Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გადადგა ყირგიზეთის მთავრობა?


დღეს სრული შემადგენლობით გადადგა ყირგიზეთის მთავრობა. პრემიერ-მინისტრ ფელიქს ყულოვის თქმით, ეს გადაწყვეტილება, უწინარესად, განპირობებულია სწრაფვით,

დაბრკოლებები მოეხსნას ახალი კონსტიტუციის მიღებას. თუმცა, იმავე ყულოვს არ დაუმალავს, რომ ბოლო ხანს აშკარად გაუარესდა ურთიერთობა ხელისუფლების აღმასრულებელსა და საკანონმდებლო შტოებს შორის.

როგორც ფელიქს ყულოვმა ჟურნალისტებს უთხრა, პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევისთვის პრემიერის გადადგომა მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო.

[ფელიქს ყულოვის ხმა] "პრეზიდენტისთვის საკუთარი პოზიცია უწინაც გამომითქვამს. ამიტომ მისთვის ეს დიდი მოულოდნელობა არ იქნება. სხვა საქმეა, რომ არ გვისაუბრია, როდის მოხდებოდა ეს, მაგრამ ჩემი პოზიცია მას გავუზიარე."

ყულოვის თქმით, მთავრობის გადადგომა დააჩქარებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. საკანონმდებლო ორგანო ყირგიზეთში 2005 წელს აირჩიეს, მაგრამ გასულ თვეში მიღებული ახალი კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის სტრუქტურაში ცვლილებები უნდა მოხდეს, 75-დან 90-მდე უნდა გაიზარდოს დეპუტატთა რიცხვი და შეიცვალოს მათი არჩევის წესი - მაჟორიტარულ სისტემას პარტიული სიების სისტემა ცვლის.

აწ უკვე ყოფილმა პრემიერმა დასძინა, რომ პარლამენტის მოქმედ სტრუქტურასა და ახალ კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს შორის არსებული შეუსაბამობის მიუხედავად, კანონმდებლებისთვის მაინც შესაძლებელი უნდა იყოს საქმიანობის გაგრძელება.

[ფელიქს ყულოვის ხმა] "იმისათვის, რომ რეფორმები გატარდეს, აუცილებელია ახალი პარლამენტის არჩევა. კონსტიტუციის თანახმად, ჩვენი დეპუტატები უფლებამოსილებას ახალი პარლამენტის არჩევამდე ინარჩუნებენ. ამიტომ, ჩემი აზრით, პრინციპული საკითხი არ არის, მათ ახლა დავითხოვთ თუ ახალ არჩევნებამდე ვამუშავებთ."

ჟურნალისტებთან საუბარში ფელიქს ყულოვმა ისიც აღნიშნა, რომ ახალი მთავრობის ჩამოყალიბებისას პრეზიდენტმა პარტიული უმრავლესობის პრინციპით უნდა იხელმძღვანელოს. არადა, პარლამენტში უმრავლესობას ამჟამად არც ერთი პარტია არ ფლობს, რაც აუცილებელს ხდის ვადამდელი არჩევნების ჩატარებას.

ყირგიზეთის ვიცე-პრემიერმა დანიარ უსენოვმა სწორედ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელთა წინაშეც ქვეყანა ახალი კონსტიტუციის მიღების შედეგად აღმოჩნდა.

[დანიარ უსენოვის ხმა] "ამჟამინდელი კონსტიტუციით, პარლამენტი მთავრობას ვერ ჩამოაყალიბებს, ვერ აირჩევს პრემიერს; რადგან არ არსებობს გამარჯვებული პარტია."

მეტიც, უსენოვის თქმით, მოქმედი კონსტიტუციით, ამჟამინდელი პარლამენტი უფლებამოსილი არ არის, გადაწყვეტილებები მიიღოს.

[დანიარ უსენოვის ხმა] "დღეს პარლამენტი გადაწყვეტილებებს იღებს 38 ხმით. ეს კონსტიტუციის დარღვევაა, რადგან მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, გვყავს 90 დეპუტატი. შესაბამისად კვორუმი შეადგენს 46-ს, გადაწყვეტილებების მიღებასაც 46 ხმა სჭირდება."

თუ ფელიქს ყულოვმა - როგორც ზემოთ დავინახეთ - თავი შეიკავა პარლამენტის დაშლის მოწოდებისგან, დანიარ უსენოვმა პირდაპირ თქვა, რომ შექმნილ ვითარებაში ყველაზე უპრიანი გადაწყვეტილება სწორედ პარლამენტის თვითდაშლა იქნებოდა.

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ყირგიზეთში უკვე დაიწყო სამზადისი ვადამდელი არჩევნებისთვის. ბევრმა სწორედ ამის ნიშნად აღიქვა პრეზიდენტ ბაკიევის გადაწყვეტილება, თანამდებობიდან დაეთხოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ტუიგუნალი აბდრაიმოვი.
XS
SM
MD
LG