Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები ირანის საკითხზე მსჯელობენ


საერთაშორისო პოლიტიკურ სარბიელზე ამ კვირის ერთ-ერთი უმთავრესი თემა ირანი გახლავთ - კერძოდ, მისი ბირთვული პროგრამის საკითხი.

ნიუ იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში, უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრის წარმომადგენლები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან, რათა განაგრძონ მსჯელობა კრიზისიდან შესაძლო გამოსავალზე. ექსპერტთა ვარაუდით, მიმდინარე კვირის მანძილზე უშიშროების საბჭო შესაბამის რეზოლუციასაც მიიღებს. რამდენად მკაცრი იქნება ამ რეზოლუციის კილო?

მიუხედავად იმისა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრის კონსულტაციების საიდუმლო ატმოსფეროში მიმდინარეობს, დასავლეთის პრესაში მაინც გაჟონა რეზოლუციის პროექტის ტექსტის ერთმა ნაწილმა. თუ ამ ტექსტით ვიმსჯელებთ, უშიშროების საბჭო შეეცდება, რეზოლუციაში უარი თქვას მუქარის კილოზე და ირანს მხოლოდ მოუწოდებს, სრულად ითანამშრომლოს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან და დამაჯერებლად დაასაბუთოს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მართლაც მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. ანუ, რეზოლუციის ტექსტში, როგორც ჩანს, ნახსენები არ იქნება სიტყვა "სანქციები" - ირანს არ დაემუქრებიან, თუ არ დაგვემორჩილე, ასე და ასე დაგსჯითო.

ამ ვარაუდებს ზურგი გაუმაგრა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეკ სტროს დღევანდელმა განცხადებამ, რომლის თანახმად შეერთებული შტატები არ აპირებს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას. BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში სტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო წარმოშობილი კრიზისი აუცილებლად მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს. არადა, ვაშინგტონის ოფიციალურ წარმომადგენლებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნას არ დაუშვებენ და ამ მიზნის მისაღწევად, თუ საჭირო გახდა, სამხედრო ძალასაც გამოიყენებენ.

პარასკევს, ვაშინგტონში, პრეზიდენტი ბუში გაზეთების რედაქტორებს შეხვდა და, სხვათა შორის, ირანის თემასაც შეეხო:

[ჯორჯ ბუშის ხმა] "ჩვენ გვსურს, ირანელებს მკაფიოდ და გარკვევით ვუთხრათ: როცა საქმე ეხება თეირანის უნარს, ბირთვული იარაღი განავითაროს, მსოფლიო ერთსულოვანია."

რამდენად რეალურია შანსი, რომ ირანის მოლაპარაკება ბირთვული პროგრამის გარშემო კვლავ განახლდეს. ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს როგორც თავად ირანში, ისე უცხოეთში. ვფიქრობ, ყურადსაღებია მოსაზრება, რომელიც შაბათს, ირანის ტელევიზიით გამოსვლისას გამოთქვა ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოტაკიმ:

[მანუჩერ მოტაკის ხმა] "მიუხედავად იმისა, რომ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოს ბოლო სხდომა მეტად მძიმე ვითარებაში ჩატარდა, მაინც გვწამს, რომ მხარეებს ჯერაც არ ამოუწურავთ მოლაპარაკების გასაგრძელებლად საჭირო ყველა რესურსი. მოვუწოდებთ ამ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა."
XS
SM
MD
LG