Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევიდ ბოუი 60 წლის შესრულდა


ვეტერან მუსიკოსს, ბრიტანელ დევიდ ბოუის - იგივე დევიდ რობერტ ჯონსს - 2007 წლის 8 იანვარს 60 წელი შეუსრულდა.

ბოუის შემოქმედება უკვე ოთხ ათეულ წელს ითვლის. კულტურის კრიტიკოსები, ანალიტიკოსები და ისტორიკოსები თითქმის უსიტყვოდ თანხმდებიან, რომ თანამედროვე მუსიკაზე ბოუის გავლენა განუზომელია. ბევრი მას არა მხოლოდ მუსიკოსად, არამედ ერთგვარ კულტურულ ფენომენადაც კი აღიქვამს - პიროვნებად, რომელმაც თანამედროვე კულტურაში ახალი მსოფლმხედველობა, ქცევის მანერა თუ ცხოვრების სტილი დაამკვიდრა. და მაინც რაში მდგომარეობდა ეს მსოფლმხედველობა?

1972 წელს - მაშინ, როდესაც დასავლეთში ის-ის იყო ჩაეარა მღელვარე სამოციანების ტალღას, როდესაც ყვავილების შვილებად წოდებული ჰიპების სულისკვეთება გაქრობას იწყებდა და როდესაც ”კონტრკულტურის” თაობის საკულტო ფიგურების - ჯიმი ჰენდრიქსის, ჯენის ჯოპლინის თუ ჯიმ მორისონის - სიკვდილიდან სულ რაღაც თვეები იყო გასული, ბრიტანეთის მუსიკალურ სცენას უცხოპლანეტელი მოევლინა - უცნაურ, ექსცენტრიულ, ფერად-ფერად და ბრჭყვიალა სასცენო კოსტიუმებში გამოწყობილი, ცეცხლოვან-ნარინჯისფერთმიანი და უსაზღვროდ ქარიზმატული ზიგი სტარდასტი - არც ქალი, არც მამაკაცი; მარსიდან დედამიწაზე მოვლენილი მხსნელი, რომელსაც კაცობრიობის ბანალურობისგან გათავისუფლების მისია ჰქონდა დაკისრებული.

ზიგი სტარდასტი ინგლისელი მუსიკოსის, დევიდ ბოუის, პირველი სასცენო ნიღაბი, ფსევდონიმი თუ ალტერ-ეგო იყო. ზიგი როკ-მუსიკოსისთვის დამახასიათებელ თითქმის ყველა თვისებას განსაკუთრებული ინტენსივობით მოიცავდა: მოიხმარდა ნარკოტიკებს, ერთიმეორის მიყოლებით იცვლიდა სექსუალურ პარტნიორებს, იყო თაყვანისმცემელთა მხრიდან გაკერპების ობიექტი. ზიგის განადგურებაც როკ-მუსიკოსისთვის შესაფერისი სცენარით მოხდა - მას ბოლო სწორედ გადაჭარბებულმა სექსმა, ნარკოტიკებმა და თაყვანისმცემელთა სიყვარულმა მოუღო.

ზიგი სტარდასტის ცხოვრების ეს სცენარი დევიდ ბოუის 1972 წელს გამოშვებულ ალბომში განვითარდა. დისკს, რომელსაც ერქვა "The Rise and Fall of Ziggy Stardust and the Spiders from Mars" - თანამედროვე მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო კონცეპტუალურ ალბომად მიიჩნევენ და თვლიან, რომ ზიგი სტარდასტის ფიგურისა და მისი ბიოგრაფიის გამოგონებით ბოუიმ როკ-მუსიკას იმ დროისათვის სრულიად ახალი განზომილება შემატა - პოლიტიკური თუ სოციალური თემატიკით გაჯერებულ სამყაროში თამაშის, როლების ცვლის თუ დენდიზმის ელემენტები დაამკვიდრა; როკ-მუსიკოსის გაკერპების ფენომენთან მიმართებით კი ირონიული დისტანცია გააჩინა.

