Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი როკის გვირაბის მონიტორინგის წინააღმდეგია


მოსკოვი როკის გვირაბის მონიტორინგის წინააღმდეგია.

როკის გვირაბის საერთაშორისო მონიტორინგის იდეის წინააღმდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი გამოვიდა. ძველ იდეას კი მორიგი აქტუალობა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გავრცელებულმა განცხადებამ შესძინა. განცხადება, რომელშიც დაგმობილია 6 აგვისტოს სარაკეტო თავდასხმა საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე, შეიცავს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ეუთოს დამკვირვებელთა გაზრდისა და როკის გვირაბის საერთაშორისო მონიტორინგის მოწოდებასაც.


როკის გვირაბის მონიტორინგის წინააღმდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ტელეკომპანია ”ვესტისთვის” მიცემულ ინტერვიუში გამოვიდა და შეკითხვას, მაინც რატომ არის წინააღმდეგი რუსეთი გვირაბის მონიტორინგისა, უპასუხა: უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ ამ აბსურდული იდეით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გამოვიდაო. საელჩოს მიერ 8 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია :” ჩვენი მოწოდებაა სამხრეთ ოსეთის რეგიონში სწრაფი ტემპით განხორციელდეს ნდობის აღდგენის ღონისძიებები, გაიზარდოს ეუთოს მიერ რეგიონის მონიტორინგი და როკის გვირაბის საერთაშორისო მონიტორინგი. ” ” საინტერესოა, ეს პოზიცია შეესაბამება თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციასო,” - კითხულობს კარასინი. არადა, რუსეთისა და საქართველოს შემაერთებელი გვირაბის საერთაშორისო მონიტორინგის იდეა ძველია და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებს ამ იდეის მხარდამჭერი განცხადებები არაერთხელ გაუკეთებიათ, მათ შორის - შარშან ზაფხულშიც. როკის გვირაბის მონიტორინგის აუცილებლობაზე მაშინ სენატორმა ლუგარმა ილაპარაკა, რასთან დაკავშირებითაც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა განაცხადა:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ”ხომ ხედავთ, ლუგარმა დააყენა საკითხი როკის გვირაბის გაკონტროლების შესახებ, რაც მთავარი საკიხია იმისთვის, რომ კონფლიქტი გადაიჭრას.”

კავკასიონის ქვეშ 3700 მეტრიანი გვირაბი, რომელიც ცხინვალს, ჯავის გავლით, ვლადიკავკაზთან აკავშირებს, დიდი ხანია მსჯელობის საგანია. უკონტროლო გვირაბთან ქართული საბაჟო პუნქტის გახსნის მოთხოვნა საქართველოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების სანაცვლო ერთ-ერთ პირობად გამოჰქონდა. რაც შეეხება მონიტორინგს, მონიტორინგის მოთხოვნას საქართველოს მხარე მუდმივად აყენებდა შერეული საკონტროლო კომისიის სხდომებზე, რეგიონის დემილიტარიზაციისა და ეკონომიკური რეაბილიტაციის საკითხებზე მსჯელობისას. როკის გვირაბის თემა ორივე მიმართულებას უკავშირდება. ერთია, რომ, საქართველოს მხარის მტკიცებით, რუსეთიდან სწორედ ამ გვირაბის გავლით შემოდიოდა და შემოდის შეიარაღება ცხინვალის რეგიონში, მეორე იყო და არის გვირაბის გავლით მოძრაობის ლეგალიზაციის საკითხი. როგორც გოგა ხაინდრავა სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ყოფნისას აღნიშნავდა:

[გოგა ხაინდრავას ხმა] ”რაღაცნაირად ლეგალიზებული უნდა იყოს მოძრაობა. ჩრდილო ოსეთისთვისაც მნიშვნელოვანია ეს გზა, რადგან ეს არის უმოკლესი გზა საქართველოს პორტებამდე და მერე იქიდან - მთელს ევროპაში. ”

საქართველოს პორტებამდე ეს უმოკლესი გზა დღესდღეობით ცხინვალში წყდება. მოსკოვი და მასთან ერთად, რაღა თქმა უნდა, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ამ გზის მონიტორინგის წინააღმდეგია. როკის გვირაბის მონიტორინგის მოწოდებასთან დაკავშირებით, რასაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადება შეიცავს, ედურად კოკოითი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები არ არის მოლაპარაკებათა პროცესის მონაწილე მხარე და, აქედან გამომდინარე, მას არა აქვს უფლება არაკომპეტენტური კომენტარები აკეთოს.




XS
SM
MD
LG