დავით კაკაბაძე:
გადაცემის მეორე ნაწილში გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიას". მის 634-ე გამოშვებაში გავიხსენებთ ამ ნახევარი საუკუნის წინათ მომხდარ მოვლენებს - საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცნობილ მეოცე ყრილობას და 1956 წლის 9 მარტს თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას; გიამბობთ, როგორ აპირებს ფირმა "მაიკროსოფტი" საოპერაციო სისტემა "უინდოუსის" ქართულად ამეტყველებას; ვისაუბრებთ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაზე, რომელიც ჟურნალმა "ფორბსმა" გამოაქვეყნა; ბოლოს კი მოგითხრობთ დოკუმენტური ფილმების მერვე საერთაშორისო ფესტივალ "ერთი მსოფლიოზე", რომელიც გუშინ პრაღაში დაიხურა. პრაღიდანვე "მეათე სტუდიას" დავით კაკაბაძე უძღვება.
საბჭოთა კავშირის კომპარტიის მე-20 ყრილობა და "პიროვნების კულტი"
დავით კაკაბაძე:
ამ ნახევარი საუკუნის წინ, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობაზე პარტიის მაშინდელმა ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა პირველად უწოდა სტალინის პერიოდს "პიროვნების კულტი" და პირველად დაასახელა მსხვერპლის ის რაოდენობა, რომელიც პიროვნების კულტს შეეწირა. სტალინის ეპოქიდან 50 წელიწადზე მეტია გასული, მაგრამ დაბეჯითებით დღემდე ვარავინ ამბობს, რამდენი ადამიანი ემსხვეპლა იმ რეპრესიულ მანქანას, რომელიც საბჭოთა იმპერიაში შეუჩერებლად მუშაობდა. მოუსმინეთ თამარ ჩიქოვანს.
თამარ ჩიქოვანი:
ძნელი სათქმელია, ცნობს თუ არა ისტორია დამთხვევებს. სტალინის კულტის შესახებ გაკეთებული განცხადებიდან 50 წლის თავზე ევროსაბჭომ მიიღო რეზოლუცია კომუნისტური რეჟიმის დანაშაულებრივი ხასიათის შესახებ. იმავე სხდომაზე მხოლოდ 6 ხმა დააკლდა რეკომენდაციების დამტკიცებას, რომელიც ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს იმ ღონისძიებების შესახებ, რაც კონკრეტულ ქვეყანას კომუნიზმისთვის დამახასიათებელი თვისებების რეციდივის თავიდან აცილების გარანტიებს შეუქმნის. ევროსაბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ უახლოეს ხანში ევროსაბჭო რეკომენდაციებსაც დაამტკიცებს:
[ლევან ბერძენიშვილის ხმა] "სამწუხაროა, მაგრამ ევროსაბჭომ კი მიიღო ეს რეზოლუცია, რომელმაც ყველა დაგვავალდებულა, რომ გვეკრძალება კომუნისტების ქება, რომ კომუნისტური რეჟიმი იყო დანაშაულებრივი რეჟიმი, რომ კომუნისტურმა რეჟიმმა მსოფლიოს მოუტანა ბევრი მსხვერპლი - ეს აღიარებულია და სამოქმედო გეგმაა ევროსაბჭოს ყველა წევრისთვის, მათ შორის, ჩვენთვისაც. მაგრამ იყო მეორე ნაწილიც - რეკომენდაციები. საქართველო როგორ ასრულებს ამ რეკომენდაციებს, სხვა საქმეა, მაგრამ ვერ მივიღეთ ეს რეკომენდაცია. დაგვაკლდა 6 ხმა."
