Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაზე ისაუბრებენ ჯორჯ ბუში და მიხეილ სააკაშვილი?


დღეს მიხეილ სააკაშვილი შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. საქართველოს პრეზიდენტის სამდღიანი ვიზიტის უმთავრესი მოვლენაა 5 ივლისისთვის, თეთრ სახლში დანიშნული შეხვედრა

მასპინძელი ქვეყნის ლიდერთან. სპეციალისტთა ვარაუდით, ჯორჯ ბუში და მიხეილ სააკაშვილი ისაუბრებენ ნატოსა და საქართველოს ურთიერთობებზე, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ექსპერტთა ნაწილის აზრით, ის გარემოება, რომ ბუშისა და სააკაშვილის შეხვედრა პეტერბურგის "დიდი რვიანის" სამიტამდე ათიოდე დღით ადრე იმართება, მოსკოვისთვის გარკვეული სიგნალის გაგზავნას ემსახურება.

ოთხშაბათისთვის, თეთრ სახლში დაგეგმილი შეხვედრა სააკაშვილთან ბუშის პირველი შეხვედრა არ იქნება, რომელსაც ვაშინგტონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უშუალოდ რუსეთში გამაგზავრებამდე აწყობს. გაიხსენეთ შარშანდელი მაისი, როცა მოსკოვში მიმავალი ამერიკის პრეზიდენტი თბილისში ჩაფრინდა და ცეკვა-თამაშითა და ქართული სამზარეულოს კერძებით დატვირთული საღამოს შემდეგ, მეორე დილით ქართულად მიმართა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათიათასობით ადამიანს: გამარჯობათო. ბუშის იმ ვიზიტს მიხეილ სააკაშვილმა მთელს რეგიონში "დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერის უპრეცედენტო ჟესტი" უწოდა. ახლა, "დიდი რვიანის" პეტერბურგის სამიტის წინ, საქართველოს პრეზიდენტი თავად ეწვევა ვაშინგტონს, რაც, ჰადსონის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის, ზეინო ბარანის აზრით, ნიშანდობლივია.

[ზეინო ბარანის ხმა] "გარკვეული თვალსაზრისით, მეტად სიმბოლურად შეიძლება ჩაითვალოს, რომ სანკტ-პეტერბურგის სამიტამდე სააკაშვილი აქ ჩამოდის და რომ გაყინული კონფლიქტების საკითხი "დიდი რვიანის" დღის წესრიგში იქნება - მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამის წინააღმდეგი იყო."

ზეინო ბარანის თქმით, სააკაშვილი ცდილობს, გააღრმავოს ის მეგობრობა, რომელიც მასა და ბუშს შორის შარშან მაისში ჩაისახა. როგორც ექსპერტი განმარტავს, ეს რამდენიმე თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი.

[ზეინო ბარანის ხმა] "ქართველებისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხი იყო, სააკაშვილისა და ბუშის პირისპირ შეხვედრა მოეწყოთ - იმის გათვალისწინებით, რომ პუტინსა და ბუშს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. ჩემი აზრით, სააკაშვილს ძალიან ეწადა ბუშთან საუბარი, უნდოდა, მისთვის თავისი არსებობა შეეხსენებინა, ეთქვა ისიც, რომ მეგობარია და რომ ჯერ კიდევ არის რაღაც-რაღაცები, რაშიც ამერიკის დახმარება სჭირდება, განსაკუთრებით გაყინული კონფლიქტების საკითხში."

ზეინო ბარანის მოსაზრებას ყველა სპეციალისტი როდი იზიარებს. ზოგი, მაგალითად, ფიქრობს, რომ "დიდი რვიანის" წინ სააკაშვილთან შეხვედრით ვაშინგტონი თავის მისიას შესრულებულად ჩათვლის და უშუალოდ სამიტის დროს თავს შეიკავებს მოსკოვზე ზეწოლისგან. რადიო "თავისუფლების" ვაშინგტონელ კორესპონდენტთან, ჯული კორვინთან საუბარში სწორედ ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს კორი უელტი, უსაფრთხოებისა და საერთაშორისო კვლევის ცენტრის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის დირექტორის მოადგილე. კერძოდ, უელტი ამბობს, რომ სააკაშვილთან ბუშის შეხვედრის მოწყობით თეთრი სახლი გადაწყვეტს, რომ საჯაროობის საკმარისი ხარისხი შესძინა "გაყინულ კონფლიქტებს".

