Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

6 სექტემბერს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭო წითელუბნის ინციდენტს განიხილავს


6 სექტემბერს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭო საგანგებო სხდომაზე გორის რაიონის სოფელ წითელუბნის დაბომბვის ფაქტზე იმსჯელებს.

ამის შესახებ თბილისში განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა
მიგელ ანხელ მორატინოსმა. თბილისში ჩამოსვლამდე მიგელ ანხელ მორატინოსი მოსკოვს სტუმრობდა. მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ, თბილისში მან განაცხადა, რომ რუსეთში საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორების სურვილი დაუდასტურეს. აღნიშნულის მიუხედავად, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის თქმით, საჭიროა მომხდარის შეფასება იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდეს.თბილისში საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მიგელ ანხელ მორატინოსმა ქართველი და უცხოელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მინდა მისი ამ ვიზიტის შესახებ გესაუბროთ.


შეხვედრები შედგა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან. ამ შეხვედრებზე მიგელ ანხელ მორატინოსი განცხადებებს ესპანეთის მთავრობის სახელითაც აკეთებდა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სახელითაც. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მან საქართველოსა და ესპანეთს შორის ურთიერთობაში გამოკვეთილ სიახლეებზეც ისაუბრა და იმაზეც, თუ რა იგეგმება ეუთოში წევრი ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემაზე რეაგირებისთვის. დავიწყოთ სწორედ ამით.

[ მიგელ ანხელ მორატინოსის ხმა] ” თვენ იცით, რომ 2 დღეში, 6 სექტემბერს, ჩემი სპეციალური წარმომადგენელი გააკეთებს მოხსენებას წითელუბნის ინციდენტთან დაკავშირებით და ამ მოხსენებაში იქნება გარკვეული დასკვნითი მინიშნებები.
ეუთოს მუდმივი საბჭო მოისმენს მის მოხსენებას და გააკეთებს დასკვნას, რათა ეს საკითხი ამოიწუროს.”

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის თქმით, დასკვნა იქნება ობიექტური, ხოლო რეკომენდაციები, რაც მხარეებს სამომავლოდ მსგავსი ფაქტის დაუშვებლობისთვის შეეთავაზება, ორივე მხარისთვის მისაღები. მისივე განცხადებით: ”რუსეთში ნათლად განმარტავენ, რომ სურთ საქართველოსთან ურთიერთობის მოწესრიგება. ურთიერთობის მოწესრიგება დიალოგის განვითარებითაა შესაძლებელი. ეუთომ თავიდანვე გამოხატა შეშფოთება წითელუბნის ინციდენტთან დაკავშირებით და ის გააგრძელებს მოქმედებას რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გამოსასწორებლად.”

საქართველოში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, თუ როგორ შეფასებას მისცემს ეუთოს მუდმივი საბჭო ინციდენტს, რომელთან დაკავშირებითაც ბრალი რუსეთს საერთაშორისო ექსპერტების მიერ დაწერილი დასკვნების საფუძველზე ედება.
აი, რა განცხადება გააკეთა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა 4 სექტემბერს, როცა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე შეხვედრას საქართველოს პარლამენტში მართავდა:

[კოტე გაბაშვილის ხმა[ ”იმიტომაა შეხვედრები, რომ გავარკვიოთ, რას აპირებს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე. თუ აპირებს ნორმალურ რეაგირებას - კარგი; თუ აპირებს ისევ მუხრუჭების დაშვებას, დარჩება ასეთად, ჩვენ კი ვიქნებით ქვეყანა, რომელიც დააზიანა რუსეთმა. ”(სტილი დაცულია)

საქართველო არის რუსეთისგან დაზიანებული ქვეყანა და ცდილობს ეუთომ და, მის გარდა, გაეროს უშიშროების საბჭომაც წითელუბნის კონკრეტულ შემთხვევას ადეკვატური შეფასება მისცეს. ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ კი თბილისში თქვა, რომ შეფასება ობიექტური იქნება, დანარჩენი კი 2 დღეში გაირკვევა. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში 4 სექტემბერს ამოიწურა. ვიზიტის კონკრეტული შედეგები ასეთია: ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უახლოეს მომავალში საქართველოში გამოგზავნის ექსპერტებს სამხრეთ ოსეთის სტატუსის განმსაზღვრელ კომისიაში
მონაწილეობის მისაღებად. ამას გარდა, მიგელ ანხელ მორატინოსმა აღნიშნა, რომ ეუთო მზადაა სამხრეთ ოსეთში გააფართოოს ზედამხედველობის მისია, თუკი დაინახავს კონფლიქტის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების პერსპექტივას.
რაც შეეხება სიახლეებს საქართველოსა და ესპანეთის ორმხრივ ურთიერთობაში, წლის ბოლომდე საქართველოში გაიხსნება ესპანეთის მუდმივი წარმომადგენლობა, ესპანეთში კი - კერძოდ, მადრიდში - ჩატარდება ერთგვარი ქართულ-ესპანური ბიზნესფორუმი, საქართველოში ესპანეთის ინვესტიციების გაფართოების მიზნით.
”ისევე როგორც მზე ბრწყინავს საქართველოს დედაქალაქში, მზე ბრწყინავს ჩვენს ურთიერთობაშიც” – 4 სექტემბერს ამ სიტყვებით მიმართა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ”თბილისი-მარიოტში” შეკრებილ ჟურნალისტებს და, სხვათა შორის, იქვე სიამოვნებით აღნიშნა, რომ კმაყოფილია საქართველოს დემოკრატიული განვითარებით.
XS
SM
MD
LG