Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბდულ რაჰმანის საქმე და ავღანეთის პრეზიდენტის გასაჭირი


იმ გაქრისტიანებული მაჰმადიანის ამბავი, რომელსაც ავღანეთში სიკვდილით დასჯა ემუქრება მხოლოდ იმისთვის, რომ მუჰამედის რწმენა უარყო, დიდ მითქმა-მოთქმას იწვევს

როგორც მუსლიმურ სამყაროში, ისე მთელი მსოფლიოს საქრისტიანოშიც; განსაკუთრებით კი დასავლეთის იმ ქვეყნებში, რომელთა მთავრობები მხარს უჭერდნენ და უჭერენ ავღანეთში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. როგორც რადიო ”თავისუფლების” მიმომხილველი და ავღანეთის ექსპერტი ამინ ტარზი აღნიშნავს, არაერთი დემოკრატიული ცვლილების მიუხედავად, ქვეყნის კონსტიტუცია ჯერჯერობით მაინც ვერ ჩაითვლება სეკულარულ დოკუმენტად.

BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში მოსამართლემ, ანსარულა მავლავიზადამ, განაცხადა, რომ თუ აბდულ რაჰმანმა მისი წინადადება მიიღო და ”მშობლიურ” სარწმუნოებას დაუბრუნდა, სასამართლო მას მიუტევებს. ”რადგან ისლამი ტოლერანტული რელიგიააო”, განმარტა მოსამართლემ.

[ანსარულა მავლავიზადას ხმა]

რა მოხდება, თუ აბდულ რაჰმანმა მოსამართლის წინადადება უარყო? მაშინ მას ისლამური კანონის შესაბამისად გაასამართლებენ. ხოლო სამართლის ჰანაფის სკოლის მიხედვით, რომელსაც უპირატესობას ანიჭებს ავღანეთის კონსტიტუცია, სხვა სარწმუნოების სასარგებლოდ ისლამის უარყოფა, უმძიმესი დანაშაულია - დანაშაული, რომლის ჩამდენი სიკვდილით შეიძლება დაისაჯოს. მთავარი ის არის, კონსტიტუციის როგორ ინტერპრეტაციას მიმართავენ მოსამართლეები.

ამ საკითხში კონსტიტუცია სწორედაც რომ იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას. ქვეყნის მთავარი კანონის სისუსტე ის არის, რომ როგორც ერთი, ისე მეორე პოზიციის მიმდევრები დარწმუნებული არიან, რომ სიმართლე მათს მხარეზეა.

ამასობაში დასავლეთიდან სულ უფრო აქტიურად გაისმის ოფიციალურ პირთა განცხადებები თუ მოწოდებები ავღანეთის ლიდერთა მისამართით. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა პირდაპირ თქვა, ავღანეთი ”თალიბანის” რეჟიმისგან იმისთვის არ გაგვითავისუფლებია, რომ ადამიანები რელიგიური მრწამსისთვის სიკვდილით ისჯებოდნენო.

[ჯორჯ ბუშის ხმა] ”უაღრესად შემაშფოთებელია, რომ ქვეყანა, რომლის გათავისუფლებაში წვლილი ჩვენც მიგვიძღვის, პასუხს აგებინებს ადამიანს, რომელმაც ერთ კონკრეტულ რელიგიას მიანიჭა უპირატესობა მეორის წინაშე.”

კიდევ უფრო შორს წავიდა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ვოლფგანგ შოიბლე, რომლის განცხადებით, აბდულ რაჰმანის სასამართლო პროცესმა ავღანეთს, შესაძლოა, დაუკარგოს დასავლეთის ფინანსური და ტექნიკური დახმარება.

[ვოლფგანგ შოიბლეს ხმა] ”ჩვენ ყოველმხრივ ხელს ვუწყობთ ავღანეთის აღმშენებლობას, ამ ქვეყანაში სტაბილურობის დამყარებას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ავღანეთს უნდა ავუხსნათ: ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ რელიგიის თავისუფლების დაცვას. არ შეიძლება ადამიანი იმისთვის დასაჯო, რომ მან სარწმუნოება შეიცვალა.”

თავად 41 წლის აბდულ რაჰმანი კატეგორიულ უარს აცხადებს სასამართლოს წინადადების მიღებაზე და ამბობს, ისლამს არ დავუბრუნდებიო.

[აბდულ რაჰმანის ხმა] ”ქრისტეს რწმენა ვიწამე. ვიწამე სული წმიდა. მე ქრისტიანი ვარ.”

აბდულ რაჰმანის საქმე სერიოზულ გამოცდად იქცა ქვეყნის პრეზიდენტისთვის. ჰამიდ კარზაი ახლა ორ ცეცხლს შუაა: თუ ამ საქმეში არ ჩაერია, თავის მხარდამჭერ დასავლეთს გაანაწყენებს. ხოლო თუ ჩაერია, საგრძნობლად შეისუსტებს პოზიციებს რელიგიურ კონსერვატორთა წრეებში, რომელთა მხარდაჭერა პრეზიდენტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
XS
SM
MD
LG