ამ მოსაზრებას იზიარებს ქართველი დრამატურგი, მელომანი და, როგორც აღმოჩნდა, დევიდ ბოუის მხურვალე თაყვანისმცემელი ბასა ჯანიკაშვილიც: "ბოუი არ არის მხოლოდ მუსიკოსი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის დიდი ხანია, უკვე 70-იანი წლებიდან, გასცდა პრაქტიკულად მხოლოდ მუსიკას; ბოუი იყო ის პირველი მუსიკოსი და ხელოვანი, რომელმაც, ჩემი აზრით, შემოიტანა სცენაზე თამაშის და, ასე ვთქვათ, სახეობის კულტურა.”

ზიგი სტარდასტის შემდეგ ბოუიმ კიდევ არაერთი იერსახე შექმნა და მრავალი იმიჯი მოირგო - იქნებოდა ეს კოსმოსიდან მოსული მეკობრე, კაბარეს სტილის შემსრულებელი, ნარკომანი როკერი, იდეალისტი ჰიპი თუ ბერლინელი ინტელექტუალი. იერსახეების გარდა, მრავალფეროვანი და ცვალებადი იყო მუსიკალური ჟანრებიც, რომელშიც ბოუი მუშაობდა - გლემ როკი, არტ როკი, პოპი, სოული, საცეკვაო თუ ექსპერიმენტული მუსიკა. დღეს, შესაძლოა, პოპულარული არტისტის მიერ ნიღბების მორგების თუ იერსახეთა ცვლის სტრატეგია გაკვირვებას აღარ იწვევდეს - გავიხსენოთ თუნდაც მადონა ან მერილინ მენსონი. თუმცა ბევრი თვლის, რომ ბოუი, ამ მხრივ, არა მხოლოდ ერთ-ერთი პირველი, არამედ ყველაზე ღრმა და მრავალფეროვანი იყო.

ბასა ჯანიკაშვილი ამას ათწლეულთა სულისკვეთებით ხსნის: "თუ, ვთქვათ, სიტყვაზე, სხვა როკ-ჯგუფები და შემსრულებლები მღერიან, ზოგადად, პრობლემებზე, ზოგადსაკაცობრიო თემებზე, ბოუი უფრო წინ წავიდა, ყველას დაასწრო და, როგორც ხელოვანს სჩვევია, გაცილებით უფრო მკვეთრი ფორმები შესთავაზა მსმენელს და, ზოგადად, ახალგაზრდობას. კარგია, რომ ჩვენ ვიბრძოლეთ 60-იანებში; კარგია, რომ ჩვენ რაღაც უფლებები მოვიპოვეთ და მივაღწიეთ რაღაც შედეგებს; მაგრამ 70-იანებში ვხედავთ, რომ ისევ იქითკენ მიდის ცხოვრება, რომ ისევ ყველაფერი ძველს უბრუნდება. და ამიტომ, აღარ ვიბრძოლოთ - არამედ, უბრალოდ, გავერთოთ.”

მაგრამ მუსიკოსის ბევრი მსმენელი მაინც გეტყვით, რომ ბოუის შემთხვევაში ეს ”გართობა” მაინც ატარებდა ერთგვარ პოლიტიკურ დატვირთვას - “რეალური”, ნამდვილი ცხოვრების უარყოფა და სქესობრივი თუ კლასობრივი მიკუთვნებულობისგან ერთგვარ ფანტასტიკურ სამყაროში გაქცევა თავისთავად გულისხმობდა ამბოხის მუხტს.

ქართველ მელომანებს შორის დევიდ ბოუი არასოდეს ყოფილა ძალიან პოპულარული - ამბობს ბასა ჯანიკაშვილი და ამ გარემოებას ასე ხსნის: ”ბოუის, ასე ვთქვათ, მცირე დოზებით მოსვლა ქართველ მსმენელამდე არ მიკვირს - იმიტომ რომ ძალიან ეპატაჟური იყო თავისი შემოქმედებით და ქართველს, რომელსაც ქიციც უყვარს და ქიცმაცურიც, და რომელიც შუალედს ეძებს მრავალჟამიერსა და, ვთქვათ, მძიმე როკს შორის, უჭირს აღიქვას ადამიანი, რომელიც სცენაზე კაბით გამოდის, სახეს იღებავს, ტუჩები აქვს შეღებილი პომადით და აშკარად მიუთითებს თავის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაზე.”

