Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივნის ბოლო მოხსენება და მასთან დაკავშირებული ვნებათაღელვა


რამდენიმე დღეში, 26 ივლისს, გაეროს უშიშროების საბჭო განიხილავს გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის შუალედურ მოხსენებას

აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მდგომარეობის შესახებ. გენერალური მდივნის 13 გვერდიანი მოხსენება გაეროს ვებგვერდზე დევს და მისი წაკითხვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. მოხსენებაში ნამდვილად მოიძებნება საქართველოს მხარისთვის არცთუ სასიამოვნო მითითებები, თუმცა საქართველოს ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ არ ღირს ამ მითითებებზე ყურადღების განსაკუთრებით გამახვილება. მინდა გესაუბროთ იმ ვნებათაღელვაზე, რომელიც საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის მოხსენების შინაარსის გახმაურებას მოჰყვა.

”გაეროს უშიშროების საბჭოს არაერთი რეზოლუცია მიუღია, გენერალურ მდივანს არაერთი მოხსენება გაუკეთებია... ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ,” - ასეთი რეაქცია აქვს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს კოტე გაბაშვილს გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის შუალედურ მოხსენებაში საქართველოს მიმართ გამოთქმულ ერთ შენიშვნაზე. აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში არსებული მდგომარეობის შესახებ შუალედურ მოხსენებაში ბან კი მუნი საქართველოს მოუწოდებს უსაფრთხოების
ზონიდან - კერძოდ, სოფელ განმუხურიდან - გაიწვიოს პატრიოტთა ბანაკი.
” მხარეებმა არ უნდა გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებსაც შეიძლება მოჰყევს სამხედრო დაპირისპირების განახლება. თუმცა სოფელ განმუხურში, ახალგაზრდულ - პატრიოტულ ბანაკში, ვითარება იყო წყნარი დღიდან მისი გახსნისა, კულტურული ღონისძიებები ახალგაზრდებისთვის უნდა ჩატარდეს ისე, რომ არ გამოიწვიოს მცდარი შეფასებები და ძალადობა,” - ასე ხსნის გაეროს გენერალური მდივანი თავის შენიშვნას და მასზე დართულ მოწოდებას. მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დათანხმდება გალის რაიონის მოსაზღვრე სოფელ განმუხურში სრულიად მშვიდობიანი ახალგაზრდული ბანაკის დაშლაზე:

[გიგა ბოკერიას ხმა] ”ჩვენთვის მიუღებელია საკითხის ასე დასმა, ალოგიკურია, უსამართლო და გაუგებარი. ჩვენ ვლაპარაკობთ კონფლიქტზე, როცა 300 000 ადამიანი სწორედ ამ ნიშნით იქნა გამოძევებული აფხაზეთიდან, კონფლიქტზე, როცა დე ფაქტო ხელისუფლება ცალსახა უარს ამბობს მშვიდობიან მოლაპარაკებაზე, გალის რაიონში კი აგრძელებს ეთნიკური ნიშნით ადამიანების რეპრესიებს. ასეთ ფონზე ლაპარაკი იმაზე, რომ სრულიად მშვიდობიანი ახალგაზრდული ბანაკი არის პრობლემა, მიუღებელია. კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის საკითხის ასე დაყენება.”

”ბან კი მუნის მოხსენება არ არის საბოლოო, არის შუალედური, მასზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს კოლეგებთან,” - ამბობს გიგა ბოკერია... მისი კოლეგა კოტე გაბაშვილი ფიქრობს, რომ განმუხურის პატრიოტთა ბანაკთან დაკავშირებით გაეროს გენერალური მდივნის შენიშვნის მიღმა შეიძლება გაეროში რუსეთის გავლენა დავინახოთ. კოტე გაბაშვილი ფიქრობს, რომ შენიშვნა ამ გავლენის შედეგი უნდა იყოს:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ”უნდა გითხრათ, რომ ეს არის ტიპიური შემთხვევა, როცა რუსეთმა მოახერხა პწკენა საქართველოსი, აი, ამ საშუალებით. ”


საქართველოში ყველა არ ფიქრობს, რომ შუალედურ მოხსენებაში ბან კი მუნმა პატრიოტთა ბანაკზე არასწორად გააკეთა აქცენტი. ”გენერალურმა მდივანმა საქართველოს სწორი შენიშვნა მისცა. მე ვიყავი პირველი, ვინც განმუხურში პატრიოტული ბანაკის გახსნა გააპროტესტა,” - თქვა 24 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა. ”სოფელ განმუხურში ქართველი ახალგაზრდების, პატრიოტთა ბანაკის ადგილი არ არის, ” - ფიქრობს ის. ამ ბანაკში კი დღეისთვის საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 500 -ზე მეტი მოზარდია ჩასული. გალის რაიონის მოსაზღვრე სოფელში ახალგაზრდების პატრიოტული ბანაკი 26 მაისს გაიხსნა დევიზით - ” ძალადობაზე ჩვენი პასუხი არის მშვიდობა და მეგობრობა. ” განმუხურის პატრიოტთა ბანაკი 23 ივლისს მოინახულეს პარლამენტის
წევრებმა, ნინო ბურჯანაძის მეთაურობით. გაეროს გენერალური მდივნის მოწოდების მიუხედავად, როგორც ჩანს, ეს ბანაკი არ დაიშლება. აქვე ვიტყვით იმასაც, რომ განმუხურის პატრიოტთა ბანაკის დაშლის მოწოდება მაინც არ არის მთავარი გაეროს გენერალური მდივნის შუალედურ მოხსენებაში. მასში ნათქვამია, რომ საქართველომ და აფხაზეთმა ვერ გაამართლეს მოლაპარაკებების განახლებასთნ დაკავშირებული მოლოდინი. გენერალური მდივანი მოუწოდებს მხარეებს განაახლონ დიალოგი და დაიწყონ მუშაობა დევნილთა დაბრუნების დოკუმენტზე.
XS
SM
MD
LG