარიშის ტექსტში ამაოდ ეცდებით ვინმეს დამგმობი ან გამკიცხავი სიტყვების პოვნას.
ამასთან დაკავშირებით ჟუჟულმა, რომელსაც 2003-2005 წლებში ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა, განაცხადა, რომ ეუთო "ვერც ბრალმდებელი იქნება და ვერც მოსამართლე".
თუმცა, დღესვე გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ჟუჟულმა აღნიშნა, რომ 6 აგვისტოს ინციდენტმა "უაღრესად სახიფათო ვითარება შექმნა და უარყოფითი გავლენა იქონია რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობაზე." როგორც ეუთოს მორიგე თავმჯდომარის საგანგებო წარმომადგენლმა დასძინა, საგამოძიებო ჯგუფების დასკვნები ერთმანეთისგან განსხვავდება და ამიტომ "ძალიან რთულია" იმის დადგენა, ზუსტად რა მოხდა.
უცხოელ ექსპერტთა დასკვნით, რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცე მართლაც დაარღვია თვითმფრინავმა, რომლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
მიომირ ჟუჟულმა, რომელსაც ეუთოს მორიგე თავმჯდომარემ მიგელ ანხელ მორატინოსმა წითელუბნის ინციდენტის გამოძიება აგვისტოს შუა რიცხვებში დაავალა, განაცხადა, რომ ეუთო არ აპირებს გამოძიების გაგრძელებას. მისი აზრით, ამ ორგანიზაციამ უნდა ეძებოს გზები, რათა მომავალში მსგავსი ინციდენტები აღარ განმეორდეს; ან შეიმუშავოს მექანიზმი, რომელიც - თუ ინციდენტი მაინც მოხდა - მხარეთა შორის დაძაბულობის განმუხტვას შეუწყობდა ხელს.
XS
SM
MD
LG