აუგუსტო პინოჩეტი, სლობოდან მილოშევიჩი, ტა მოკი - ამ სამ კაცს რამდენიმე რამ აერთიანებს: ისინი ზიზღს იწვევდნენ და შიშის ზარს სცემდნენ მილიონობით ადამიანს, და ასევე მილიონობით ადამიანისთვის უზომო სიყვარულისა და თაყვანისცემის ობიექტს წარმოადგენდნენ; სამივე მათგანს წაყენებული ჰქონდა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ბრალდება და სამივემ მოახერხა, საბოლოო სასჯელისთვის თავი აერიდებინა.
ჩილეს ყოფილი დიქტატორი პინოჩეტი, იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტი მილოშევიჩი, კამბოჯის "წითელი კხმერების" სასტიკი რეჟიმის ყოფილი ხელმძღვანელი ტა მოკი - სამივე 2006 წელს გარდაიცვალა, სამივეს მოუწია მართლმსაჯულებასთან საქმის გარკვევა, მაგრამ სასამართლოს საბოლოო განაჩენს სამივემ თავი დააღწია. ახლა განაჩენს მათ მხოლოდ ისტორია თუ გამოუტანს.
ამ სამი კაცის მშობლიური ქვეყნებისთვის - ჩილესთვის, იუგოსლავიისა და კამბოჯისთვის - სასამართლო ვერდიქტის არარსებობა, შესაძლოა, იმასაც ნიშნავდეს, რომ საზოგადოებაში იქ კიდევ დიდხანს არ იქნება კონსენსუსი მათი მოღვაწეობის შეფასების საკითხში.
ეს საუცხოოდ გამოჩნდა მიმდინარე თვის დასაწყისში, როცა სანტიაგოში აუგუსტო პინოჩეტი გარდაიცვალა. ყოფილი დიქტატორის სიკვდილმა, მის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მომხდარმა შეტაკებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩილეს საზოგადოება ჯერაც გახლეჩილია...
გავიხსენოთ 2006 წელს გარდაცვლილი კიდევ ოთხი ადამიანი, რომელთა მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება ასევე არაერთგვაროვანი იყო: ბევრის მიერ მსოფლიოს მთავარ ტერორისტებად შერაცხულნი, ზოგისთვის კი გმირები: აბუ მუსაბ ზარყავი და შამილ ბასაევი, და მეორე წყვილი: გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის საიდუმლო სამსახურის - შტაზის - მთავარი ჯაშუში მარკუს ვოლფი და ყოფილი საბჭოთა აგენტი ალექსანდრ ლიტვინენკო.
ზარყავი, რომლის თავისთვის ჯილდოდ 25 მილიონი დოლარი იყო დაწესებული, აშშ-ის საავიაციო იერიშის შედეგად დაიღუპა. მსოფლიოს ეს ამბავი 8 ივნისს ამცნო გენერალმა ჯორჯ კეისიმ, აშშ-ის ერაყში მოქმედი ძალების სარდალმა.
[ჯორჯ კეისის ხმა] "კოალიციის ჯარებმა ალ-ყაიდის ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი აბუ მუსაბ ალ-ზარყავი და მისი ერთ-ერთი მარჯვენა ხელი, სულიერი მოძღვარი შეიხი აბდ ალ-რაჰმანი მოკლეს გუშინ, 7 ივნისს, საღამოს, დაახლოებით 6 საათსა და 15 წუთზე. ეს მოხდა საჰაერო იერიშის დროს, რომელიც განხორციელდა წინასწარ გამოვლენილ ცალკე მდგომ სახლზე."
შამილ ბასაევი ჩეჩნეთის სეპარატისტული მოძრაობის რადიკალური ფრთის წარმომადგენელი იყო და რუსეთში განხორციელებული არაერთი ტერაქტის ორგანიზატორად ითვლებოდა. იგი რუსეთის ფედერაური ჯარის მოსამსახურეებმა მოკლეს 9 ივლისს.
როგორც ვაშინგტონმა, ისე მოსკოვმა, ზარყავისა და ბასაევის ლიკვიდაცია ტერორიზმთან წარმოებულ ომში მიღწეულ დიდ წარმატებად შეაფასეს, მაგრამ - როგორც მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ გვიჩვენა - არც ერაყში და არც ჩეჩნეთში ბევრი არაფერი შეცვლილა: ძალადობა გრძელდება.
მარკუს ვოლფი მრავალი წლის მანძილზე სათავეში ედგა აღმოსავლეთი გერმანიის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის საგარეო დაზვერვის განყოფილებას. მას იცნობდნენ "კაცად, რომელსაც სახე არ აქვს". კომუნისტი მშობლების ოჯახში გაზრდილმა, ბავშვობისა და ყრმობის დიდი ნაწილი მოსკოვში გაატარა. მრავალი წლის შემდეგ, როცა კომუნიზმი დაემხო, მან პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა რუსეთს, მაგრამ უარი მიიღო. 1993 წელს გერმანიის სასამართლომ მარკუს ვოლფი დამნაშავედ სცნო სახელმწიფოს ღალატში, თუმცა მოგვიანებით ეს განაჩენი გაუქმებულ იქნა. საბოლოოდ ვოლფის ბრალეულობა უკანონო დაკავებითა და ფიზიკური ზიანის მიყენებით შემოიფარგლა და ერთ დროს აღმოსავლეთი გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას პირობითი სასჯელი გამოუტანეს.