ლევან ბერძენიშვილი ოპტიმისტურად არის განწყობილი და დარწმუნებულია, რომ უახლოეს სხდომაზე ევროსაბჭო მაინც მიიღებს რეკომენდაციებს, რომლებსაც ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოებისთვის სავალდებულო ხასიათი ექნება:
[ლევან ბერძენიშვილის ხმა] "კიდევ იქნება და მიიღებს ევროსაბჭო ამას - სადაც ნათქვამი იყო, როგორი უნდა იყოს მუზეუმები, როგორი უნდა იყოს აღზრდა ახალგაზრდობის, რითი უნდა იზრდებოდეს ბავშვი - მაგალითად, პატრიოტული ბანაკები აშკარა წინააღმდეგობაში მოვიდოდა იმასთან, რასაც ისინი ითხოვენ, ვინაიდან აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომელიც ხელისუფლების სასარგებლო ბანაკია, არამედ თავად ბანაკის იდეაზეა ლაპარაკი. ლაპარაკია იმაზე, რომ უნდა არსებობდეს კომუნისტური რეჟიმის ხსოვნის დღე. მე მქონდა საიდუმლო გეგმა ამ დღესთან დაკავშირებით - მოლაპარაკებებით მქონდა კარგი შანსი, რომ ისეთი დღე დაგვედგინა, რომელიც საქართველოსთვის მისაღები დღე იქნებოდა. ამაზე კიდევ მიდის მუშაობა - არ ვასახელებ, რადგან კიდევ შეიძლება მოხდეს."
რა შეიძლება მოხდეს - ამაზე მომავალში ვისაუბრებთ. რა მოხდა - სამწუხაროდ, ეს საბოლოოდ ცნობილი არ არის. ლევან ბერძენიშვილის თქმით, დოკუმენტურად დადასტურებულია საბჭოთა პერიოდში 20 მილიონი ადამიანის რეპრესიის ფაქტი. სავარაუდოდ, ეს შემზარავი რიცხვი კიდევ შეიძლება გაიზარდოს.
საზოგადოება "მემორიალის" ხელმძღვანელის ილამაზ მიწიშვილის თქმით, დღეს არ არსებობს ზუსტი მონაცემი, თუ რამდენი ადამიანი შეეწირა საქართველოში საბჭოთა რეპრესიულ მანქანას. ასახელებენ სხვადასხვა რიცხვს - 10 ათასიდან 200 ათასამდე. თავად ილამაზ მიწიშვილი უნიკალური ბედის ადამიანია: თავადაც რეპრესირებული ოჯახის წევრი - 37 წელს რეპრესირებულთა შორის მოხვდა მამამისი, პოეტი ნიკოლო მიწიშვილი და მისი მეუღლე - 1955 წელს ის თავისი ნებით სამუშაოდ გაემგზავრა კომის ავტონომიურ რესპუბლიკაში; იქ მოიხადა რვაწლიანი პატიმრობა დედამისმა. ჰქონდა მამის კვალის პოვნის იმედიც. ილამაზ მიწიშვილი იხსენებს:
[ილამაზ მიწიშვილის ხმა] "მე მოვხვდი ერთ-ერთ გეოლოგიურ დაწესებულებაში, სადაც ხუთი გენერაციის, ხუთი ტალღის პატიმრები მუშაობდნენ. მათი უმრავლესობა უკვე სასჯელმოხდილი იყო, მაგრამ არ ჰქონდათ იქიდან წამოსვლის უფლება - იყვნენ განკულაკების დროს გადასახლებულები, 37-38 წლებში რეპრესირებულები, ბალტიის ე.წ. გათავისუფლების მონაწილეები, გერმანელების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ბავშვები, რომლებიც მაშინ 12-13 წლისანი იყვნენ და ჩვენები რომ დაბრუნდნენ უკან, 15-16 წლის ახალგაზრდები. დააპატიმრეს და გადაასახლეს იმიტომ, რომ ისინი დარჩნენ გერმანელების ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დაბოლოს - ძალიან ბევრი იყო ის, ვინც ნებსით თუ უნებლიედ ჩავარდა ტყვედ."
მეოცე ყრილობაზე ნიკიტა ხრუშჩოვის გამოსვლის შემდეგ, რეპრესიის მსხვერპლთა რეაქცია გასაოცარი იყო: მათ უმრავლესობას სტალინის დანაშაულის არ სჯეროდა.
