Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი სომხეთს ეხმარება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვართან ოსკანიანმა მონაწილეობა მიიღეს ვაშინგტონში გამართულ საზეიმო ცერემონიაში,

რომელიც სომხეთისთვის 235-მილიონდოლარიანი დახმარების პროგრამის ხელმოწერას მიეძღვნა. ეს თანხა სომხეთს აშშ-ის განვითარების სააგენტომ - ”ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ” - ჯერ კიდევ შარშან, დეკემბერში გამოუყო. რას უნდა მოხმარდეს გამოყოფილი თანხა და რატომ გაჭიანურდა დოკუმენტის გაფორმება?

დავიწყოთ იმით, თუ რატომ გადაიდო რამდენიმე თვით შეთანხმების გაფორმება და დახმარების პროგრამის ამოქმედება. საქმე ის გახლავთ, რომ უცხოელი მეთვალყურეები და ექსპერტები უკმაყოფილო არიან სომხეთში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხარისხით. კერძოდ, მათი შეშფოთება გამოიწვია შარშან, ნოემბერში ჩატარებულმა რეფერენდუმმა, რომლის შედეგად კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა გადაწყდა. პრეტენზიები უკავშირდება არა იმდენად ცვლილებათა შინაარსს (თუმცა ნაწილობრივ მათაც), რამდენადაც თვით კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესში დაფიქსირებულ მრავალრიცხოვან დარღვევებს. ამიტომ, ვიდრე ვაშინგტონმა ერევნისგან არ მოისმინა დაპირება, რომ მომავალ არჩევნებში მსგავსი რამ არ განმეორდება, დახმარების პროგრამის განხორციელება შეჩერებული იყო.

რას მოხმარდება ”ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” მიერ სომხეთისთვის გამოყოფილი 235 650 000 დოლარი?

[კონდოლიზა რაისის ხმა] ”შეთანხმება, რომელსაც დღეს ვაფორმებთ, სასიკეთოდ იმოქმედებს 750 ათასი სომხის ცხოვრების პირობებზე, ეს კი ქვეყნის სოფლის მოსახლეობის სამ მეოთხედს შეადგენს. უახლოესი ხუთი წლის მანძილზე სომხები ათასამდე კილომეტრ სოფლის გზებს გაიყვანენ, დახვეწენ საირიგაციო და სადრენაჟო სისტემებს. ისინი დათესავენ ახალ მარცვლეულ კულტურებს და ყოველივე ამაში შეერთებული შტატები ტექნიკურად და კრედიტებით დაეხმარება სომხეთს, რომელსაც ეს დახმარება ძალიან სჭირდება.”

ეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი გახლდათ. 235 მილიონი დოლარი, რომელიც უკვე ვახსენეთ, ხუთ წელიწადზე განაწილდება და თანხების გამოყოფა უშუალოდ იქნება დამოკიდებული სომხეთის მაჩვენებლებზე შემდეგ სამ სფეროში: პირველი - ქვეყნის სამართლიანი მართვა, მეორე - ინვესტირება მოსახლეობაში, და მესამე - ეკონომიკური თავისუფლების წახალისება. ვაშინგტონის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები სომხეთისგან ელის კონკრეტულ ნაბიჯებს, მიმართულს საარჩევნო პროცესის გადემოკრატიულებისკენ.

[კონდოლიზა რაისის ხმა] ”სომხეთმა უნდა განაგრძოს დემოკრატიული რეფორმების გატარება. როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი მეთვალყურეები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, როგორ ჩატარდა ახლახან საკონსტიტუციო რეფერენდუმი. სომხეთის მთავრობამ აღიარა, რომ პრობლემები მართლაც არსებობს და აღგვითქვა, რომ 2007 და 2008 წლებისთვის დანიშნული არჩევნებისთვის მდგომარეობას გამოასწორებს.”

კონდოლიზა რაისს მისი სომეხი კოლეგა, ვართან ოსკანიანიც დაეთანხმა.

[ვართან ოსკანიანის ხმა] ”2007 და 2008 წლების არჩევნები, რომელიც თქვენ ახსენეთ, ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გამოცდა იქნება. დარჩენილ დროში ჩვენი ამოცანაა, ვითანამშრომლოთ შეერთებულ შტატებთან და ევროპის მთავრობებთან, და განვახორციელოთ აუცილებელი კორექტივები.”

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ ქვეყნის პარლამენტმა უკვე დაიწყო მუშაობა საარჩევნო კანონში ცვლილებების შესატანად.
XS
SM
MD
LG