თუმცა, თავად ბასა ჯანიკაშვილის გარდა, ბოუის ეპატაჟურ შემოქმედებას საქართველოში სხვა ბევრი თაყვანისმცემელიც ჰყავს. მხატვარი დათო მელიქიშვილი ბოუის მუსიკას ჯერ კიდევ 70-იან წლებში უსმენდა და, როგორც ამბობს, მუსიკოსის შემოქმედებას დღემდე ადევნებს თვალს. ჩვენთან საუბარში მან ასე გაიხსენა ბოუის პირველად მოსმენის გამოცდილება: "თუ არ ვცდები, ალბათ, დაახლოებით 74 წელი იქნებოდა, როდესაც ჩემი მეგობრის სახლში, სრულიად შემთხვევით, საბერძნეთიდან საჩუქრად გამოგზავნილი ფირფიტა აღმოვაჩინე. მაშინ არც კი ვიცოდი, ვინ იყო - უბრალოდ, გარეკანმა მიიქცია ყურადღება. ჩემს მეგობარს ვთხოვე ჩაერთო და მოვუსმინეთ ერთად. მივხვდი, რომ რაღაც სრულიად უცხოსთან, განსხვავებულთან მქონდა საქმე - მით უმეტეს, საბჭოთა პერიოდში, ჩაკეტილ სივრცეში მცხოვრები ყმაწვილისთვის, ბიჭისთვის ეს იყო სრულიად ახალი მოვლენა. ვერ გეტყვით, რა ემოცია იყო ეს; ენა ნაკლებად მესმოდა და ვცდილობდი ხოლმე თარგმანიც მომეპოვებინა - მაგრამ შესრულების მანერა, ტექნიკა, ხმის ტემბრი - ვგრძნობდი, რომ რევოლუციური მუხტის მატარებელი მუსიკოსი იყო.”(სტილი დაცულია)

თუმცა 90-იანი წლებიდან დევიდ ბოუიმ ეს რევოლუციური მუხტი დიდწილად დაკარგა. ის ახალ სტილებს თუ მიმართულებებს უკვე აღარ ამკვიდრებს. ბოუი უკვე თავად იქცა კერპად, საკულტო ფიგურად, რომლის გავლენაც თანამედროვე მუსიკის სფეროზე უკვე განუზომელია.

მუსიკოსის ცხოვრება დიდი მღელვარებით აღარც პირად სფეროში გამოირჩევა - 1992 წლიდან ის წარმოშობით სომალელ მოდელზე, იმანზეა დაქორწინებული. ყვითელი პრესა მათ პოპკულტურის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ წყვილად მიიჩნევს და ბევრს წერს იმ უზარმაზარი სასახლეების შესახებ, რომლებსაც წყვილი ირლანდიაში, აფრიკის ქვეყნებში, შვეიცარიაში, ლონდონში, ლოს ანჯელესსა თუ ნიუ-იორკში ფლობს. დროდადრო პრესაში ბოუის მიმართ გამოთქმულ ერთგვარ ქილიკსაც წააწყდებით - რომ ერთ დროს ექსტრავაგანტულმა მუსიკოსმა ფასეულობებს უღალატა და ჩვეულებრივ ბურჟუად ჩამოყალიბდა. მაგრამ ბოუის ცხოვრების სტილის თაობაზე დარწმუნებით საუბარს მაინც ბევრი ერიდება - არავინ იცის, როდის დადგება დრო, როდესაც 60 წელს გადაცილებული დევიდ ბოუი, რეალურით თუ არა, სასცენო იერსახით კიდევ გააკვირვებს თაყვანისმცემლებს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG