Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი ხელს არ შეუშლის ლიბანში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანას


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ხელს არ შეუშლის ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, საჰაერო გზით ჩაიტანონ ტვირთი ლიბანში

და ამით შეამსუბუქონ ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც ორგანიზაცია "ჰისბოლაჰის" წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის გაინტენსიურებამ გამოიწვია. ეს განცხადება ოლმერტმა იერუსალიმში გააკეთა, სადაც დღესვე, დილით, შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს.

ეჰუდ ოლმერტისა და კონდოლიზა რაისის ერთსულოვნება ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდა "ჰისბოლაჰის" წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო კამპანიის შეფასებისას. ერთმაც და მეორემაც აღნიშნეს, რომ მიუღებელია ისეთი საზავო შეთანხმება, რომელიც სამხრეთ ლიბანს კვლავაც "ჰისბოლაჰის" კონტროლქვეშ დატოვებდა. ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა არაორაზროვნად მიანიშნა სირიასა და ირანზე, რომლებიც - როგორც ვაშინგტონი ამტკიცებს - აქტიურად ეხმარებიან ისრაელის წინააღმდეგ მებრძოლ შიიტ მუსლიმანებს.

[კონდოლიზა რაისის ხმა] "არსებულ ვითარებაზე მსჯელობისას, მუდამ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, როგორი ახლო აღმოსავლეთის აშენებას ვცდილობთ. დადგა დრო ახლებური ახლო აღმოსავლეთისა. დადგა დრო, გავაგებინოთ მათ, ვისაც სხვაგვარი ახლო აღმოსავლეთი სურს, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, და არა ისინი."

იმავე პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრძოლა მიმდინარეობს არა ლიბანელი ხალხის, არამედ "ჰისბოლაჰის" დაჯგუფების წინააღმდეგ და რომ ამ ბრძოლის წარმატებულ დასასრულში თვით ლიბანელები და მათი მთავრობა უნდა იყვნენ დაინტერესებული.

[ეჰუდ ოლმერტის ხმა] "ჩვენ არ ვებრძვით ლიბანის მთავრობას, არ ვებრძვით ლიბანელ ხალხს. ლიბანის მთავრობა, იმედი მაქვს, ყოველ ღონეს იხმარს, რათა გაემიჯნოს "ჰისბოლაჰს" და ტერორისტულ ორგანიზაციებს. როგორც კი ამას გააკეთებს, ჩვენი სახით აღმოაჩენს პარტნიორს ნებისმიერ საქმეში, რომელიც ცხოვრებას გაუიოლებს და გაუუმჯობესებს ლიბანელებს; პარტნიორს, რომელიც მას ომის დამთავრებაშიც დაეხმარება."

ძნელი წარმოსადგენია, ისრაელის ლიდერის ამ სიტყვებს ლიბანში მოწონებით, ან თუნდაც გაგებით შეხვდნენ. ისრაელის სამხედრო კამპანიის შედეგად დაღუპულ სამოქალაქო პირთა რიცხვი უკვე თითქმის 400-ს აღწევს. გაცილებით მეტია დაჭრილთა რაოდენობა, ასიათასობით განიზომება იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა. განადგურებულია ქვეყნის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი: დანგრეულია მაგისტრალური საავტომობილო და სარკინიგზო კომუნიკაციები, ხიდები, ელექტროსადგურები, სატელევიზიო ანძები. ყოველდღიურად ვრცელდება ცნობები ისრაელის არმიის იერიშების შედეგად სამოქალაქო პირების - მათ შორის, ქალების, ბავშვების, მოხუცების - დაღუპვის შესახებ.

შესაბამისად, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, როგორ აღიქვამენ არაბულ სამყაროში ისრაელისა თუ შეერთებული შტატების ლიდერთა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ეს ყველაფერი ლიბანელი ხალხის სასიკეთოდ კეთდება. არაბებს შორის გამეფებული განწყობილების წარმოსადგენად, საკმარისია მოვუსმინოთ მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ რამალას ერთი მკვიდრის პასუხს შეკითხვაზე, მიესალმება თუ არა იგი კონდოლიზა რაისის სტუმრობას პალესტინელთა ტერიტორიებზე.

[რამალას მცხოვრების ხმა] "ჩვენ არ მივესალმებით კონდოლიზა რაისის ვიზიტს, რადგან ის წარმოადგენს იმპერიალისტურსა და სიონისტურ პოლიტიკას. ამის დასტურია მისი პოზიცია, ისრაელს ხელი არ ააღებინოს ლიბანში ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ცეცხლის შეწყვეტაზე."

ასეთი გახლდათ ქალაქ რამალას ერთი მცხოვრების მოსაზრება კონდოლიზა რაისის ვიზიტზე. ვიზიტი კი, ცხადია, მაინც შედგა და სამშაბათს საღამოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პალესტინელთა ავტონომიის ლიდერს მაჰმუდ აბასს შეხვდა.
XS
SM
MD
LG