Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

6 აგვისტოს ინციდენტთან დაკავშირებით საქართველო რუსეთთან პოლიტიკურ ჭიდილს აგრძელებს


საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევასა და სოფელ წითელუბნის დაბომბვასთან დაკავშირებით საქართველომ რუსეთს საინფორმაციო ომი მოუგო,

ახლა უკვე რუსეთთან პოლიტიკური ჭიდილი მიმდინარეობს და ძალიან მნიშვნელოვანია რა შედეგით დასრულდება ეს პროცესი, - ასე ფიქრობს პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის თანამშრომელი. შედეგი უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მომხდარის ადეკვატური შეფასება, - აცხადებენ საქართველოს ხელისუფლებაში, თუმცა იქვე აცნობიერებენ იმასაც, რომ რუსეთი ყველა გზით შეეცდება საერთაშორისო ორგანიზაციებში 6 აგვისტოს ინციდენტზე მსჯელობას თავისთვის სასურველი მიმართულება მისცეს. საამისოდ პირველი ნაბიჯები გადადგმულია: 21 აგვისტოს რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა სცადა საკუთარი კოლეგები დაერმწუნებინა, რომ წითელუბნის დაბომბვაში რუსეთს მონაწილეობა არ მიუღია. არადა, საერთაშორისო ექსპერტთა მეორე ჯგუფის დასკვნა საპირისპიროს ამტკიცებს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენელმა სოფელ წითელუბნის დაბომბვა წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციულ ქმედებად შეაფასა და საქართველო, რუსეთის მიმართ წაყენებული ბრალდებების გამო, რუსეთის პოლიტიკური დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა. ეს 21 აგვისტოს მოხდა. ვიტალი ჩურკინმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბბინაში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე უარყო მოსკოვის კავშირი 6 აგვისტოს ინციდენტთან და ამისთვის რუსი ექსპერტების დასკვნა გამოიყენა. მაგრამ, რუსი სამხედრო ექსპერტების დასკვნის გარდა, არსებობს სხვა დასკვნებიც. 6 აგვისტოს ინციდენტი, ერთმანეთის მიყოლებით, საერთაშორისო ექსპერტთა ორმა ჯგუფმა შეისწავლა. ორივე შემთხვევაში დადასტურდა ის, რაც საქმის შესწავლის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვამდე ჯერ საქართველოში ეუთოს მისიამ აღნიშნა, შემდეგ კი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებმა. მაინც რა წერია საერთაშორისო ექსპერტთა მეორე ჯგუფის დასკვნაში, რომლის შინაარსიც ცნობილი გახდა 21 აგვისტოს? - ამის შესახებ კომენტარი საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს დავით დონდუას ვთხოვეთ:

[დავით დონდუას ხმა] ”საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია თვითმფრინავმა, რომელიც შემოფრინდა რუსეთის მხრიდან. ჩამოაგდო მართვადი რაკეტა საქართველოს ტერიტორიაზე და გაბრუნდა ისევ რუსეთის ტერიტორიაზე. ”

ბრიტანელი, ესტონელი და პოლონელი დამოუკიდებელი ექსპერტებით დაკომპლექტებულმა საერთაშორისო ექსპერტთა მეორე ჯგუფმა პირველი ჯგუფის დასკვნა გადაამოწმა. როგორც პირველ, ასევე მეორე ჯგუფში საგანგებოდ არ იქნენ მიწვეული მხარეთა, ანუ რუსეთისა და საქართველოს, წარმომადგენლები. მეორე ჯგუფის დასკვნის თანახმად, 6 აგვისტოს საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის მხრიდან სამჯერ დაირღვა. ბოლო ორი შემოფრენა, რადარების მონაცემებით, გორის რაიონის მიმართულებით განხორციელდა და რაკეტაც გორის რადარის მიმართულებით, მისგან 10 კილომეტრის დაშორებით, დაეშვა. ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ წითელუბანში ჩამოგდებული რაკეტა რუსული წარმოებისაა და რომ საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენლებს ასეთი რაკეტის გამოყენების შესაძლებლობა არა აქვთ.
”ესაა ფაქტი, დადასტურებული ფაქტი. ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთის ბრალდებებზე პასუხის გაცემას. ვითხოვთ ფაქტზე საერთაშორისო თანამეგობრობის ადეკვატურ რეაგირებას”, - ამბობს დავით დონდუა.
6 აგვისტოს ინციდენტზე უკვე იყო მსჯელობა გაეროს უშიშროების საბჭოში, სადაც ითქვა, რომ უშიშროების საბჭო სოფელ წითელუბნის დაბომბვის ფაქტს ერთხელ კიდევ მიუბრუნდება.

პროცესს, რომელიც 6 აგვისტოს შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობაში დაიწყო, პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე 3 ეტაპად განიხილავს. ამბობს, რომ პირველი - საინფორმაციო - ეტაპი საქართველომ მოიგო:

[არჩილ გეგეშიძის ხმა] ” შემდეგი ეტაპი არის პოლიტიკური ორთაბრძოლის ეტაპი, მომხდარის ადეკვატური შეფასების მიღწევა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას,
ეუთოში მოხდება თუ არა ეს, ან კიდევ, უფრო უკეთესი, გაეროში მოხდება თუ არა ეს. ამისთვის იბრძვის რუსეთი, რომ ეს ეტაპი არ აღსრულდეს..”

მეორე ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, არჩილ გეგეშიძე არ გამორიცხავს, დაიწყოს ლაპარაკი მეგობართა ჯგუფიდან რუსეთის გარიცხვაზე, თუმცა ამას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ფიქრობს, რომ საქართველომ მაინც, საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლით, კონფლიქტების მოწესრიგების პროცესში რუსეთის კონსტრუქციული როლის გამოკვეთა უნდა სცადოს, თუმცა ასეთ მცდელობებს შედეგი აქამდე არ გამოუღია.


XS
SM
MD
LG