Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოტა ხანში საქართველოში ძალაში შევა კანონი ქონების ლეგალიზების შესახებ


ცოტა ხანში საქართველოში ძალაში შევა კანონი ქონების ლეგალიზების შესახებ. კანონი საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო 22 ივნისს.

პლენარულ სხდომაზე განიმარტა, რომ ”ქონების ლეგალიზების შესახებ” კანონი მიღებიდან 15 დღეში შევა ძალაში.

ახალი კანონის ამოქმედებისთანავე ლეგალიზებულად ჩაითვლება 2007 წლის 1 აპრილამდე სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ნებისმიერ ქონებაზე განხორციელებული საკუთრება, აგრეთვე საკუთრების შეძენა თუ საკუთრების შეძენის საფუძველი. ქონების ლეგალიზების ახალი ნორმა არ გავრცელდება მხოლოდ იმ ქონებაზე, რომლის გამოც ადმინისტრაციული სამართალწარმოება ან სამართლებრივი დავა მიმდინარეობს.

კანონი ქონების ლეგალიზების შესახებ პარლამენტმა, როგორც უკვე ვთქვით, 22 ივნისს მიიღო. კენჭისყრამდე შესაბამისი კანონპროექტი დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი ქიტოშვილმა გააცნო. მან 22 ივნისს პარლამენტს დასამტკიცებლად პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა. ინიციატივა 132 ხმით 5-ის წინააღმდეგ იქნა მხარდაჭერილი. ასე რომ, საქართველოში ამნისტია ცხადდება 2007 წლის აპრილამდე სახელმწიფოს მიერ კერძო მფლობელობაში გადაცემულ საკუთრებასა ან პრივატიზებულ ქონებაზე.

[ლევან ბეჟაშვილის ხმა] ”შეიძლება ეს კანონიერი მფლობელობა ან პრივატიზაცია ყოფილიყო კანონდარღვევებით, მაგრამ ამ შემთხვევაში სახელმწიფომ მისცა მესაკუთრეებს საშუალება ქონების ლეგალიზების.. ”

ამბობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი და ნათქვამს დასძენს, რომ კანონის ძალაში შესვლის დღიდან მესაკუთრეებს, რომლებსაც საკუთრება, შესაძლოა, კანონდარღვევით ჰქონდათ შეძენილი, სახელმწიფო ამ ქონებას ვეღარ შეედავება, არავის ექნება უფლება გამოძიების დაწყების, მით უფრო, ქონების ჩამორთმევის, ისე, როგორც ეს აქამდე არაერთხელ მომხდარა. 2007 წლის 1 აპრილამდე შეძენილი ან პრივატიზებული ქონების მეპატრონეები უკვე მშვიდად უნდა იყვნენ, იმათ გარდა, ვის ქონებასთან დაკავშირებითაც ხორციელდება ადმინისტრაციული სამართალწარმოება ან მიმდინარეობს სასამართლო დავა. სწორედ ამ დათქმის გამო გახდა მიუღებელი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივა . ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” ერთ-ერთი წარმომადგენელი, ზვიად ძიძიგური, ამბობს, რომ, ახალი კანონის თანახმად, ქონების ლეგალიზაცია შერჩევითი მიდგომით განხორციელდება.. ვისაც უკვე წაართვეს ქონება, მისი უფლება ამ ქონებაზე აღარ აღდგება:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] ”ვისაც რიყეზე წაართვეს, ვისაც აბანოთუბანში წაართვეს ამ ნეობოლშევიკებმა, იმათ არ შეეხო. ამაშია ამ კანონის ნაკლი.”

ამას გარდა, ძიძიგური დარწმუნებულია, რომ ახალი კანონი ჩაგრავს ადამიანებს, რომელთა ქონების ლეგალიზაციაც მოხდებოდა, მათ ქონებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება ან სასამართლო დავა რომ არ დაწყებულიყო:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] ”სასამართლო დავები სადაც მიდის, დარწმუნებულები იყავით, რომ ყველგან მოიგებს სასამართლო.”

ასე ფიქრობს საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ზვიად ძიძიგური. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ”ქონების ლეგალიზების შესახებ”. ის ძალაში 15 დღეში უნდა შევიდეს.
XS
SM
MD
LG