Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პატარა სოფელი გაბალა - მსოფლიოს ყურადღების ცენტრში


გაბალის სარადარო სადგური რეგიონში ამ ტიპის უმძლავრესი ობიექტია. ბაზაზე დამონტაჟებულ რადარს შესწევს უნარი, 6000 კილომეტრის რადიუსში დააფიქსიროს რაკეტები თუ საფრენი აპარატები.

მაგრამ სარადარო სადგურის მიმდებარე სოფლების მცხოვრებთ რადიო "თავისუფლების" აზერბაიჯანული სამსახურის კორესპონდენტისგან შეიტყეს, რომ გაბალა და იქ განთავსებული რადარი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოქცეულა.

როგორც ჩვენი ბაქოელი კორესპონდენტი ილგარ რასული იუწყება, სოფლელები გაბალის სადგურს "ურჩხულად" მოიხსენიებენ. დღეს ამ ხმას უკვე ყველა მიეჩვია, მაგრამ როცა 1985 წელს რადარი ამოქმედდა, მისგან მომდინარე ყრუ გუგუნი სოფლელებმა ურჩხულის ხრიალს შეადარეს.

მას შემდეგ ორ ათეულ წელიწადზე მეტი გავიდა და ხასხასა ბალახით დაფარულ ბორცვებს შორის ჩადგმული რადარი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დღეს უკვე პეიზაჟის ბუნებრივ ნაწილად აღიქმება. სადგურის მახლობლად საქონელი ბალახს ძოვს, იქვე, ჩაიხანაში, სოფლელები ჩაის შეექცევიან. მათგან არავინ იცოდა, რომ შორეულ გერმანიაში, ორი უცხო სახელმწიფოს პრეზიდენტები "გაბალის ურჩხულის" საკითხს განიხილავდნენ. სარადარო სადგური იქცა საკითხად, რომელმაც აზერბაიჯანს მოულოდნელად მსოფლიოს ყურადღება მიაპყრო. მაგრამ იქაურებს საკუთარი ქვეყნის საერთაშორისო სტატუსზე გაცილებით მეტად ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პრობლემები აწუხებთ. მათი თქმით, რადარის მუშაობა უარყოფითად მოქმედებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ისე ბუნებაზე.

[მამაკაცის ხმა] "ამ რადარის გადამკიდე ხეები გვიხმება. ბავშვები ხშირად თანდაყოლილი ანომალიებით იბადებიან. ის საქონელზეც ცუდად მოქმედებს. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ეს საკითხი ჩემი ქვეყნის ხელმძღვანელების გადასაწყვეტია. თუ სადგური უნდა მუშაობდეს, რატომ არ შეიძლება, ის თვითონ ვამუშაოთ? ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად ძლიერია, მაშ რატომ არ შეიძლება, სადგური ვიყიდოთ და თვითონვე ვამუშაოთ?"

1991 წელს აზერბაიჯანის საგანგებო სამთავრობო კომისიამ დაასკვნა, რომ რადარი საფრთხეს უქმნის როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას, ისე გარემოს. თუმცა, ექსპერტთა დამოუკიდებელ ჯგუფებს სადგურის მუშაობის გავლენა არ შეუფასებიათ. გაბალელთა შორის არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ რადარი საფრთხეს არ წარმოადგენს:

[მამაკაცის ხმა] "სადგურიდან 500 მეტრში ვცხოვრობ, მისგან რაიმე ზიანი არ მიგრძვნია. გასულ წლებში ხეები ხმებოდა, მაგრამ ბოლო ხანს მდგომარეობა გამოსწორდა. აი, შეხედეთ, საქონელს ბალახსაც ვაძოვებთ."

სარადარო სადგური ნაწილია რუსეთის გამაფრთხილებელი სისტემისა, რომლის ამოცანაა, დროულად დააფიქსიროს აზიიდან ან აფრიკიდან გამოშვებული ბალისტიკური რაკეტები. ამგვარი რადარები რუსეთს ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებშიც აქვს, მაგალითად, ბელორუსიაში, უკრაინაში, სომხეთში.

გაბალის სარადარო ბაზას რუსეთის ფედერალური ჯარის 900-მდე სამხედრო ემსახურება. ისინი იქვე, შორიახლოს მდებარე ყაზარმაში ცხოვრობენ. სოფლელებს შორის ზოგს იმედი აქვს, რომ თუ ბაზა ამერიკელთა ხელში გადავა, გაბალელებს ეს სარფიანი სამსახურის შოვნაში დაეხმარება.

[მამაკაცის ხმა] "ზოგიერთი ადგილობრივი მოსახლე სადგურზე მუშაობს და კარგ ხელფასსაც იღებს. მაგრამ თუ ამერიკელები ჩამოდიან, ისინი ალბათ კიდევ მეტს გადაუხდიან. იქნებ სხვებიც დაგვასაქმონ..."

ჯერჯერობით კი გაბალის სარადარო ბაზა რუსეთის ხელშია. 2002 წელს ბაქოსა და მოსკოვს შორის გაფორმებული ათწლიანი ხელშეკრულების პირობით, რუსეთი აზერბაიჯანს ყოველწლიურად 7 მილიონ დოლარს უხდის.
XS
SM
MD
LG