Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად არის ახალი ეტაპის დასაწყისი საფრანგეთისა და საქართველოს ურთიერთობაში საფრანგეთის პრეზიდენტად ნიკოლა სარკოზის არჩევა


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით. საფრანგეთის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან ოფიციალური

შეხვედრა მას სამშაბათს, 12 ივნისს, უნდა ჰქონოდა.
საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს თბილისში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, რადგან საქართველოს სჭირდება ამ ქვეყნის მხარდაჭერა, პირველ რიგში, ნატოში ინტეგრაციის გზაზე და, მიიჩნევა, რომ ნიკოლა სარკოზის გაპრეზიდენტება ახალ იმპულსებს შესძენს საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობას. ამ ურთიერთობებში ახალ პერსპექტივებზე საუბრისას ბევრი მიხეილ სააკაშვილისა და ნიკოლა სარკოზის მეგობრულ ურთიერთობაზე ამახვილებს ყურადღებას.


მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთს პირველი ოფიციალური ვიზიტით 2004 წლის მარტში, გაპრეზიდენტებიდან სულ მოკლე ხანში, ესტუმრა. ეს ფაქტი თავის დროზე საფრანგეთის მიმართ საქართველოს პრეზიდენტის განსაკუთრებული დამოკიდებულების გამოხატულებად იქნა აღქმული, ისევე როგორც მის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად საქართველოში საფრანგეთის ყოფილი ელჩის სალომე ზურაბიშვილის დანიშვნა. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აღარ არის, საფრანგეთს კი ჟაკ შირაკის შემდეგ უკვე ნიკოლა სარკოზი მეთაურობს. ცნობილია, რამდენად განსხვავდება სარკოზის პოლიტიკური შეხედულებები თავისი წინამორბედის შეხედულებებისგან, იმავე რუსეთის პოლიტიკასთან მიმართებით. შირაკმა თუ რუსეთს ”დემოკრატიის მოდელი ” უწოდა, სარკოზიმ რუსეთის მსოფლიო გავლენაზე საუბრისას მისგან სიბრძნისა და სიფრთხილის გამოჩენა მოითხოვა. მან ” რუსეთის განვითარებას ” შემაშფოთებელი უწოდა.

ნიკოლა სარკოზიმ რუსეთის პრეზიდენტისთვის არასასიამოვნო პოზიცია არაერთხელ გამოკვეთა , მათ შორის, მაშინაც, როცა, პრეზიდენტად არჩევის წინ, ღიად განაცხადა, რომ საფრანგეთმა მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. ეს სულ ცოტა ხნის წინ მოხდა. ნიკოლა სარკოზი მაშინ საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოდა. მადლიერება საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარზე ევროპელი სტუმრების წინაშე გამოხატა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”მე მიხარია, რომ ნიკოლა სარკოზიმ ღიად თქვა ”დიახ” და ”დიახ” და მომავალი არის იმ პოლიტიკოსების, რომლებსაც ნათლად შეუძლიათ თქვან ”დიახ” და ”დიახ”.. ”(სტილი დაცულია)

მიხეილ სააკაშვილის ეს ღია მხარდაჭერა იღბლიანი აღმოჩნდა - ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტი გახდა . მასა და მიხეილ სააკაშვილს შორის მეგობრობაზე კი ღიად მარტო პრესაში არ საუბრობენ. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი ადასტურებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს საფრანგეთის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან დიდი ხანია კარგი პირადი ურთიერთობა აქვს:


[კოტე გაბაშვილის ხმა] ”რამდენადაც ვიცი, რამდენიმე წელია ეს ურთიერთობა გრძელდება. ვიცი, რომ მათ აქვთ ნაცნობობა, მეგობრობა და, საერთო ღირებულებების მიმართ პატივისცემის გამო, საერთო ბევრ რამეში.. ” (სტილი დაცულია)

პოლიტიკაში პირადი ურთიერთობები მნიშვნელოვანია, მაგრამ მნიშვნელოვანია სხვა ფაქტორებიც. პოლიტოლოგი დავით დარჩიაშვილი ფიქრობს, რომ ნიკოლა სარკოზის მოუწევს ბალანსის დაცვა თავის პოლიტიკურ შეხედულებებსა და საფრაგეთის ტრადიციულ კონტინენტურ-ევროპულ პოლიტიკურ მიმართულებას შორის, რაშიც რუსეთთან ურთიერთობაც იგულისხმება. თუმცა, დარჩიაშვილის აზრით, სარკოზის პრეზიდენტობის პერიოდში მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა, რადგან სარკოზის მთავარ პარტნიორად სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები მიაჩნია:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] ” სარკოზის მოუწევს თავისი შეხედულებებისა და რეალობის, როგორადაც ის გამოჩნდება პრეზიდენტის სავარძლიდან, დაბალანსება. მე მგონია, რომ ის გააგრძელებს ურთიერთობებს სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ამერიკასთან ურთიერთობა გაუმჯობესდება, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვისაც და ევროპულ- ქართული ურთიერთობებისთვისაც.”(სტილი დაცულია)

რა და როგორ შეიძლება შეიცვალოს საქართველოსთვის ესოდენ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ევროპის ერთ-ერთ წამყვან დიდ სახელმწიფოში, ამის მცირე მინიშნებები საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზეც უნდა გამოიკვეთოს.
XS
SM
MD
LG