მით უფრო, რომ ისინი, უპირატესად, სწორედ აღმასრულებელი ხელისუფლების ეკონომიკურ ბლოკს შეეხო და ძალები სრულიად ახლებურად განალაგა.
აღსრულდა მრავალთვიანი პროგნოზები და მოლოდინი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ რომან გოცირიძეს პოსტი დაატოვებინეს. ფორმალურად ის თანამდებობაზე შვებულების დასრულებამდე _ სექტემბრის ბოლომდე - დარჩება. ოქტომბრიდან კი გოცირიძე, რომელიც ბოლო მომენტამდე სასაცილოდ მიიჩნევდა ხმებს პოსტიდან მისი შესაძლო გადაყენების შესახებ, საპენსიო თანამდებობაზე იმუშავებს _ პრეზიდენტის მრჩევლად ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებში. ეს პოსტი სწორედ მისთვის შეიქმნება და არსებითად მისი დატვირთვა ჯერჯერობით უცნობია.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტს, მას სწორედ ის კადრი ჩაიბარებს, რომელსაც შარშან გოცირიძე უსწავლელობასა და უმწიფრობაში ადანაშაულებდა. ლექსო ალექსიშვილისთვის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობა მესამე უმაღლესი თანამდებობაა. მანამდე ალექსიშვილმა ორი სამინისტრო პორტფელი გამოიცვალა: მას ჯერ ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ებარა, შემდეგ კი _ ფინანსთა სამინისტრო. სწორედ მის პერიოდს უკავშირდება ეკონომიკის სამინისტროში განხორციელებული არაერთი სკანდალური საპრივატიზებო გარიგება, ფინანსთა მინისტრობას კი _ ბიუჯეტის მრავალჯერადი ზრდა და პრეტენზიები ხარჯების გაუმჭვირვალობასთან დაკავშირებით.
ალექსიშვილი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის კადრად მიიჩნევა. პარლამენტის აწ გარდაცვლილი თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას, თანაშემწეობის შემდეგ ალექსიშვილი სწორედ ჟვანიას თანაგუნდელი ფინანსთა მინისტრის _ ზურაბ ნოღაიდელის - მოადგილე იყო ფინანსთა სამინისტროში.
ალექსიშვილის გამონთავისუფლებულ პოსტს ჟვანიას გუნდის კიდევ ერთი აღმოჩენა _ აქამდე ენერგეტიკის წარმატებული მინისტრი ნიკა გილაური - დაიკავებს. მისი ძმა, ირაკლი გილაური, ქვეყნის უმსხვილესი საბანკო ინსტიტუტის, `საქართველოს ბანკის~, გენერალური დირექტორია. ასე რომ, გილაურების ოჯახი საქართველოს სახელმწიფო და კერძო საფინანსო სექტორების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ერთეული ხდება.
ჟვანიას გუნდის კიდევ ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს, დავით ტყეშელაშვილს კი, როტაციით ჯანდაცვის სამინისტრო ერგო. ერთ-ერთ ყველაზე უხვბიუჯეტიან, სოციალურ პოლიტიკაზე პასუხისმგებელ უწყებას, რომელიც ქრონიკულად კორუფციულ სკანდალებშია გახვეული, ამიერიდან სწორედ ის უხელმძღვანელებს. ძველი დროების საუკეთესო ტრადიციების შესაბამისად, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ლადო ჭიპაშვილი ჩეხეთში საქართველოს ელჩი გახდება, კიდევ ერთი ყოფილი კი _ ბათუმის მოხსნილი მერი ირაკლი თავართქილაძე - საბერძნეთში საქართველოს ელჩად მოგვევლინება.
როტაციით დატრიალებულების პარალელურად, საქართველოს მთავრობის შემადგენლობა სამი ახალი მინისტრით შეივსო. თუმცა მათი სახეები მთლად ახალი ნამდვილად არ არის. ენერგეტიკის სამინისტროს ალეკო ხეთაგური დაუბრუნდა. ის იქ უკვე მუშაობდა ნიკა გილაურის პირველ მოადგილედ, თუმცა მოგვიანებით სხვა საპასუხისმგებლო უბანზე _ ნავთობისა და გაზის კორპორაციის შეფად - გადაისროლეს. ხეთაგურის სამინისტროში ტრიუმფალური დაბრუნება უკვე მინისტრის ამპლუაში მოხდა. რაც შეეხება მის დატოვებულ ნავთობისა და გაზის კორპორაციას, მას, სავარაუდოდ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს ვანო ნაკაიძეს ჩაუყენებენ სათავეში. ნაკაიძე ეკონომიკის სამინისტროში გადასვლამდე იყო გენერალური დირექტორი ცალკე მოქმედი სახელმწიფო დეპარტამენტისა, `საქნავთობის~, რომელიც მოგვიანებით გაზისა და ნავთობის სახელმწიფო კორპორაციებს შეერწყა და ამჟამინდელი ნავთობისა და გაზის კორპორაცია სწორედ ამ გზით ჩამოყალიბდა. ამდენად, ახალი სამუშაო ნაკაიძისთვის უცხო არ იქნება, მით უფრო, რომ მანამდეც ის კომპანია `გრეკოში~, ნავთობპროდუქტების სისტემაში, მოღვაწეობდა.
მინისტრის პირველი მოადგილეობიდან მინისტრობამდე აღზევდა დავით ჩანტლაძე. გარემოს დაცვის სამინისტროში ის კერძო ბიზნესიდან მოვიდა და ჯერ გიორგი პაპუაშვილის, შემდეგ კი დავით ტყეშელაშვილის პირველ მოადგილედ მუშაობდა და სამინისტროს ახალი პოლიტიკის ერთ-ერთი აქტიური შემოქმედი იყო. ამიტომაც ის, ისევე როგორც ახალი მინისტრების უმეტესობა, რაიმე კარდინალურ ცვლილებებს არ გეგმავს.
ტრიუმფალური დაბრუნება მოხდა იუსტიციის სამინისტროშიც.
ეკა ტყეშელაშვილმაც ეს უწყება მინისტრის მოადგილის რანგში დატოვა და მინისტრად დაბრუნდა. მანამდე მან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეობა მოასწრო. ტყეშელაშვილი მთავრობაში მეორე ქალბატონი და პირველი დედობის მომლოდინე მინისტრი იქნება.
ყოფილი მინისტრი გია ქავთარაძე კი, როგორც თვითონ და მისი საქმიანი პარტნიორი პრემიერი ნოღაიდელი წინასწარ აცხადებენ, კერძო ბიზნესს დაუბრუნდება. ლეგენდარული საკონსულტაციო კომპანიიდან `დამენია, ვარშალომიძე, ნოღაიდელი, ქავთარაძე~ ქავთარაძე ყველაზე ბოლოს აღმოჩნდა, სახელისუფლო პოსტზე და პირველი გამოემშვიდობა ამ პოსტს.
მთავრობის წევრების გარდა, პოსტის დატოვება მოუხდა ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარესაც. გია თავაძეს, რომელიც ამ პოსტზე 3,5 წლის განმავლობაში ირჯებოდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი შეცვლის. თავაძისგან განსხვავებით, რომელიც სემეკში აჭარის ენერგოკომპანიის დირექტორობიდან მოვიდა, სამართალმცოდნე ჩალაგაშვილი აქამდე ენერგოსექტორთან კავშირში შემჩნეული არ ყოფილა. თუმცა ეს მას ხელს არ შეუშლის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მარეგულირებელი ორგანოს პირველი პირის სავარძელი დაიკავოს.
ამგვარად, საქართველოს უკვე პრაქტიკულად ახალი მთავრობა ჰყავს. პირველი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ახალმა შემადგენლობამ უკვე გამართა. ახალი მთავრობის პროგრამა პარლამენტში სწორედ დღეს უნდა შევიდეს და მისი განხილვა ხვალ _ კვირა დღეს - საგანგებოდ დანიშნულ ბიუროს სხდომაზე უნდა მოხდეს. რაც შეეხება მთავრობის დამტკიცებას, ეს საკითხი უკვე შეტანილია პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველივე, 7 სექტემბრის, სხდომის დღის წესრიგში. თუმცა არავინ არანაირ სიურპრიზს არ ელის. მთავრობის პარლამენტში დამტკიცება, სავარაუდოდ, მხოლოდ აუცილებელი იურიდიული ფორმალობის დაცვა იქნება.