Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა


30 აგვისტოს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ და

უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძიების საქველმოქმედო ფონდმა „მოლოდინმა“ დიღმის ძმათა სასაფლაოზე შინმოუსვლელი მებრძოლის ძეგლი გახსნეს, რის შემდეგაც მთავრობის წევრებმა, ომის ვეტერანებმა და შაოსანმა დედებმა უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებძოლთა სიმბოლური საფლავები ყვავილებით შეამკეს. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 1800-მდე ადამიანი, რომელთა შორის 800-მდე მებრძოლია, დანარჩენი კი - სამოქალაქო პირი. რას აკეთებს სახელმწიფო დაკარგულთა მოძიებისა და მათი ოჯახების უზრუნველყოფის თვალსაზრისით?

შაოსანი დედები დიღმის ძმათა სასაფლაოზე ყოველი წლის 30 აგვისტოს იკრიბებიან. ძაძებით მოსილი ქალბატონები ყვავილებით ამკობენ და დასტირიან შვილების - უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლების -სიმბოლურ, ცარიელ საფლავებს.

[ქალბატონის ხმა] „დედა მოგიკვდა, შვილო, შენ მართლა უგზუ-უკვლოდ დაკარგულო შვილო...“

ნინელი ანდრიაძე 15 წელია უშედეგოდ ეძებს შვილს, კონსტანტინე ანდრიაძეს, რომელიც თანამებრძოლებმა უკანასკნელად 1992 წლის 2 ოქტომბერს ნახეს. ქალბატონი ნინელი ამბობს, რომ არ იცის, მისი შვილი ცოცხალია თუ მკვდარი:

[ნინელი ანდრიაძის ხმა] „პირველი გაგრა დაეცა, ორში დილით გია ყარყარაშვილთან ერთად გადაფრინდა, რათა დახმარებოდა ხალხს და ჩარჩენილ მებრძოლებს გამოსვლაში, მაგრამ მერე თვითონაც დაიკარგა უგზო-უკვლოდ. მას შემდეგ ვეძებთ და ვერაფერი ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ.“

ნინელი ანდრიაძეს, საკუთარი შვილის გარდა, მოსვენებას არ აძლევს აფხაზეთის ომში დაკარგული სხვა მებრძოლების ხვედრიც. მათი მოძიების მიზნით, წლების წინ ნინელი ანდრიაძემ თანამოაზრეებთან ერთად დააარსა ფონდი ”მოლოდინი”, რომლის ერთადერთი მიზანი უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძიება და გადმოსვენებაა. 1996 წელს, ფონდის ინიციატივით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში შეიქმნა უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძიების სახელმწიფო კომისია, რომლის წევრი ალიბაბა ჩადუნელი ამბობს, რომ ომის დასრულების შემდეგ კომისიამ 200-მდე ქართველი და აფხაზი მებრძოლის მოძიება და დასაფლავება შეძლო:

[ალიბაბა ჩადუნელის ხმა] „სულ 800 მეომარია დაკარგული - მშვიდობიანი მოსახლეობის ჩათვლით, 2000-ს აღწევს. აფხაზების მხრიდან 130 ჯარისკაცია დაკარგული.“

უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცებისა და სამოქალაქო პირების მოძიების პროცესი თითქმის მთლიანად შეჩერებულია. კომისიის მუშაობა თბილისსა და სოხუმს შორის ურთიერთობის მორიგმა დაძაბვამ შეაფერხა, თუმცა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს გიორგი ხევიაშვილს საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების იმედი აქვს:

[გიორგი ხევიაშვილის ხმა] ”გავააქტიურეთ მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მე ვფიქრობ, რომ ყოველივე ეს კარგსა და დადებით შედეგს გამოიღებს. პირველ რიგში, ბაბუშერას საფლავიდან გადმოვასვენებთ ჯარისკაცებს და, პარალელურად, აფხაზებს გადავცემთ მათ დაღუპულ მებრძოლებს.“

გიორგი ხევიაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო ვალშია თავის გმირებთან. მინისტრის თქმით, სწორედ მათი - უსაფლავოდ დარჩენილი გმირების - ხსოვნის უკვდავსაყოფად დაიდგა დიღმის ძმათა სასაფლაოზე შინმოუსვლელი მებრძოლის ძეგლი და სწორედ მათ სადიდებლად დაუკრა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრმა საქართველოს ჰიმნი.

[საქართველოს ჰიმნი]

მაგრამ უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა ოჯახის წევრები ხელისუფლებისგან, მორალურის გარდა, მატერიალურ თანადგომასაც მოითხოვენ. თამარ დორეული, რომელმაც აფხაზეთის ომში 29 წლის ვაჟიშვილი დაკარგა, ამბობს, რომ მისი ოჯახი ორმოცლარიანი შემწეობის იმედადაა:

[თამარ დორეულის ხმა] „დაკარგულთა ოჯახებს შეღავათები გვქონდა, მაგრამ ეს შეღავათები აბსოლუტურად მოგვიხსნეს.“

ამგვარი შეჭირვების მიუხედავად, უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების დედები მომავლის იმედს მაინც არ კარგავეენ. ნინელი ანდრიაძის თქმით, ფონდი ”მოლოდინი” თანაბარი გულმოდგინებით ეძებს როგორც ქართველ, ასევე აფხაზ ჯარისკაცებს:

[ნინელი ანდრიაძის ხმა] „მიუხედავად იმისა, რომ ესენი დაპირისპირებულები იყვნენ და, შესაძლოა, ჩვენს შვილებს რომელიმე მათგანმა ესროლა, მაინც ისინი ჩვენთვის ძალიან ძვირფასები არიან. ცუდი პოლიტიკოსების გამო მათ არ უნდა აგონ პასუხი.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG