Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაზე იმსჯელებენ ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სოფიაში?


27-28 აპრილს ნატოს წევრი 26 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები სოფიაში იკრიბებიან, რათა ჩრდილოატლანტიკური კავშირის ნოემბრის სამიტის პოლიტიკურ ასპექტებზე იმსჯელონ.

სამშაბათს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, პრესკონფერენცია გამართა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა, რომელსაც, სხვათა შორის, საქართველოსთან დაკავშირებულ რამდენიმე შეკითხვაზე პასუხის გაცემაც მოუხდა.

შესავალ სიტყვაში ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სოფიის შეხვედრა არაოფიციალურია და მასზე არავითარ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ. კონსულტაციების მიზანი, სხეფერის თქმით, არის ნიადაგის შემზადება რიგის სამიტისთვის და იმ თემების მონიშვნა, რომლებზეც ალიანსის ლიდერები ნოემბერში იმსჯელებენ. ხოლო ის გარემოება, რომ სოფიის შეხვედრაში მონაწილეობენ არა თავდაცვის, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრები, იმაზე მიგვანიშნებს, რომ მსჯელობის საგანი პოლიტიკურ საკითხები იქნება და არა სამხედრო.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრები სოფიაში განიხილავენ, ნატოს სამომავლო გაფართოებაა. ამ თემაზე საუბრისას, ნატოს მესვეურმა საჭიროდ მიიჩნია, დამსწრე ჟურნალისტებისთვის ასეთი განმარტება მიეცა:

[იაპ დე ჰოოპ სხეფერის ხმა] "საუბარი არ არის ნატოს გლობალურ ალიანსად გადაქცევაზე. საუბარია ნატოს გადაქცევაზე ალიანსად, რომელსაც პარტნიორები მთელს მსოფლიოში ეყოლება. რადგან ნატოს წინაშე არსებული საფრთხეები და ამოცანები სწორედ გლობალურ ხასიათს ატარებს. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც მინისტრები იმსჯელებენ და რომელსაც რიგის სამიტის დღის წესრიგში დიდი ადგილი დაეთმობა."

საქართველოში ბევრს აინტერესებს: უნდა ველოდეთ თუ არა ნოემბრის სამიტისგან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ნატოს გაფართოების საკითხში? ამ კითხვაზე გენერალური მდივნის პასუხი უარყოფითია.

[იაპ დე ჰოოპ სხეფერის ხმა] "რიგის სამიტი არ იქნება სამიტი, რომლის ფარგლებშიც ნატოს გაფართოებაზე რაიმე გადაწყვეტილებებს მივიღებთ. საამისო დრო ჯერ არ დამდგარა. მაგრამ ვიცი, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ნატოში გაწევრიანებას ესწრაფიან და ახლა სხვადასხვა ეტაპზე იმყოფებიან, რიგაში კავშირის წევრებისგან ნიშანს ელიან. ვიცი ისიც, რომ მოკავშირეები განიხილავენ, სურთ თუ არა ასეთი ნიშნის მიცემა. ხოლო თუ სურთ - და ვფიქრობ, რომ საქმე სწორედ ასეა - რა სახის ნიშანი უნდა იყოს ეს."


სხეფერმა დასძინა, რომ რიგის სამიტი ალიანსის წევრი 26 სახელმწიფოს სამიტი იქნება, ანუ მის ფარგლებში არ მოეწყობა ოფიციალური შეხვედრები სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან. მას შემდეგ, რაც გენერალურმა მდივანი ნატო-რუსეთის ურთიერთობებს შეეხო და ამ კონტექსტში კმაყოფილება გამოთქვა საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანაზე მოსკოვსა და თბილისს შორის ახლახან მიღწეული შეთანხმების გამო, უკრაინელმა ჟურნალისტმა სხეფერს ჰკითხა, განიხილავენ თუ არა სოფიის შეხვედრის მონაწილეები საქართველოს საკითხს და თუ განიხილავენ, რა გავლენას იქონიებს მათს გადაწყვეტილებაზე საქართველოში არსებული მოუგვარებელი კონფლიქტები.

[იაპ დე ჰოოპ სხეფერის ხმა] "ჩემს შესავალ სიტყვაში უკვე ვახსენე ნატოს გაწევრიანების მოსურნე ქვეყნები და, რა თქმა უნდა, საქართველოც ვიგულისხმე. მაგრამ მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებ და ვერ ვისაუბრებ კონკრეტულ პირობებზე თუ ვადებზე; ანუ იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს უკრაინისა და საქართველოსთვის, ისევე, როგორც MAP-ის წევრი ბალკანეთის სამი სახელმწიფოსთვის. მაგრამ ვიმეორებ: გაწევრიანების მსურველები ელიან ნიშანს და, ვფიქრობ, რიგაში ასეთ ნიშანს მიიღებენ კიდეც. რაც შეეხება ამ ნიშნის შინაარსსა და ხასიათს, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, რადგან საკითხის განხილვას მინისტრებთან ერთად მხოლოდ ახლა, სოფიაში ვიწყებთ."

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ჟურნალისტები პრესკონფერენციას არ ესწრებოდნენ, იაპ დე ჰოოპ სხეფერს საქართველოსთან დაკავშირებით კიდევ ერთ შეკითხვაზე მოუხდა პასუხის გაცემა. ავტორიტეტიანი კვლევითი ორგანიზაციის, "ჯეინს ინტელიჯენსის" ექსპერტმა მას ჰკითხა, დაგეგმილია თუ არა რიგაში საქართველოს საკითხის განხილვაო; და კიდევ: როგორ უპასუხებთ საქართველოს ლიდერთა არგუმენტს, რომ თუ ეს ქვეყანა 2008 წელს ნატოში არ გაწევრიანდა, იქ მიმდინარე რეფორმებს საფრთხე შეექმნებაო. გენერალური მდივნის პასუხი ისევ და ისევ დიპლომატიური იყო:

[იაპ დე ჰოოპ სხეფერის ხმა] "როცა ვამბობ, რომ რიგის სამიტისთვის მზადება გაწევრიანების მოსურნეებისთვის ნიშნის მიცემაზე მსჯელობასაც ითვალისწინებს, ვგულისხმობ ყველა მოსურნე სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოსაც. მაგრამ დეტალებზე ახლა ვერ ვილაპარაკებ, ეს მეტად პოლიტიკური საკითხია. რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს: საქართველოსთან ჩვენ აზრთა ინტენსიური გაცვლა-გამოცვლა გვაქვს. სულ ახლახან სტუმრად გვყავდა სამი ქართველი მინისტრი: საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, აგრეთვე, სახელმწიფო მინისტრი ინტეგრაციის საკითხებში ბარამიძე. ასე რომ, საქართველოსთან ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ და ახლა არ ვაპირებ პროგნოზების კეთებას იმაზე, რა მოხდება ამ შემთხვევაში თუ იმ შემთხვევაში."
XS
SM
MD
LG