ვოლფის კოლეგის, ყოფილი რუსი მზვერავის, ალექსანდრ ლიტვინენკოს სიკვდილის გარემოებებზე ჩვენს გადაცემებში არაერთხელ გვისაუბრია. ამჯერად მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ კაგებესა და ეფესბეს ყოფილი აგენტი, რომელმაც კრემლს ზურგი შეაქცია და თავშესაფარი დიდ ბრიტანეთში ჰპოვა, 23 ნოემბერს, ლონდონის ერთ-ერთ ჰოსპიტალში გარდაიცვალა რადიოაქტიური ნივთიერებით - "პოლონიუმ-210"-ით მოწამვლის შედეგად. მართალია, ამ საქმის გამოძიება ჯერაც გრძელდება, მაგრამ სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა ლიტვინენკომ მისი მოწამვლის მოწყობა რუსეთის პრეზიდენტს დააბრალა. ვლადიმირ პუტინი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
2006 წელი უკანასკნელი გამოდგა ჩვენი რამდენიმე კოლეგა ჟურნალისტისთვისაც. ერთ-ერთი მათგანია ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც 7 ოქტომბერს (სხვათა შორის, ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეს) მოკლული იპოვეს საკუთარი სახლის ლიფტში. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტკოვსკაიას მკვლელობაც გაუხსნელია, ბევრი დარწმუნებულია, რომ მამაც ჟურნალისტს სიცოცხლის ფასად დაუჯდა პუბლიკაციები ჩეჩნეთის შესახებ. რადგან თუ ჩეჩნეთის კონფლიქტის მთელს სისასტიკეზე დასავლეთში რაიმე იციან, ეს, უწინარესად, სწორედ ანა პოლიტკოვსკაიას დამსახურებაა.
აი, როგორ იხსენებს პოლიტკოვსკაიას ამერიკულ ჟურნალ “ფორბსის” რუსული გამოცემის რედაქტორის, 2004 წელს ასევე მოსკოვში მოკლული პოლ ხლებნიკოვის ქვრივი მუზა ხლებნიკოვა:
[მუზა ხლებნიკოვის ხმა] “როცა შარშან შევხვდი ანას, ის გაკვირვებული ჩანდა, რომ ცოცხალი იყო. “მე ისეთ რამეს ვაკეთებ, რომ სასწაულია, დღემდე ცოცხალი რომ ვარო”. ის კარგად ხვდებოდა, რა რისკზეც მიდიოდა, მაგრამ არ ჩერდებოდა. ანას ჰქონდა შინაგანი მოთხოვნილება, დაკავშირებოდა იმათ, ვინც სრულიად უდანაშაულოდ იტანჯება. ანას სურდა, რომ ამ ადამიანების შესახებ სხვებსაც შეეტყოთ. ეს იყო მისი დიდი ჰუმანისტური იმპულსი.”
ანა პოლიტკოვსკაიასთან შედარებით უდავოდ ნაკლებად ცნობილი, მაგრამ არანაკლებ უშიშარი იყო რადიო “თავისუფლების” თურქმენული სამსახურის კორესპონდენტი ოგულსაფარ მურადოვა, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა თურქმენეთის ერთ-ერთ ციხეში, სადაც ექვსწლიან ვადას იხდიდა სასჯელისთვის, რომელსაც ადამიანის უფლებათა დამცველები "შეთითხნილს" უწოდებენ. ამ უკანასკნელთა ვარაუდით, ჟურნალისტი ძალადობის მსხვერპლი გახდა. ბედმა ინება, რომ მურადოვას სიკვდილიდან სამი თვის შემდეგ გარდაიცვალა ის ადამიანიც, რომელიც ჟურნალისტის კრიტიკის ობიექტი იყო - თურქმენეთის პრეზიდენტი საფარმურად ნიაზოვი.
ცხადია, ერთი გადაცემის ფარგლებში ვერ ჩავტევთ 2006 წელს გარდაცვლილ ყველა ცნობილ ადამიანს. თუ კულტურის სფეროზე ვისაუბრებთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ეგვიპტელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ნაგიბ მაჰფუზი, უნგრელი კომპოზიტორი დიორდ ლიგეტი, რუსი მწერალი და ყოფილი საბჭოთა დისიდენტი ალექსანდრ ზინოვიევი, ამერიკელი კინორეჟისორი რობერტ ოლტმანი, ქართველი კინორეჟისორი ლევან ზაქარეიშვილი.
2006 წელს გარდაცვლილთა გახსენება გვინდა დავასრულოთ ნაწყვეტით ინტერვიუდან, რომელიც ლევან ზაქარეიშვილმა რადიო "თავისუფლებას" მისცა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე.
[ლევან ზაქარეიშვილის ხმა] “მე ვერც ერთი მთავრობის ფავორიტი ვერ გავხდი და ვერც გავხდები, იმიტომ რომ მე მიყვარს ჩემი საქმე, ფავორიტობას კი სხვა ენერგია სჭირდება... ამიტომ ვეცდები ყველანაირად ეს ფილმი გავყიდო და ჩემი ფულით გადავიღო ფილმი.”