[ილამაზ მიწიშვილის ხმა] "მივხვდი, რომ ეს მათთვის იყო მსოფლმხედველობის ნგრევა. ეს იყო კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება მთელი მათი ცხოვრებისთვის. წარმოიდგინეთ - ისინი ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ, დაიჭირეს უსამართლოდ, გადაასახლეს, მაგრამ რაღაცის იმედი ჰქონდათ - ეს იმედი აღსრულდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არაფრისთვის არ ყოფილა ხარკი გაღებული. ეს იყო დიდი კატასტროფა."
37-38 წლების რეპრესიებს ქართული ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილი ემსხვერპლა - პაოლო იაშვილი, ევგენი მიქელაძე, მიხეილ ჯავახიშვილი... ილამაზ მიწიშვილის თქმით, ფართო საზოგადოებისთვის უცნობია არაერთი სხვა უნიკალური ადამიანის სახელიც კი:
[ილამაზ მიწიშვილის ხმა] "დახვრიტეს გიორგი ელიავა, რომელიც იყო საბჭოთა კავშირში პირველი ბაქტერიოფაგის დამაარსებელი. ცოლად ჰყავდა ოპერის თეატრის სილისტი. ცოლთან ერთად დახვრიტეს, რომელსაც პოლიტიკასთან არ ჰქონდა არანაირი კავშირი. ცოლი და ქმარი ერთ სიაში არიან, რომელსაც სტალინი აწერს ხელს. ძალიან ცოტამ იცის, რომ 37 წელს ჩვენ გვყავდა ადამიანი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო ყველაზე რეალური კანდიდატი ქართველებიდან ნობელის პრემიის მიღებისა. ეს იყო ქიმიკოსი შალვა ცინცაძე, რომელიც რამდენიმე წელს მუშაობდა რუსეთში და რუსები მას მენდელეევის შემცვლელს უწოდებდნენ. გერმანიაში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია გერმანულად, ინგლისში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ინგლისურად, საფრანგეთში - ფრანგულად; მუშაობდა ამერიკაში. მისი პრეპარატები ახლაც კი ზოგიერთი ქიმიური ფირმის მიერ გამოიყენება - აწერია 'ცინცაძის პრეპარატი'."
საზოგადოება მემორიალი რეპრესირებულთა სიების შედგენას განაგრძობს. რეპრესირებულთა შთამომავლობას შეუძლია მემორიალში მისვლა და ანკეტის შევსება. ეს შთამომავლობის ვალის მოხდა იქნება უკანონოდ დასჯილთა ხსოვნის წინაშე.
ნახევარი საუკუნე 1956 წლის მარტის ტრაგიკული მოვლენებიდან
დავით კაკაბაძე:
თამარ ჩიქოვანის ამ სიუჟეტით არ დაგვიმთავრებია 1956 წლის მოვლენებზე საუბარი. მით უმეტეს, რომ გუშინ, 9 მარტს, ზუსტად 50 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც თბილისის გარნიზონის შინაგანი ჯარის ნაწილებმა ცეცხლი გაუხსნეს საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეებს. როგორც ცნობილია, თბილისში მღელვარება მოჰყვა ნიკიტა ხრუშჩოვის ზემოხსენებულ გამოსვლას კომპარტიის მეოცე ყრილობაზე. იოსებ სტალინის მოღვაწეობის დაგმობა საქართველოში ბევრმა ეროვნულ შეურაცხყოფად აღიქვა. სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა რიცხვისა არ იყოს, დღემდე დაუზუსტებელი რჩება 9 მარტის მოვლენების დროს დაღუპული ადამიანთა ზუსტი რაოდენობა. ამ ტრაგიკულ თარიღზე რადიო "თავისუფლების" თბილისელი კორესპონდენტი ალექსანდრე ელისაშვილი მაშინდელი საპროტესტო აქციის ერთ მონაწილეს ესაუბრა.
[ისმის ნიკიტა ხრუშჩოვის ხმის საარქივო ჩანაწერი - კაპიტალისტებისთვის საბჭოთა კავშირის გასწრებაზე]
ალექსანდრე ელისაშვილი:
ამ გამოსვლისაგან განსხვავებით 1956 წლის 25 თებერვალს, ცნობილ მეოცე ყრილობაზე სახუმაროდ არც ნიკიტა ხრუშჩოვს და არც დახურულ კარს მიღმა შეკრებილ მის აუდიტორიას ეცალა. იოსებ სტალინის გარდაცვალებიდან სამი წლის თავზე ხრუშჩოვის მიერ პიროვნების კულტის წინააღმდეგ გალაშქრება თავზარდამცემი აღმოჩნდა ყველასათვის. როგორც ცნობილია, დასავლეთის სპეცსამსახურები რამდენიმე თვეს ნადირობდნენ მეოცე ყრილობაზე საბჭოთა ლიდერის გამოსვლის ტექსტზე, თუმცა ხმები ხრუშჩოვის ანტისტალინური გამოსვლის შესახებ სულ რამდენიმე დღეში გავრცელდა მთელს მსოფლიოში. სხვა ქვეყნებზე ადრე ამ ხმებმა, ბუნებრივია, მაშინდელ საბჭოთა საქართველოში ჩამოაღწია. როგორც იმ მოვლენების თანამედროვენი იხსენებენ, მთელი საქართველო მაშინ ჩუმმა დრტვინვამ მოიცვა. მოსკოვიდან ჩამოღწეული ხმების თანახმად, ხრუშჩოვმა სტალინი და ქართველები შეურაცხმყოფელად მოიხსენია.
ეს ჩუმი მღელვარება დიდხანს არ გაგრძელებულა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, ამჟამად 70-ს გადაცილებული გოგი დემეტრაძე იხსენებს, რომ 56 წლის 4 მარტს მეგობრებმა, მათ შორის ჯანსუღ კახიძემ და მისი "შვიდკაცას" წევრებმა ვორონცოვზე მდებარე ერთ სახინკლეში მოილხინეს. ნაქეიფრებმა მშრალი ხიდი გადმოიარეს და იქვე, მარჯვნივ, ბაღში, სტალინის ძეგლის დანახვაზე "დიდი ბელადის" საყვარელი "გაფრინდი შავო მერცხალოს" შესრულება გადაწყვიტეს:
[გოგი დემეტრაძის ხმა] "ეხლა 'გაფრინდი შავო მერცხალო' ვიმღერეთ, მერე უკვე წავიდა იქა მრავალჟამიერები და ქეიფი და რაღაცა. და რა მოხდა იცით? მოგროვდა ხალხი. ამ სიმღერის დროს მე წამოვხტი, შევხტი პედესტალზე და დავიძახე: 'გაუმარჯოს დიდ სტალინს! ვაშა!' პატარა უცენზურო სიტყვები გავუშვით ხრუშჩოვის მიმართ, კომუნისტური პარტიის მიმართ. კარგა შემოგვაღამდა, კარგადაც გამოვფხიზლდით და მერე ვუთხარი: ხალხო, ხვალ აქ გელოდებით და კიდევ შევგროვდეთო." (სტილი დაცულია)
გოგი დემეტრაძე დღესაც ემოციის გარეშე ვერ იხსენებს იმ მომენტს, როდესაც მეორე დღეს უნივერსიტეტში შეკრებილ და მშრალ ხიდთან მისულ ახალგაზრდებს სტალინის ძეგლის გარშემო რამდენიმე ათასი ადამიანი დახვდათ. სწორედ ასე დაიწყო 1956 წლის მარტის ცნობილი მოვლენები. 5, 6, 7 და 8 მარტს მშრალ ხიდთან მიმდინარე საპროტესტო აქციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ხალხიც შეუერთდა. როგორც ცნობილია, სტალინის მხარდაჭერისა და ხრუშჩოვის დაგმობის გარდა, აქციაზე საქართველოს დამოუკიდებლობის მოწოდებებიც გაისმოდა. თავის მხრივ, საწინააღმდეგო ზომებისათვის ემზადებოდა საბჭოთა რეჟიმიც. თბილისის გარნიზონის უფროსის, გენერალ გლადილინის ბრძანებით ქალაქში შინაგანი ჯარის ნაწილები შემოიყვანეს. საბრძოლო ქვედანაყოფები ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში განალაგეს. გოგი დემეტრაძე იხსენებს, თუ როგორ ცდილობდა ახალგაზრდების დაშოშმინებას საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელი ვასილ მჟავანაძე:
