Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხოსე კარერასი


სახელგანთქმული სამი ტენორიდან ერთ-ერთი, ხოსე კარერასი, ჩემი ყველაზე საყვარელი თანამედროვე საოპერო მომღერალია. ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ მას პლაჩიდო დომინგოსა და ლუჩანო პავაროტიზე მაღლა ვაყენებ. სიყვარული სხვა რამეა. სხვათა შორის, თვითონ კარერასს არ სწყინს, როცა პრესაში პავაროტისა და დომინგოს დიდ ტენორებად მოიხსენიებენ, მას კი მხოლოდ კარგი მომღერლის სტატუსი ერგო. დღევანდელი გადაცემის მომზადება, გარკვეულწილად, მუსიკალურ მაღაზიებში იმ ვიდეოჩანაწერის გამოჩენამ განაპირობა, სადაც კარერასი პოპულარულ იტალიურ და ესპანურ სიმღერებს მღერის. “თუ შეგიძლია არ იყო არტისტი, ნუ იქნები” - მომღერლის საყვარელი ანდაზაა. ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორს, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერს, რომლის დისკოგრაფია 150-ზე მეტ ოქროსა და პლატინის დისკს შეიცავს, მომღერლობა ბავშვობიდან წინასწარმოხაზული ჰქონია. 5 წლის ბიჭუნა მშობლებმა კინოთეატრში ფილმზე “დიდი კარუზო” წაიყვანეს. კინოსურათმა ბავშვზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მოსმენილ საოპერო არიებს პატარა ხოსე დღე და ღამე მღეროდა. როცა მისი სიმღერით შეწუხებული მშობლები სთხოვდნენ შვილს ცოტახნით მაინც შეესვენა, ის სააბაზანოში იკეტებოდა, უშვებდა წყალს და განაგრძობდა სიმღერას. ბოლოს და ბოლოს, დედამისი იძულებული გახდა ბიჭი ვოკალის მასწავლებელთან მიეყვანა. ასე მოიპოვა ესპანეთმა მომავალი სახელგანთქმული ტენორი. 41 წლის ასაკში ექიმებმა კარერასს საშინელი დიაგნოზი, სისხლის გათეთრება, დაუსვეს. მსგავს შემთხვევაში ზოგჯერ ძვლის ტვინის გადანერგვა შველის, თუმცა სიცოცხლის გადარჩენის შანსი ერთი ათთან განისაზღვრება. მომღერლის სიცოცხლის გადასარჩენად ექიმებმა 13 თვის მანძილზე იბრძოლეს. უნიკალური სამედიცინო დანადგარების გამოყენებით მოხერხდა ტვინის უჯრედებიდან სიმსივნური უჯრედების მოშორება. მძიმე წამლებმა და ქიმიოთერაპიამ მომღერლის სახეს ნორმალური, ჯანმრთელი ფერი სამუდამოდ გაუქრო. თუმცა სიცოცხლისადმი სიყვარული კარერასს არ დაუკარგავს. ოპერაციიდან უკვე წელიწად-ნახევრის შემდეგ მან კონცერტი გამართა. კონცერტის ბილეთები ელვის სისწრაფით გაიყიდა. კიდევ რამდენიმე წლის შემდეგ ის კლასიკური მუსიკის ისტორიაში ყველაზე წარმატებული პროექტის, “სამი ტენორის”, თანაავტორი გახდა. ამ ციკლის პირველი კონცერტი ეიფელის კოშკის ქვეშ გაიმართა და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის პარიზულ ფინალს მიეძღვნა. კონცერტი რამდენიმე საათი გაგრძელდა, მხოლოდ ორკესტრისNნოტების წონამ 22 კილოგრამი შეადგინა. არ დაგვავიწყდეს, კარერასიც, პავაროტიც და დომინგოც ფეხბურთის ფანატიკური გულშემატკივრები არიან.

ხოსე კარერასმა ლეიკემიასთან ბრძოლის საერთაშორისო ფონდი და ძვლის ტვინის კვლევის ესპანური ასოციაცია დააარსა. დღესაც თავისი ჰონორარების ერთ მესამედს ის ამ ორგანიზაციებს ურიცხავს. მომღერალი არც ერთი წუთით არ ივიწყებს იმ ფინანსურ დახმარებას, რაც გაჭირვების ჟამს მას მონსერატ კაბალიემ, ლუჩანო პავაროტიმ და პლაჩიდო დომინგომ გაუწიეს. ის აგრეთვე ამბობს, რომ ავადმყოფობის ყველაზე მძიმე მომენტები მას რახმანინოვის მუსიკამ გადაატანინა. ამჟამად, გარდა საოპერო რეპერტუარისა, კარერასი ხშირად ნეაპოლიტანურ, ესპანურ და თანამედროვე საესტრადო სიმღერებს ასრულებს. აი, რას ამბობს თვითონ მომღერალი: “მე ვარ ასი პროცენტით ხმელთაშუაზღვის მკვიდრი ბინადარი, ბარსელონაში დაბადებული ასპროცენტიანი კატალონიელი. სამხრეთის ქვეყნების მუსიკა ჩემი ბინადრობის არეალია. სიმღერა კატალონიურ, ესპანურ, იტალიურ ენაზე ჩემთვის უფრო ადვილია, ვიდრე ინგლისურად ან გერმანულად. ეს ისევე ბუნებრივია, როგორც ჩემი ფინჯანი ჩაი.”

კარერასის შემოქმედებითი პორტრეტი არამუსიკალური შტრიხით მინდა დავასრულო. ცნობილი მომღერალი საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” თავგამოდებული გულშემატკივარია. დომინგო და პავაროტისთან, რომლებიც სხვა გუნდებს გულშემატკივრობენ, მას ამის გამო მუდმივი კონფლიქტი აქვს. თუმცა ნამდვილ მეგობრობას ეს ხელს სულაც არ უშლის.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG