Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უშლის ხელს აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგებასთან დაკავშირებით დიალოგის დაწყებას?


თბილისსა და სოხუმს დიალოგის განახლებას მარტო საერთაშორისო ორგანიზაციები არ მოუწოდებენ.

აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით მხარეთა შორის დიალოგის აღდგენის აუცილებლობას აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებიც აღნიშნავენ. მათი ეს პოზიცია ახლახან ლონდონში ბრიტანული ორგანიზაციის -”შერიგების რესურსების” - მიერ ჩატარებულ შეხვედრაზეც გამოიკვეთა. შეხვედრაში საქართველოს მხრიდან რამდენიმე ადამიანი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის, პარლამენტის ყოფილი წევრი და სამართალმცოდნე ვახტანგ ხმალაძეც. სწორედ მან გაამახვილა ყურადღება ჩვენთან საუბრისას დიალოგის განახლებასთან დაკავშირებით ენგურს იქითა საქართველოში არსებულ მოთხოვნაზე. ვახტანგ ხმალაძე ხაზგასმით შენიშნავს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრებზე ასეთ მოთხოვნას ადრე უფრო საქართველოს წარმომადგენლები აყენებდნენ:

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] ”ქართული მხარის პოზიცია ყოველთვის ასეთი იყო და აფხაზური მხარის არ იყო ასეთი. ახლა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა როგორც საქართველოს, ისე აფხაზთა მხარემ, რომ აუცილებელია დიალოგი. აუცილებელია ვუთხრათ ჩვენ-ჩვენს ხელისუფლებებს, კეთილი ინებონ და დასხნენ მაგიდასთან სალაპარაკოდ.”

დიალოგის აუცილებლობასთან დაკაშირებით ქართველების და აფხაზების ერთიანი პოზიცია, როგორც უკვე ვთქვით, ლონდონში ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამართულ შეხვედრაზე გამოიკვეთა.
”შერიგების რესურსების” ხელშეწყობით, ეს იყო აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის გზების ძიებისთვის გამართული რიგით მეოცე არაფორმალური შეხვედრა. 27 ივლისიდან მოყოლებული, 30 ივლისის ჩათვლით, ლონდონში ქართველებმა და აფხაზებმა სცადეს ერთად განეხილათ და გაეანალიზებინათ აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებული მოსაზრებები და ერთად ეძებნათ გამოსავალი. ის, რასაც ვერ ახერხებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ( ვგულისხმობთ დიალოგს),
არაფორმალურ დონეზე მოხერხდა. ლონდონში საქართველოს დელეგაციას წარმოადგენდნენ: ვახტანგ ხმალაძე, მასთან ერთად, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, პარლამენტის წევრები ირაკლი იაშვილი, გურამ ვახტანგაშვილი და სხვები. სოხუმის პოზიციას აფხაზი პოლიტოლოგები და საზოგადოების წარმომადგენლები იცავდნენ, მათ შორის: დაურ არშბა, მანანა გურგულია, ბესლან ჯოლუა, ვიაჩესლავ ცუგბა და სხვები. პრინციპულ საკითხზე მხარეების პოზიცია ურთიერთსაწინააღმდეგო იყო და ასევე დარჩა.. ქართველები აცხადებდნენ, რომ აფხაზეთის პრობლემა მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს ერთიანი საქართველოს ფარგლებში, აფხაზები ხაზგასმით შენიშნავდნენ, რომ აფხაზეთი უკვე არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და მისი ურთიერთობა საქართველოსთან იქნება მხოლოდ და მხოლოდ ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოსთან. ვახტან ხმალაძეს ვკითხეთ, ასეთი პოზიციების არსებობის პირობებში, ლონდონში ჩასულმა აფხაზებმა რა მიმართულებით დაინახეს საქართველოსთან დიალოგის დაწყებისა და განვითარების აზრი. ”ყველაზე თვალნათელი არის ის, რომ მათ აქვთ დიდი უნდობლობა ქართველებისა და საქართველოს მიმართ,” - იყო პასუხი

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] ”ნდობის გარეშე შეუძლებელი იქნება საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტა. ნდობისთვის კი აუცილებელია ურთიერთობა, ურთიერთობა კი ყველაზე ადვილად გამოდის ეკონომიკის სფეროში. ”

”აუცილებელია დიალოგი და ურთიერთობა, ამ ეტაპზე - ეკონომიკის სფეროში” - ვახტანგ ხმალაძის თქმით, ეს მთავარი მოთხოვნა გამოიკვეთა ლონდონში გამართულ შეხვედრაზე. ხმალაძე ამბობს იმასაც, რომ აფხაზებთან ურთიერთობაში ჩანდა რუსეთის მიმართ იმედგაცრუებაც. თუმცა არსებობს აზრი, რომ დღევანდელ აფხაზეთში გადაწყვეტილებებს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის კარნახით და რუსეთის გავლენით იღებენ. ”ჩვენ ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს საქართველოსთან, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ მოლაპარაკებებს ჯვარი დაესვა. საქართველოს მოლაპარაკება არ შეუძლია,” - აცხადებს დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში. ის არ აპირებს დიალოგზე წასვლას მანამ, სანამ საქართველო არ დათანხმდება თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე და კოდორის ხეობიდან არ გაიყვანს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს.

ორ კვირაში შესრულდება 15 წელი აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან. ვის სასარგებლოდ მუშაობს დრო, რომელმაც ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობა ვერ აღადგინა? ამ შეკითხვასაც სხვადასხვა პასუხი აქვს, თუმცა, ცხადია, რომ ამ დრომ აფხაზეთის მოსახლეობას საკუთარი მომავლის კონტურები
ვერ გამოუკვეთა, ვერ გამოუკვეთა ვერც აფხაზეთიდან განდევნილებსა და ვერც იქ დარჩენილებს.
XS
SM
MD
LG