Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბანის შეიარაღებული ძალების შენაერთები სამხრეთისკენ დაიძრნენ


ლიბანის ჯარის შენაერთებმა ისრაელის საზღვრის გასწვრივ, სამხრეთისკენ მოძრაობა დაიწყეს. ეს პირველია ეტაპია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით გათვალისწინებული ოპერაციისა,

რომელიც სამხრეთ ლიბანში ამ ქვეყნის 15-ათასკაციანი ჯარისა და გაეროს მშვიდობისდამცველთა კონტინგენტის განთავსებით უნდა დასრულდეს. პარალელურად ეს ტერიტორია უნდა დატოვოს ისრაელის ჯარმა. ისრაელი სამხედროები აცხადებენ, რომ უკვე დატოვეს კონფლიქტის დაწყებიდან ოკუპირებული ტერიტორიის ორი მესამედი და - იმის მიხედვით, თუ რა ტემპით განთავსდება ხსენებულ ტერიტორიაზე ლიბანის არმია - მზად არიან, ათ დღეში მთლიანად გავიდნენ სამხრეთი ლიბანიდან.

დღეს გამთენიისას, ლიბანის შეიარაღებული ძალების შენაერთებმა - ტანკებისა და ჯავშანმანქანების თანხლებით - გადაკვეთეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მდინარე ლიტანი, რითაც, 1969 წლიდან მოყოლებული, ამ ტერიტორიაზე პრაქტიკულად პირველად გაავრცელეს ლიბანის ხელისუფლების იურისდიქცია. ლიბანის მინისტრთა კაბინეტის მიერ ოთხშაბათს დამტკიცებული გეგმის ეს საფეხური საკვანძო მნიშვნელობისაა ისრაელის ჩრდილოეთი საზღვრების მიმდებარე ტერიტორიიდან "ჰისბოლაჰის" დაჯგუფების განდევნისთვის; თუმცა, ის ჯერ კიდევ შორს არის გაეროსა და ისრაელის კატეგორიული მოთხოვნის დაკმაყოფილებისგან, განიარაღებულ იქნეს ხსენებული შიიტური ორგანიზაცია.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარკ რეგევმა განაცხადა, რომ ისრაელი შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და იქვე დასძინა, ამასვე ველით ლიბანისგანო.

[მარკ რეგევის ხმა] "ისრაელი განუხრელად შეასრულებს კონფლიქტის მოგვარების მიზნით ნაკისრ ვალდებულებებს - როგორც ამას ითვალისწინებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ნომერი 17-01. ვიმედოვნებთ, რომ ასევე მოიქცევა ლიბანის ხელისუფლება. მან ქვეყნის სამხრეთში თავისი ძალები უნდა განათავსოს და იქ "ჰისბოლაჰის" დაჯგუფებისგან თავისუფალი ზონა შექმნას. ასეთია ჩვენი მოლოდინი, ასეთია რეზოლუციის მოთხოვნები."

დღეს დილიდან ისრაელის ჯარის ნაწილებმა დაიწყეს დაკავებული პოზიციების გადაცემა გაეროს სამშვიდობო ძალების ორიათასკაციანი კონტინგენტისთვის და, როგორც მალევე განაცხადეს, ტერიტორიის ორი მესამედი უკვე გადააბარეს კიდეც მას. მოგვიანებით გაეროს ჯარი ამ ტერიტორიას ლიბანის არმიის შენაერთებს გადასცემს. სწორედ ასე წერია უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში.

გაეროს სამშვიდობო ძალების გაძღოლის სურვილი საფრანგეთმა გამოხატა. ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მიშელ ალიო-მარიმ იმედი გამოთქვა, რომ სამშვიდობო ძალების დაკომპლექტებაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ევროპის ქვეყნები, ისე მუსულმანური სახელმწიფოები.

[მიშელ ალიო-მარის ხმა] "აუცილებელია, ევროპის ქვეყნების რაც შეიძლება დიდმა რაოდენობამ მიიღოს მონაწილეობა ახალი საერთაშორისო სამშვიდობო ჯარის დაკომპლექტებაში. და თან მის შემადგენლობაში რაც შეიძლება მეტი მუსულმანური სახელმწიფო უნდა ჩავრთოთ."

საფრანგეთის საზოგადოებრივი ტელევიზიით გამოსვლისას, ალიო-მარიმ დასძინა, რომ გაეროს სამშვიდობო მისიის წარმატება დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად მკაფიოდ განსაზღვრული მანდატით იმოქმედებს იგი.

[მიშელ ალიო-მარის ხმა] "როცა სადმე აგზავნი ჯარს, რომლის მისია მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, და არც მისი რესურსებია საკმარისად დიდი და პირობებს მორგებული, შეიძლება კატასტროფის წინაშე აღმოჩნდე - ეს იმ ჯარისკაცებსაც ეხება, რომელთაც იქ ვაგზავნით."

გაერო იმედოვნებს, რომ უახლოესი 10-15 დღის მანძილზე გაეროს სამშვიდობო კონტინგენტს სხვადასხვა ქვეყნის 3500-მდე სამხედრო მოსამსახურე შეავსებს. თუმცა, ზუსტად ჯერჯერობით არავინ იცის, რომელიც ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას სამშვიდობო ჯარის დაკომპლექტებაში.
XS
SM
MD
LG