Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

13 წელი აფხაზეთში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამშვიდობო კონტინგენტის შეყვანიდან


ზუსტად 13 წლის წინ, 1994 წლის 21 ივნისს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კოლექტიური სამშვიდობო ძალების სახელით, ქართველებსა და აფხაზებს შორის რუსეთის ჯარი ჩადგა.


აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო მისიის ყოფნა ოფიციალურად ოდნავ მოგვიანებით, აგვისტოში, გაფორმდა. შესაბამის დოკუმენტს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურებმა მოაწერეს ხელი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აფხაზეთში სამშვიდობო ძალები განლაგდნენ აფხაზებისა და ქართველების მოთხოვნით. გავიდა 13 წელი და საქართველოს მხარეს ჯერ კიდევ ვერ მიუკვლევია არაეფექტიანი სამშვიდობო ძალების სხვა ძალებით ჩანაცვლების მექანიზმისთვის, თუმცა საამისოდ ბოლო წლებში მუშაობა აქტიურად მიდის.

სამშვიდობო ძალები აფხაზეთში 6 თვით განთავსდნენ, თუმცა მათ მანდატი ყოველ 6 თვეში უგრძელდებოდათ. 1994 წლის ივნისიდან მოყოლებული, ამ ძალებს ეკისრებოდათ და ეკისრებათ პასუხისმგებლობა: ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის წარმოებაზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და კანონიერი დაბრუნების ხელშემწყობი პირობების შექმნაზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კოლექტიური სამშვიდობო კონტინგენტის სახელით, რუსეთის ჯარი ქართველებსა და აფხაზებს შორის 1994 წლის ივნისში ჩადგა, ამის შემდეგ კი იყო აფხაზთა ბევრი სადამსჯელო ოპერაცია, მათ შორის ყველაზე სასტიკი და მასშტაბური: 1994 წლის სექტემბერსა და დეკემბერში, 1997 წლის იანვარში, 1998 წლის მარტში, აპრილსა და მაისში. არსებობს დამადასტურებელი ფაქტები იმისა, აფხაზ სეპარატისტებს და მათ მიერ დაქირავებულ მებრძოლებს როგორ ედგნენ მხარში სამშვიდობო ძალები, იმავე საბრძოლო ტექნიკით, ქართველთა სადამსჯელო ოპერაციებისას. 1994 წლის ივნისიდან მოყოლებული, არაეფექტიანი და, ხშირ შემთხვევაში, არათუ მშვიდობის, ძალადობის ხელშემწყობი სამშვიდობო მისიის არსებობის პირობებში, აფხაზეთის ტერიტორიაზე დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი ქართველი ...

აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების ქმედებებს საქართველოს ხელისუფლება
მუდმივად აპროტესტებდა, პარალელურად კი ეძებდა გზებს არაეფექტიანი სამშვიდობო ძალების სხვა ძალებით ჩასანაცვლებლად. ამ მიმართულებით ადრინდელზე ენერგიული ქმედებები ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ დაიწყო..

[ ნინო ბურჯანაძის ხმა] ”საქართველო ვერ იქნება მუდმივად მოლოდინის პოზაში, ვერ გაახანგრძლივებს გაყინული კონფლიქტების არსებობას. ამიტომ პარლამენტი მიმართავს მთავრობას ადეკვატური ზომების მიღების მოთხოვნით.”

ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის 2006 წლის განცხადება, რომელიც პარლამენტში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ოპერაციის მიმდინარეობის შეფასებისას გაკეთდა. რამდენიმე თვეში, 2006 წლის ივლისში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც საქართველოს მთავრობას დაავალა დაეწყო შესაბამისი პროცედურები საქართველოს კონფლიქტის ზონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში - სამშვიდობო ოპერაციების შეწყვეტის თაობაზე. პროცედურებში იგულისხმებოდა მუშაობის დაწყება სამშვიდობო ფორმატის შეცვლაზე და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ყოფილ ავტონომიურ ოლქში საერთაშორისო საპოლიციო ძალების განლაგებაზე.
ცოტა ხანში წელიწადი შესრულდება დადგენილების მიღებიდან... რატომ არ არის ჯერ თვალსაჩინო მუშაობის შედეგები და რატომ კანონგარეშედ არ აცხადებს საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალებს? ეს შეკითხვა ცოტა ხნის წინ პარლამენტში ” ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომიისიის ” თავმჯდომარეს შოთა მალაშხიას დაუსვეს, როცა ის პარლამენტის წინაშე საანგარიშო მოხსენებით წარდგა.

[შოთა მალაშხიას ხმა] ”დღესაც , მარტში, გაერომ ასევე დადებით კონტექსტში მოიხსენია აფხაზეთში სამშვიდობო ძალები. ეს არის რეალობა და ჩვენ ვერ ამოვვარდებით ამ რეალობიდან ისე, რომ ჩვენი საერთაშორისო მხარდაჭერა ნულამდე დავიყვანოთ.”

მალაშხიამ თქვა, რომ არსებობს სამშვიდობო ძალების ჩანაცვლების კონკრეტული წინადადებები, მიმდინარეობს მუშაობა ფორმატის შეცვლის კონკრეტულ მიმართულებებზე. ეს არის, რომ წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემების ერთბაშად გადაჭრა შეუძლებელია.

ამ ორიოდე დღის წინ სუამის კონფლიქტების მოგვარების პროცესში სუამის ქვეყნების სამშვიდობო რესურსის გამოყენების თემა უნდა განხილულიყო ბაქოში, ლიდერების შეხვედრაზე. მაგრამ ნებისმიერი ახალი რესურსის ამოქმედებას გაეროს მანდატი სჭირდება. გაეროს მანდატით კი აფხაზეთში ჯერჯერობით რუსეთის ჯარი დგას, თანამეგობრობის კოლექტიური სამშვიდობო ძალების სახელით.
XS
SM
MD
LG