Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად მტკიცეა საზავო შეთანხმება ისრაელსა და ''ჰისბოლაჰის'' დაჯგუფებას შორის?


ორშაბათს დილით ძალაში შევიდა საზავო შეთანხმება ისრაელსა და "ჰისბოლაჰის" დაჯგუფებას შორის. ლიბანიდან მიღებული ცნობები ადასტურებს, რომ მხარეები ზავს იცავენ,

თუმცა ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, ამ შეთანხმებას დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია.

სამხრეთ ლიბანში სროლა ორშაბათს დილითაც ისმოდა.

[ისმის სროლის ხმა]

თუმცა, ადგილობრივი დროით ზუსტად 8 საათზე მხარეებმა სროლა შეწყვიტეს.

[ისრაელის არმიის ოფიცრის ხმა] " შევდივართ ზავის ფაზაში. სროლა შეწყდა. იმედი გვაქვს, რომ საზავო შეთანხმება პრაქტიკულადაც განხორციელდება. მოგიწოდებთ, ყურადღება არ მოადუნოთ და მზადყოფნის ხარისხი არ შეასუსტოთ, რადგან გამორიცხული არ არის, "ჰისბოლაჰმა" ზავი დაარღვიოს; და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ სამხრეთ ლიბანში მყოფი ჩვენი შენაერთების დასახმარებლად, თუ ეს საჭირო შეიქნა."

ეს ისრაელის არმიის ოფიცერი იყო, რომელმაც თავის ხელქვეითებს რადიოთი მიმართა. ასეთივე შინაარსის ბრძანება გასცეს "ჰისბოლაჰის" მეთაურებმა, რითაც ჯერჯერობით ბოლო მოეღო 34-დღიან კონფლიქტს, რომელმაც 1300-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა - ძირითადად ლიბანელთა შორის.

რამდენად მტკიცეა ზავი? ეს არის კითხვა, რომელიც ახლა ყველაზე მეტად აწუხებთ არა მხოლოდ კონფლიქტში დაპირისპირებულ მხარეებს, არამედ მსოფლიოს ლიდერებსაც. ამ კითხვაზე პასუხი დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მალე მოახერხებენ დიპლომატები დღემდე მოუგვარებელი პრობლემების მოგვარებას.

პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, სამხრეთ ლიბანში გაეროს ეგიდით მოქმედი 15-ათასკაციანი ჯარის განთავსებაა. საზავო შეთანხმების პირობებით, ისრაელმა ამ ტერიტორიიდან თავისი სამხედრო შენაერთები უნდა გაიყვანოს. მაგრამ საერთაშორისო სამშვიდობო ჯარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაშია. მის შემადგენლობაში საკუთარი ჯარისკაცების გაგზავნაზე თანხმობა განაცხადეს ინდონეზიამ, იტალიამ, მალაიზიამ, მაროკომ, ესპანეთმა და თურქეთმა. ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანა - მათ შორის საფრანგეთი - ამჟამად განიხილავს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის შესაძლებლობას.

ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორი მანდატი ექნება სამშვიდობო ძალებს; კერძოდ, ექნებათ თუ არა მის მოსამსახურეებს იარაღის გამოყენების უფლება, თუ ამას საზავო შეთანხმების შესრულება მოითხოვს. არც ის არის ნათელი, დათანხმდება თუ არა "ჰისბოლაჰი" განიარაღებაზე, როგორც ამას გაეროს რეზოლუცია მოითხოვს. განიარაღების საკითხზე "ჰისბოლაჰის" ლიდერს შეიხ ჰასან ნასრალას ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

[შეიხ ჰასან ნასრალას ხმა] "ჩვენ უკვე ვთქვით, რომ თანახმა ვართ, აქ განთავსდეს ლიბანის არმია, რომელსაც მხარს დაუჭერდა გაეროს საერთაშორისო ძალები. ასეთ შემთხვევაში "ჰისბოლაჰი" მზად არის მათთან თანამშრომლობისთვის."

"ჰისბოლაჰის" ლიდერის ეს განცხადება გუშინ, ანუ საზავო შეთანხმების ამოქმედებამდე არის ჩაწერილი. ამასობაში საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები ცდილობენ ისარგებლონ ცეცხლის შეწყვეტით და დახმარება მიაწოდონ მათ, ვისაც ეს დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. დღეს რეგიონში ჩადის ევროპის კავშირის კომისარი ჰუმანიტარული ოპერაციების სფეროში ლუი მიშელი. აი, რა თქვა ამ ვიზიტის პროგრამასა და მიზნებზე ევროკომისიის პრესმდივანმა ანტონია მოკანმა.

[ანტონია მოკანის ხმა] "ლიბანში ის შეხვდება პრემიერ-მინისტრსა და ამ ქვეყნის მთავრობის სხვა წევრებს, ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლებს; მოინახულებს იძულებით ადგილნაცვალ პირთა ბანაკებს. ტელ-ავივში დაგეგმილია შეხვედრები ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან. ვიზიტის უმთავრესი მიზანია, უზრუნველყოფილ იქნეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა შეუფერხებელი ჰუმანიტარული დახმარება და საომარი მოქმედებების განუახლებლობა."
XS
SM
MD
LG