Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასრულდება თუ არა “ვარდების რევოლუცია” 2007 წელს?


2006 წელი “ვარდების რევოლუციის” შემდგომი წლებისგან განსხვავებული აღმოჩნდა ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის გამო:

მორიგი სამთავრობო კარუსელის დატრიალების შემდეგ ხელისუფლების მიღმა აღმოჩნდა მინისტრი, რომელიც ყველაზე თვალნათლივ განასახიერებდა პოსტრევოლუციურ მთავრობას. იგი იყო ქმედითი, აგრესიული, მიზანსწრაფული და, პრეზიდენტის დახასიათების თანახმად, ყოველთვის წარმატებული. ნიშნავს თუ არა ირაკლი ოქრუაშვილის წასვლა ხელისუფლებიდან პოსტრევოლუციური, ძალისმიერი პოლიტიკის დასასრულს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ია ანთაძე შეეცდება.

“როდის დასრულდება რევოლუცია?” - ამ შეკითხვის ირგვლივ ქართულ საზოგადოებაში დისკუსია უკვე მრავალი თვის განმავლობაში მიმდინარეობს, ხან საჯარო, ხან კი “შინაურული” ფორმატით. რევოლუციის არდასრულებაში ზოგი 23 ნოემბრის პომპეზურ აღნიშვას გულისხმობს, ზოგი - კონკრეტული ადამიანების ბედის მიმართ გულგრილობას, ზოგი - რევოლუციური დამსახურების მქონე კადრებისთვის მეტისმეტად სერიოზული საქმეების მინდობას, ზოგი - ფორმისთვის უპირატესობის მინიჭებას შინაართან შედარებით. დისკუსიის მთავარი იდეა მაინც ის არის, რომ არსებობს ქვეყნისთვის ექსტრემალური პერიოდები, როდესაც პოლიტიკური მიზანშეწონილობა უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, ვიდრე კანონის და კონსტიტუციის დაცვა; მაგრამ ასეთი პერიოდი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს და დაიწყოს კანონმდებლობით ჩამოყალიბებული პროცედურების ზედმიწევნითი პატივისცემა. სწორედ პროცედურების და კანონის უგულებელყოფაა ის არსებითი ნიშანი, რომელიც გვაუწყებს, რომ რევოლუცია, რომელიც 2003 წლის ნოემბერში დაიწყო, 2006 წლის დეკემბერშიც არ დასრულებულა.

რევოლუციური სინდრომის ჯერჯერობით ბოლო ნიშნები კერძო საკუთრების ხელყოფაში აისახა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ნებისმიერი პირი, რომელმაც თავისი საკუთრება სახელმწიფოს ნებაყოფლობით აჩუქა (ასეთი კი ბევრია), ამ ქონების უკანონო მფლობელი იყო და ამიტომაც ვერაფერი იღონა საკუთარი თავის დასაცავად. შესაძლებელია, ბევრ შემთხვევას ეს განმარტება ზუსტად ესადაგება, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყანაში კეთილსინდისიერი ჩინოვნიკი შეეცდებოდა, მავანის მიერ უკანონოდ მითვისებული ქონება მისთვის კანონის ძალით ჩამოერთმია, ხოლო თუ კანონი ამის საშუალებას აღარ მისცემდა, ქონებაც მის იმჟამინდელ მფლობელს დარჩებოდა. საქართველოში კი საქმე მარტივად წყდება: ადამიანს პროკურატურაში დაიბარებენ და ეტყვიან - ან ნებაყოფლობით აჩუქე სახელმწიფოს შენი კერძო საკუთრება, თუ არადა, დაგიჭერთო. ურჩებს იჭერენ კიდეც - მათთვის და სხვებისთვის ჭკუის სასწავლად - და უკანონო მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტაციასაც პოულობენ, როცა სჭირდებათ.

რევოლუციური სინდრომის გამოვლენაა, როცა მოქალაქეებს ლამის ყოველდღიურად ნარკოტიკით ან უკანონო იარაღით ხელში აკავებენ, ერთ მშვენიერ დღეს კი რომელიმე მაღალი რანგის ჩინოვნიკი გამოაცხადებს: მორჩა, იარაღის და ნარკოტიკების “ჩადების” პრაქტიკას ამიერიდან წერტილი დაესმებაო.

რევოლუციურ სინდრომს შეგვიძლია მივაწეროთ ის შემთხვევებიც, როდესაც კონსტიტუციის თუ კანონმდებლობის ცვლილებისას საპარლამენტო უმრავლესობა ყურად არ იღებს უაღრესად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროსაბჭოს, ვენეციის კომისიის) რჩევებს და აცხადებს, ეს შიდა პოლიტის საკითხებია და სხვების ჩაურევლად გადავწყვეტთო. ერთ-ერთი ასეთი საკითხია, მაგალითად, 7%-იანი საარჩევნო ბარიერი, რომლის დაწევის თხოვნა ერთი დოკუმენტიდან მეორეში გადადის, თუმცა, უშედეგოდ.

სახელმწიფოს ძალისმიერი პოლიტიკა - როდესაც მიზანშეწონილობა უფრო მაღლა დგას, ვიდრე კანონი და პროცედურები - ღერძულ პრობლემად გასდევდა რევოლუციის შემდგომ წლებს. და იმ სახელმწიფო მოხელეებს შორის, რომელიც ამ პოლიტიკას განასახიერებდნენ, ყველაზე პოპულარული და წარმატებული ირაკლი ოქრუაშვილი იყო. მისი განცხადებები - გნებავთ, 2007 წლის პირველი იანვრის ცხინვალში აღნიშნვნის თაობაზე და, გნებავთ, რუსეთში შესმულ ფეკალურ წყლებზე - მთლიანად ამოვარდნილი იყო სახელმწიფოს განვითარების სტრატეგიული ვექტორიდან. მაგრამ ეს განცხადებები კეთდებოდა, რადგან პირადად ირაკლი ოქრუაშვილი მიზანშეწონილად მიიჩნევდა, სწორედ ასე ესაუბრა და არა სხვაგვარად.

საზოგადოებისთვის დღემდე გაუგებარია, რა იყო ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის სამინისტროდან ჩამოცილების მიზეზი: მისი მეტისმეტად აგრესიული “თავდაცვითი” პოლიტიკა, თუ პიროვნული დაპირისპირება, გადაზრდილი პიროვნულ მტრობაში. თუ მიზეზი პოლიტიკური ხასიათისაა, შესაძლოა, 2007 წელი რევოლუციის დასრულების წელი აღმოჩნდეს; თუ მიზეზი პიროვნული ხასიათისაა, მაშინ ძალისმიერი პოლიტიკის მთელ სიმძიმეს საკუთარ თავზე ის გუნდი აიღებს, რომელიც ხელისუფლებაში დარჩა. ამ შემთხვევაში, გაცილებით მეტი ძალადობის და განუკითხაობის მოწმე შეიძლება აღმოვჩნდეთ, ვიდრე წინა წლებში გვინახავს.
XS
SM
MD
LG