[გოგი დემეტრაძის ხმა] "ეს პერიოდია. ჯერ 9 მარტი არ არის. მე მესამე კორპუსში ვსწავლობდი უნივერსიტეტში. იქ სამხედრო ტარდებოდა და იქა ვართ ბიჭები ბლომად. ჰოდა, გავიხედეთ და რას ხედავს ჩემი თვალები?! ვასილ პავლეს ძე მჟავანაძე! შემოვიდა და შემოვეხვიეთ. ეს მჟავანაძე გულწრფელი კაცი იყო, კომუნისტი კი იყო, მაგრამ ბოროტი არ იყო. ჰოდა, ამან თქვა: ბაღნებო, არ გახვიდეთ იქანაო. ასე თქვა." (სტილი დაცულია)
თუმცა, ვასილ მჟავანაძემ ვერც ახალგაზრდების დაშოშმინება მოახერხა და ვერც სტალინის ძეგლის გარშემო შეკრებილ დემონსტრანტთა დარწმუნება. როგორც ცნობილია, მჟავანაძემ აქციის მონაწილეებს 9 მარტის დილის 11 საათზე მიმართა. თუმცა, ამის მიუხედავად, მრავალათასიანი დემონსტრაცია არ დაშლილა. 9 მარტს, საღამოპირს, დემონსტრანტთა ნაწილი რუსთაველის გამზირზე, კავშირგაბმულობის შენობისაკენ გაემართა. გოგი დემეტრაძის თქმით, ახალგაზრდების ნაწილს კავშირგაბმულობის შენობაში მდებარე რადიოს მეშვეობით მსოფლიოსათვის მიმართვა სურდა, თუმცა, შენობასთან მიახლოვებისთანავე შინაგანი ჯარის ნაწილებმა ცეცხლი გახსნეს.
[გოგი დემეტრაძის ხმა] "'პო-პლასტუნსკი', ხოხვა-ხოხვით გავრბოდი. მერე ჩავვარდით რომელიღაც ეზოში. მერე დაჭერები დაიწყო, ბევრი დაიჭირეს. მე ვერ დამიჭირეს. მერე ჩემმა მშობლებმა წამიყვანეს საერთოდ თბილისიდან. იცოდნენ, რომ ვაქტიურობდი და მოუსვენარი ვიყავი და იფიქრეს, არ მოგვიკლანო და რაიონში წაგვიყვანეს. რაიონში მუშაობდა მამაჩემი." (სტილი დაცულია)
დემონსტრაციის დახვრეტის შემდეგ თბილისში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ქალაქი ჯავშანტექნიკამ დაიკავა. ოფიციალური ცნობით, 30-მდე ახალგაზრდა დაიღუპა. არაოფიციალურად კი დახვრეტილთა რაოდენობა 200-დან 600-მდე მერყეობდა. სამწუხაროდ, ნახევარი საუკუნის შემდეგაც ვერ ხერხდება დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა. ამ ფაქტს ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე ქართული თანამედროვე ისტორიოგრაფიის სირცხვილად მიიჩნევს. თავად 9 მარტის მოვლენებს კი ისტორიკოსი "უცნაურს" უწოდებს:
[ლაშა ბაქრაძის ხმა] "კარგი მაგალითი არის იმისათვის, თუ როგორ შეიძლება სულელური, ერთი შეხედვით სულელური იდეისათვის ამხელა მასების მობილიზება საქართველოში, როდესაც მართლა საქმისათვის ძალიან ჭირს. ეს დღესაც, სამწუხაროდ, ასე ხდება და ბევრს გვასწავლის 9 მარტის მოვლენები, რომელმაც წლების განმავლობაში შეაფერხა, მე ვიტყოდი, საქართველოსი, რადგან შიში, 9 მარტს შექმნილი, დიდხანს გრძელდებოდა."
