Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის მრისხანე განცხადებები პასუხად ვაშინგტონის გეგმაზე, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ელემენტები განათავსოს პოლონეთისა და ჩეხეთის ტერიტორიებზე


ალბათ, ცოტა ვინმე თუ ფიქრობდა, რომ რუსეთი დიდი ენთუზიაზმით შეხვდებოდა ვაშინგტონის გეგმას, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ელემენტები განათავსოს

პოლონეთისა და ჩეხეთის ტერიტორიებზე; მაგრამ მოსკოვის მკვეთრმა რეაქციამ მაინც გადააჭარბა მოლოდინს: საკმარისი იყო, პოლონეთსა და ჩეხეთს საჯაროდ გამოეცხადებინათ, ვაშინგტონის წინადადებას ალბათ დავთანხმდებითო, რომ კრემლიდან ცივი ომისდროინდელი ინტონაციებითა და ლექსიკით გაჟღენთილი მრისხანე განცხადებები გაისმა.

თუმცა, უმჯობესია, მოვლენებს თანმიმდევრობით მივყვეთ. გუშინ ვარშავაში გაიმართა პოლონეთისა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრების, იაროსლავ კაჩინსკისა და მიროსლავ ტოპოლანეკის მოლაპარაკება, რომლის შემდეგ ამ უკანასკნელმა ბრიფინგზე დამსწრეთ და მრავალრიცხოვან ტელემაყურებელს ამცნო:

[მიროსლავ ტოპოლანეკის ხმა] "ჩვენი ქვეყნები ამზადებენ პასუხს შეერთებული შტატების წინადადებაზე, ჩვენს ტერიტორიაზე განათავსოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ელემენტები. პოლონეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა შეთანხმდნენ, რომ ალბათ დადებითად უპასუხებენ შეერთებული შტატების წინადადებას. ამის შემდეგ შევუდგებით მოლაპარაკებებს ამ საკითხის გარშემო."

პროექტი, რომლის შესახებ ვაშინგტონი პირველად იანვარში ალაპარაკდა, ითვალისწინებს 2012 წლისთვის სარადარო სადგურის განთავსებას ჩეხეთში, ხოლო რაკეტებისა - პოლონეთში.

ტოპოლანეკმაც და კაჩინსკიმაც ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ვაშინგტონის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა თავდაცვითი ხასიათისაა და მიზნად ისახავს დასავლეთის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნების მხრიდან პოტენციური იერიშების მოგერიებას; აღნიშნეს ისიც, რომ სისტემა მიმართული არ არის რუსეთის წინააღმდეგ.

[იაროსლავ კაჩინსკის ხმა] "პოლონეთ-რუსეთის ურთიერთობის ამბავი ყველას კარგად მოეხსენება. ამიტომ არც იყო მოსალოდნელი, რომ რუსეთი ჩვენს ტერიტორიაზე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ელემენტების განთავსებას მიესალმებოდა. მაგრამ ჩვენ ვეცდებით, დავარწმუნოთ რუსები აშკარა ფაქტში: ეს ნაბიჯი არამც და არამც არ არის მიმართული მათს წინააღმდეგ."

მაგრამ ვერც იაროსლავ კაჩინსკის ეს სიტყვები და ვერც ვაშინგტონის ოფიციალურ პირთა ანალოგიური განცხადებები, საკმარისი ვერ გამოდგა რუსეთის დასაშოშმინებლად. პირიქით, რაც უფრო რეალურ კონტურებს იძენს აშშ-ის გეგმა, მით უფრო მკვეთრი ხდება რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო წრეების წარმომადგენელთა კომენტარები. აი, ერთ-ერთი მათგანი:

[ნიკოლაი სოლოვცოვის ხმა] "თუ მიღებულ იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე (თქვენ იცით, რომ დოკუმენტს ხელი მოაწერეს შეერთებულმა შტატებმა და საბჭოთა კავშირმა), მაშინ სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალები მზად იქნებიან ამ ამოცანის გადასაჭრელად."

ეს ნიკოლაი სოლოვცოვი გახლდათ, რუსეთის არმიის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალების სარდალი. ხელშეკრულება, რომელიც მან ახსენა, 1987 წელს გაფორმდა და ევროპაში მოკლე და საშუალო მანძილებზე მოქმედი რაკეტების რიცხვის შემცირებას ითვალისწინებდა. სოლოვცოვმა ისიც თქვა, რომ კრემლიდან შესაბამისი განკარგულების მიღების შემთხვევაში, მალევე შეიძლება განახლდეს საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების წარმოება და განთავსება.
XS
SM
MD
LG