Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამძიმდა თუ არა საქართველოში კრიმინალური ფონი


28 მაისს თბილისში კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა. ამჯერად კრიმინალების მსხვერპლი ყოფილი დეპუტატი, წარსულში ცნობილი ბიზნესმენი ზვიად ცეცხლაძე გახდა.

ზვიად ცეცხლაძის ცხედარი მისმა ოჯახის წევრებმა ცეცხლაძისავე ოფისში აღმოაჩინეს. გარდაცვლილი ნაწამები იყო. ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. სამართალდამცველები დამნაშავეებს ეძებენ. მკვლელობის მოტივი ბუნდოვანია. ცეცხლაძის მკვლელობამ საზოგადოება კიდევ უფრო დააფიქრა გახშირებულ მკვლელობებზე. მართლაც, კვირა არ გავა, საინფორმაციო საშუალებები მკვლელობის შესახებ არ იუწყებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ირწმუნება, რომ, მძიმე დანაშაულის თვალსაზრისით, ქვეყანაში მდგომარეობა არ დამძიმებულა და, დანაშაულის მაჩვენებული თუ გაიზარდა, ამის მიზეზი ისაა, რომ დანაშაული აღარ იმალება. დამძიმდა თუ არა საქართველოში კრიმინალური ფონი?

კიდევ ერთი მკვლელობა თბილისში 28 მაისს გამრეკელის ქუჩაზე მოხდა. ყოფილი პარლამენტარის ზვიად ცეცხლაძის ნაწამები ცხედარი მისსავე ტურისტულ სააგენტოში აღმოაჩინეს. ზვიად ცეცხლაძე საკუთარ კაბინეტში სკამზე იყო დაბმული, სახე კი ”სკოჩით” ჰქონდა აკრული. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. შემთხვევის ადგილას იმუშავეს კინოლოგებმა. ძაღლი სავარაუდო დამნაშავეთა კვალს მიცკევიჩის ქუჩამდე გაჰყვა და კვალი შუქნიშანთან დაკარგა. მკვლელობა დღისით მოხდა. მანამდე კი თბილისის ცენტრში საღამოს ქუჩაში გამვლელ-გამომვლელთა თვალწინ იქნა მოკლული ასევე ყოფილი პარლამენტის წევრი, აკადემიკოსი გურამ შარაძე. გურამ შარაძის მკვლელი საპატრულო პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ოდნავ მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დაკავებულის აღიარების საფუძველზე, მკვლელობის მოტივად შურისძიება დაასახელა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დასახელებულ ვერსიას არ ეთანხმებიან გურამ შარაძის ოჯახის წევრები. ისინი აცხადებენ, რომ მკვლელობა პოლიტიკურია. ზვიად ცეცხლაძის მკვლელობასთან დაკავშირებით მისმა ახლობლებმა პოლიტიკური მოტივი გამორიცხეს. ”ცეცხლაძე პოლიტიკას კარგა ხანია ჩამოშორდა , მტრები კი მას პოლიტიკაში ყოფნისასაც არ ჰყოლია”, - განაცხადეს მათ მკვლელობის დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას. საყურადღებოა, რომ ზვიად ცეცხლაძე ბოლო წლებში აღარც აქტიური ბიზნესით იყო დაკავებული. მისი სახელი უკავშირდებოდა სასტუმროების ბიზნესს, ოღონდ - წარსულში. ზვიად ცეცხლაძეს ახასიათებენ როგორც უკონფლიქტოს, ქველმოქმედს... ისიც, გურამ შარაძის არ იყოს, თავის დროზე პარლამენტის წევრი ”აღორძინების” სიითი შემადგენლობიდან გახდა.... რატომ მოკლეს ზვიად ცეცხლაძე, უცნობია.... ბუნდოვანი მოტივაციის დანაშაულმა კი საზოგადოებაში კიდევ უფრო აქტუალური გახადა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გახშირდა ასე მკვლელობები. ერთ-ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, კოკა გუნცაძეს, არ სჯერა სტატისტიკის, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში დანაშაულის ფაქტების მატებას ადგილი არა აქვს. კოკა გუნცაძის აზრით, კრიმინალური ფონი საქართველოში მძიმეა, ამის მიზეზი კი შემდეგია:

[კოკა გუნცაძის ხმა] ”ვხდებით მოწმე, როგორ მკვიდრდება აგრესია იგივე ტელეეკრანებიდან, იგივე ხელისუფლების მხრიდან, როგორ მიმდინარეობს ნგრევა ცრუ ფასულოებების ისე, რომ მის ნაცვლად არ მკვიდრდება ახალი, იგივე კანონი. თუ ადრე კრიმინალური წესები მუშაობდა, დღეს ეს აღარ არსებობს, მაგრამ მას არაფერი ენაცვლება. ” (სტილი დაცულია)

ასე ფიქრობს დეპუტატი კოკა გუნცაძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე მითითებული მონაცემები კი დამნაშავეობის ზრდაზე არ მიუთითებს. სტატისტიკით, ტენდენცია, პირიქით, კლებისკენ არის. მაგლითად, 2005 წლის 7 თვის მანძილზე რეგისტრირებული იყო 331 ფაქტი განზრახ მკვლელობისა, 2006 წლის 7 თვის მანძილზე კი - 210. სტატისტიკით, საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაულია ქურდობა, ხოლო ყველაზე ნაკლებად გავრცელებული - ტერორიზმი და დეზერტირობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2006 წელს გამოიკვეთა დანაშაულთა გახსნის პროცენტის მატების ტენდენციაც. საინტერესოა, როგორი იქნება მიმდინარე წლის პირველი ნახევრის სტატისტიკა. კონკრეტული მონაცემების გარეშე სახალხო დამცველსაც უჭირს საუბარი იმაზე, რეალურად დამძიმდა თუ არა საქართველოში კრიმინალური ფონი ან არის თუ არა დანაშაულის გახსნის ფაქტების მკვეთრი მატება. სოზარ სუბარი იმ ფაქტებზე საუბრობს, რომლებთან შეხებაც მის სამსახურს აქვს:

[სოზარ სუბარის ხმა] ”არის შემთხვევები, როდესაც განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულებს, ძმებს, მიუსაჯეს ერთი წელი თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი პირობითი. ეს აშკარად არაადეკვატური სასჯელია. ესენი არიან ძმები მატინიანები..”



XS
SM
MD
LG