Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


განვლილი კვირის პოლიტიკური ცხოვრებიდან უცხოეთის პრესის ყურადღების ცენტრში სამი მოვლენა მოხვდა:

ირანის განცხადება, რომ ურანის გამდიდრება მოახერხა; საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, უარი ეთქვა შრომის კანონში დაგეგმილი ცვლილებების შეტანაზე და იტალიის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციის მარცხი. პრესის მიმოხილვას დავით კაკაბაძე სწორედ ამ უკანასკნელით - იტალიის საპარლამენტო არჩევნების თემით დაიწყებს.

საფრანგეთის გაზეთი "მონდი" შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ კენჭისყრამ იტალია ორად გახლიჩა: "ქვეყანა ორად არის გაყოფილი და პოლიტიკოსებს ახლა სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. პარლამენტმა მალე ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს, რადგან ამ თანამდებობის ამჟამინდელ მფლობელს - კარლო-აძელიო ჩამპის -უფლებამოსილების ვადა ეწურება. შემდეგ მთავრობამ უნდა დაამტკიცოს ბიუჯეტი და გაატაროს ძირფესვიანი სოციალური რეფორმები, რომელთაც აქამდე სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. გარდა ამისა, აუცილებელია შესუსტებული ეკონომიკის აღორძინებაც. ამ ამოცანების გადაჭრა იოლი არ იქნება, მაგრამ იტალიის მეზობლებს მაინც საკმარისი საფუძველი აქვთ, უხაროდეთ. სხვა თუ არაფერი, მათ ეყოლებათ სანდო პარტნიორი, რომელიც ევროპის იდეების ერთგულია."

ავსტრიის გაზეთი "შტანდარდი" რომანო პროდის გამარჯვებასა და სილვიო ბერლუსკონის მარცხს სხვაგვარად აფასებს: "თუ სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინათ ბერლუსკონის ცოტა ვინმე თუ უწინასწარმეტყველებდა წარმატებას, წინასაარჩევნო პაექრობაში მან მაინც მოახერხა მდგომარეობის გამოსწორება და თავიდან აიცილა გამანადგურებელი მარცხი. ახლა მას შეელია, მოხერხებულად მოკალათდეს ოპოზიციონერის სავარძელში, თანაც ისე, რომ პროდის ქვევიდან ზევით არ უყურებდეს; შეეძლება, თვალი ადევნოს, როგორ იწვალებს ყოველი კენჭისყრისას პროდის ლამის მოქმედების უუნარო მთავრობა და თან სულ უფრო განავრცოს ზოგჯერ მართლაც სასაცილო შეთქმულების თეორიები. ბერლუსკონიმ, შესაძლოა, წაიბორძიკა, მაგრამ წაქცევით ჯერ ნამდვილად არ წაქცეულა."

თურქეთის გაზეთი "მილიეთი" ყურადღებას ამახვილებს მეტოქეთა შორის არსებულ ძირითად განსხვავებებზე: "კავალიერემ" (ეს ბერლუსკონის მეტსახელია) მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქვეყნის პოლიტიკურსა და ეკონომიკურ ცხოვრებაზე; თავისი ქარიზმის წყალობით მან მოსახლეობის სიმპათიაც მოიპოვა. მაგრამ მოუგვარებელმა ეკონომიკურმა და სოციალურმა პრობლემებმა ბევრ მოქალაქეს არჩევანი "პროფესორეს" - ანუ პროდის - სასარგებლოდ გააკეთებინა, რადგან ეს უკანასკნელი ხალხს რეფორმების გატარებასა და ცვლილებებს დაპირდა."

დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ირანის ლიდერთა განცხადებამ, რომ ეს ქვეყანა მსოფლიოს ბირთვულ სახელმწიფოთა რიცხვში შევიდა. "ეს განცხადება მეხივით გავარდა - წერს რუსეთის "ნოვიე იზვესტია". - რადგან ჯერ კიდევ არსებობდა იმედი, რომ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი, მოჰამედ ბარადეი, თეირანში სტუმრობისას მოახერხებდა ირანის ლიდერების დაყოლიებას, ხელი აეღოთ ურანის გამდიდრებაზე ან, სულ ცოტა, ეს პროცესი დროებით მაინც შეეჩერებინათ."

ეხება რა ამავე საკითხს, დიდი ბრიტანეთის "ტაიმსი" ასე ახასიათებს ირანის პრეზიდენტს: "აჰმადინეჟადი პოპულისტია, რომელსაც თითქმის არ მოეპოვება პოლიტიკური გამოცდილება. ხელისუფლების სათავეში იგი მოექცა მასობრივი საპროტესტო კენჭისყრის შედეგად, რომლის დროსაც ღარიბებს არნახულ სიკეთეებს დაპირდა. მან მალევე დაინახა, რომ ამ დაპირებების შესრულება შეუძლებელი იყო. ამიტომ, ისევ ძველ ტაქტიკას მიმართა და ხელი მიჰყო გარეშე მტრის ხატის შექმნას, რითაც შერცხვენასაც გადაურჩა და ხალხის ყურადღებაც სხვა საკითხებზე გადაიტანა. აქამდე ასეთ ტაქტიკას არაერთხელ მოუტანია წარმატება."

დაბოლოს, ერთი ციტატა დანიის გაზეთ "ბერლინგსკე ტიდენდედან", რომელიც საფრანგეთში შრომის კანონში დაგეგმილ ცვლილებებსა და, საბოლოოდ, მათზე უარის თქმის საკითხს აშუქებს: "ერთი შეხედვით, პარიზში გამართული საპროტესტო დემონსტრაციების ახალგაზრდა მონაწილეებმა წარმატება მოიპოვეს. მაგრამ საკითხავია, ეს გამარჯვება სინამდვილეში მარცხი ხომ არ არის. რადგან არავითარი საფუძველი არ არსებობს, ვიფიქროთ, რომ საფრანგეთის მთავრობას საბოლოოდ მაინც ეყოფა სითამამე, შრომის ბაზარზე აუცილებელი რეფორმები გაატაროს. ამიტომ, მისი გუშინდელი გადაწყვეტილება, უარი ეთქვა შრომის კანონში დაგეგმილი ცვლილებების შეტანაზე, სინამდვილეში მარცხია საფრანგეთის საზოგადოებისთვის, ახალგაზრდებისთვის, მთელი ევროპისთვის."
XS
SM
MD
LG