[კორი უელტის ხმა] "როგორც ჩანს, მათ მართლაც მიეცემათ საშუალება, ამ საკითხებზე ისაუბრონ. თუმცა, რუსეთის მხრიდან ამის მიმართ ალბათ ასეთი დამოკიდებულება იქნება: კი ბატონო, ვილაპარაკოთ, მაგრამ საქმით ჩვენგან ბევრს ნურაფერს ელითო."

ვაშინგტონშიც და პეტერბურგშიც დიდი ყურადღება დაეთმობა ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს. კორი უელტი ვარაუდობს, რომ თეთრ სახლში შეხვედრისას, ბუში სააკაშვილს ურჩევს, თავი შეიკავოს მილსადენების ქსელის გაყიდვისგან. შეერთებულმა შტატებმა "ათასწლეულის გამოწვევის" პროგრამის ფარგლებში შარშან უკვე გამოუყო საქართველოს 295 მილიონი დოლარი, რომლის ნაწილი სწორედ მილსადენების ქსელის რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს. მიუხედავად ამისა, მილსადენების ქსელის გაყიდვის საკითხი დროდადრო მაინც დგება დღის წესრიგში, რაც, უელტის აზრის, სულ უფრო და უფრო მაცდურ წინადადებებს უკავშირდება.

კორი უელტს ეთანხმება ზეინო ბარანიც. მისი ვარაუდით, ბუში სააკაშვილს ურჩევს, "გაზპრომისა" და რუსეთის სხვა კომპანიების ზეწოლას ნუ დაჰყვებიო.

[ზეინო ბარანის ხმა] "ვფიქრობ, ამერიკელები თბილისს ეუბნებიან, სწორ გზას ნუ გადაუხვევთო. დიახ, რუსეთის მხრიდან ზეწოლის ფონზე არაერთი მძიმე ზამთარი გადაიტანეთ; დიახ, გაზპრომიც გაგიზრდით გადასახადს. მაგრამ თქვენი ქსელი კიდეც რომ გაყიდოთ, თავი ქუდში მაინც არ გექნებათო."

5 ივლისის შეხვედრაზე სათქმელი სააკაშვილსაც უთუოდ ექნება. როგორც ექსპერტები ფიქრობენ, საქართველოს ლიდერი შეეცდება, მოიპოვოს ბუშის მხარდაჭერა ნატოში გაწევრიანების დაჩქარების მიზნით. თბილისი ნატოსგან გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებას ესწრაფის, მაგრამ, როგორც კორი უელტი ფიქრობს, შეიძლება "ინტენსიური დიალოგის" ფორმატზე დაყაბულება მოუხდეს.

[კორი უელტის ხმა] "ჩემი აზრით, ისინი ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა მიიღონ თეთრი სახლის მხარდაჭერა ნატოსთან ურთიერთობაში საქართველოს სტატუსის ამაღლების თვალსაზრისით."

როგორც კორი უელტი ამბობს, ნაკლებად მოსალოდნელია, ბუშისა და სააკაშვილის შეხვედრაზე საქართველოს საშინაო პოლიტიკის საკითხებზე იმსჯელონ. თუმცა, ვაშინგტონელი ექსპერტის აზრით, ურიგო არ იქნებოდა, მშვიდად და აუღელვებლად, განხილულ იქნეს საქართველოს საშინაო პოლიტიკის ზოგიერთი ასპექტი. მათგან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესად კორი უელტი მომავალ ადგილობრივ არჩევნებს მიიჩნევს. ეს კენჭისყრა, მისი თქმით, სერიოზული გამოცდა იქნება დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე.
XS
SM
MD
LG