Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირის მიმოხილვა


რას ფიქრობენ ქართველი ექსპერტები და პოლიტიკოსები

ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულებიდან რუსეთის გამოსვლის თაობაზე და მოახდენს თუ არა გავლენას ეს ფაქტი საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანის პროცესზე? რატომ დაინიშნა დავით ბაქრაძე კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრად და რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს სამხრეთ ოსეთის სტატუსის თაობაზე დროებით ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების დაწყებას? - გასული კვირის პოლიტიკური მოვლენების შეჯამებისას ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხების მოძებნას შევეცადე.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სინანული გამოთქვა რუსეთის მიერ ”ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების” შეჩერების გამო; ამას გარდა, დადებითად შეაფასა ზემო აფხაზეთის დაბომბვის ფაქტთან დაკავშირებით ერთობლივი ჯგუფის დასკვნა - დასკვნა, რომლის ავტორებმაც დაადასტურეს 2007 წლის მარტში ზემო აფხაზეთის დაბომბვისას რუსული წარმოების რეაქტიული ჭურვების გამოყენება ... რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს დამკვირვებელთა დასკვნას არ შეეპუა და გაიმეორა, 2007 წლის მარტში ზემო აფხაზეთის დაბომბვა მხოლოდ საქართველოს აძლევდა ხელსო ... რუსეთის საგარეო უწყების ამ განცხადებამ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გააკვირვა... მათი ნაწილი სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსასაზღვრად შექმნილი კომისიის მუშაობაში ჩაერთო, კომისიას სათავეში პრემიერ-მინისტრი ნოღაიდელი ჩაუდგა. ”ამოშალეთ თავებიდან ტერმინი ”ოსური მხარე და ქართული მხარე”! ოსური მხარე თუკი არსებობს, ეს არის დროებითი ადმინისტრაცია, ” - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა. მანვე მთავრობაში საინტერესო საკადრო ცვლილება განახორციელა... დროებითი ადმინისტრაციის ფორმირების პროცესში აქტიურად ჩართული დავით ბაქრაძე კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრად დანიშნა, მერაბ ანთაძე კი, მისი წინამორბედი ამ პოსტზე, ღირსების ორდენით დააჯილდოვა და საგარეო საქმეთა სამინისტროში დააბრუნა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე სამუშაოდ. რუსეთის საკონსულომ საქართველოში საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაცემა განაახლა იმ იმედით, რომ ასეთ კეთილ ნაბიჯს საქართველო თანმხვედრი კეთილი ნაბიჯით უპასუხებს - ნაბიჯით, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას წაადგება.. ვიზების გაცემის დაწყების სანაცვლოდ მაინც რა კეთილ ნაბიჯს ითხოვს რუსეთი საქართველოსგან, გაუგებარი დარჩა. - ეს ყველაფერი გასულ კვირაში მოხდა... მთავარი გასულ კვირაში იყო შეშფოთება, რაც რუსეთის მხრიდან ”ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების” შეჩერებას მოჰყვა. ”ეს არ იყო ცალსახად რუსეთის პასუხი ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების შესახებ გადაწყვეტილებაზე ან ნატოს გაფართოებაზე. ერთიც და მეორეც ზედაპირზე მოტივტივე მიზეზია. არსებობს უფრო ღრმა მიზეზი,” - თქვა რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში პოლიტოლოგმა თემურ იაკობაშვილმა და ნათქვამს დასძინა:

[თემურ იაკობაშვილის ხმა] ”რუსეთის ეს ნაბიჯი უნდა განვიხილოთ კომპლექსში იმ ნაბიჯებთან, რომლებსაც ის ახორციელებს. საერთო ჯამში, ეს არის სტატუს-კვოს შეცვლა. რუსეთს მიაჩნია, რომ მან უნდა დაიბრუნოს და განიმტკიცოს მსოფლიოს დიდი მოთამაშის იმიჯი.”(სტილი დაცულია)

”შესწევს თუ არა საამისო ძალა, ფაქტია, რომ რუსეთი სტატუს-კვოს ანგრევს და ცდილობს ისეთი ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნას, სადაც თავად იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე. დღეს ომები ნაკლებად მიმდინარეობს ტანკებით, ომმა ახალი გამოსახულებები შეიძინა, მათ შორის - სახელმწიფო ტერორის სახეც. ამდენად, რომელ ქვეყანაში რამდენი ერთეულით მეტი ან ნაკლები ტანკი ეყოლება რუსეთს, ეს არ არის მთავარი. მთავარია, რომ რუსეთი ახალი მსოფლიო წესრიგის განსაზღვრისთვის მოქმედებს,” - ასე ფიქრობს პოლიტოლოგი თემურ იაკობაშვილი.

”ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებას” 1999 წლის ნოემბერში სტამბულში, ეუთოს სამიტზე, მოეწერა ხელი. ხელშეკრულებას მაშინ 30 სახელმწიფო შეუერთდა, რუსეთის ჩათვლით. ”ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების” გაფორმებას საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. სწორედ ამ ხელშეკრულებამ შექმნა საერთაშორისო საფუძველი საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო კონტინგენტის შემცირებისა და საბოლოოდ მისი გაყვანის პროცესის დასაწყებად. ხელშეკრულებას თან დაერთო რუსეთისა და საქართველოს ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, რუსეთმა აიღო ვალდებულება შეემცირებინა საქართველოში თავისი ჩვეულებრივი შეიარაღება ადაპტირებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ კვოტებში. გავიდა დრო და რუსეთის მიერ ”ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების” შეჩერებასთან დაკავშირებით საქართველოს ექს-საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთის გადაწყვეტილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესზე. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა რურუა ამ აზრს არ ეთანხმება:

[ ნიკა რურუას ხმა] ”სტამბულში რუსეთმა იკისრა ვალდებულება, რომ გაიყვანდა ჯარებს, მაგრამ იქ არ იყო მითითებული ვადები და თანმიმდევრობა. ამისთვის ცალკე გაფორმდა შეთანხმება საქართველოსა და რუსეთს შორის. ამ შეთანხმებას სტამბულთან კავშირი აღარ აქვს. რუსეთს ძალიან რომ უნდოდეს, ამას ვერ მიაბამს სტამბულს და რომ მოინდომოს, შესაძლებლობა, რომ ჯარები არ გაიყვანოს, არა აქვს.” (სტილი დაცულია)

”ახალქალაქიდან იარაღი გავიდა, ბათუმში ძალიან ცოტა ტექნიკა და პერსონალი რჩება, თბილისში ვაზიანის ბაზა დაიშალა,” - ამბობს ნიკა რურუა და დასძენს : ერთადერთი რჩება გუდაუთის ბაზა, რომელთან დაკავშირებითაც რუსეთი ირწმუნება, რომ ვალდებულება შეასრულა, ამავდროულად კი, უარს ამბობს მონიტორინგზე. საქართველოს გუდაუთის ბაზასთან დაკავშირებით რუსეთის მიერ ვალდებულების შესრულების არ სჯერა და ითხოვს ბაზასთან მისასვლელი საფრენი ბილიკების ლიკვიდაციას, რადგან, ამ ბილიკების არსებობის პირობებში, თუნდაც დაშლილი ბაზის აღდგენა 2-3 დღეში შეიძლება.

გუდაუთის ბაზასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები რუსეთთან დუნედ მიდის...
პროცესის გააქტიურება მარტო საქართველოზე არ არის დამოკიდებული. საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს იმაზე, რომ კონფლიქტების მოწესრიგების პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციები და წამყვანი სახელმწიფოები გაცილებით აქტიურად ჩაერთონ... ამასთან, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემათაგან ამ ეტაპზე ერთ-ერთის გარშემო ახდენს ყურადღების კონცენტრაციას. სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსასაზღვრად შეიქმნა სპეციალური კომისია. რთულ საკითხებზე - მათ შორის, სტატუსის საკითხზე - სამუშაოდ კომისიაში მიიწვიეს როგორც დე ფაქტო ხელისუფლების, ისე დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მიწვევა მარტო დროებითმა ადმინისტრაციამ მიიღო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოთქვა იმედი, რომ კომისია თავისი მუშაობით დააჩქარებს კონფლიქტის პოლიტიკურ გადაწყვეტას, მაგრამ ასეთი იმედი ყველას არა აქვს. ”ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენლებმა უარი თქვეს მონაწილეობა მიიღონ ახლად შექმნილი კომისიის მუშაობაში, ხოლო თუ რატომ, ამას ფიქრია ჩიხრაძე ასე განმარტავს:

[ ფიქრია ჩიხრაძის ხმა] ” ცოტა არასერიოზულ სახეს იძენს. სანაკოევი უკვე არის სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენელი. ცოტა ისეთ რამეს ემსგავსება, მსჯელობა გურიის ან კახეთის გუბერნატორთან ერთად რომ დაიწყოს.. ” (სტილი დაცულია)

მსჯელობა უნდა დაიწყოს არა მარტო დე ფაქტო ხელისუფლებებთან ერთად, არამედ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან ერთადაც, - ფიქრობს კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს ახალი სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე. პრეზიდენტმა ახალ თანამდებობაზე ის საზოგადოებას 21 ივლისს წარუდგინა. ” ბაქრაძეს აქვს კარგი კონტაქტები საერთაშორისო ორგანიზაციებში და კარგი პოლიტიკური გამოცდილება, ” - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ის ფიქრობს, რომ დგება კონფლიქტების მოწესრიგების საქმეში საერთაშორისო საზოგადოების გაცილებით უფრო აქტიურად ჩართვის დრო. ასე რომ, ვნახოთ, რამდენად შეძლებს დავით ბაქრაძე ამ მიმართულებით დროის აჩქარებას. მისი მთავარი ამოცანა ახალ პოსტზე, როგორც ჩანს, სწორედ ეს არის.


XS
SM
MD
LG