როგორც ცნობილია, 1956 წლის 9 მარტის მოვლენების შიშმა 1978 წლის 14 აპრილამდე გასტანა. ცნობილია ისიც, რომ ქართული ენის დასაცავად გამართული დემონსტრაცია სტალინის მხარდასაჭერი აქციის ადგილას, მშრალ ხიდთან მიმდინარეობდა. დღეს მშრალი ხიდის მარჯვენა მხარეს, მადათოვის კულძულყოფილი ბაღის ერთ მხარეს, 78 წლის 14 აპრილის დემონსტრაციის აღსანიშნავად დედა ენის ძეგლია აღმართული, ხოლო ბაღის მეორე მხარეს უკვე 16 წელია, მტვერი ედება ქვას, რომელზეც ამოიკითხავთ: "აქ აღიმართება 1956 წლის 9 მარტს საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილ ადამიანთა ხსოვნის მემორიალი".
Windows-ი ქართულად
დავით კაკაბაძე:
50 წლის წინანდელ მოვლენებზე მათს ერთ-ერთ მონაწილეს ალექსანდრე ელისაშვილი ესაუბრებოდა. ახლა კი დროში ნახტომი გავაკეთოთ და დღევანდელობაში - თანამედროვე ტექნოლოგიის სამყაროში გადმოვინაცვლოთ. მიახლოებითაც კი ძნელია, იანგარიშო, რამდენი კომპიუტერია დღეს საქართველოში, ან მოქალაქეთა რა ნაწილი სარგებლობს კომპიუტერით. სამაგიეროდ, ზუსტად არის ცნობილი, რომ მალე პოტენციურად ყველას შეეძლება გამოიყენოს ქართულად "ამეტყველებული" კომპიუტერი. სპეციალისტების - მეცნიერთა და ასისტენტთა ჯგუფი თბილისში ინტენსიურად მუშაობს "უინდოუსის" ლოკალიზაციაზე. მარტივად რომ ვთქვათ, აქართულებს "უინდოუსს". ეს პროცესი 2005 წელს კომპანია მაიკროსოფტის დაინტერესებითა და ხელშეწყობით დაიძრა. მუშაობაში ჩაერთვნენ ლინგვისტები, პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტები, სხვადასხვა პროფესიის ასისტენტები. ამ ეტაპზე სამუშაო ჯგუფი მუშაობს კომპანია გაერთიანებული გლობალური ტექნოლოგიების (UGT-ის) ბაზაზე, რომლის ინიციატივაც გახლდათ "უინდოუსის" გაქართულება. დავით პაიჭაძე ეწვია ამ ადამიანებს და გაესაუბრა ჯგუფის ხელმძღვანელს, თსუ დოცენტს, მერაბ ბაბუხადიას.
დავით პაიჭაძე:
"ჩვენი სამუშაო უწინარესად გამიზნულია ბავშვებსა და საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებზე, ანუ ადამიანებზე, რომელთაც სურთ, აითვისონ კომპიუტერი და ინგლისური ენის არცოდნა აბრკოლებთ", მითხრა მერაბ ბაბუხადიამ. "უინდოუსის" გაქართულება ჭეშმარიტად სახალხო პროექტია, რადგან მასში, გარდა იმისა, რომ მონაწილეობს საქართველოს სამი დიდი უნივერსიტეტი, ჩართვა შეეძლო და შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს.
[მერაბ ბაბუხადიას ხმა] "საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს საზოგადოების ყველაზე ფართო ნაწილი. არის სპეციალური საიტი, www.microsoft.ugt.ge, რომელზედაც ყველას შეეძლო მოეწოდებინა თავისი აზრი. ეს არის აბსოლუტურად ღია პროექტი, ყველა ნახულობს ამას. ძალიან ბევრი ფასეული აზრი მოგვაწოდეს, განსაკუთრებით ტერმინების გაკეთების დროს."
რაგინდ კვალიფიციური სპეციალისტები უნდა იყვნენ ჩართული ამ პროექტში, ქართული "უინდოუსის" ტერმინოლოგია დროთა განმავლობაში აუცილებლად მოითხოვს დახვეწას. "უინდოუსის" ქართული ვერსია ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და მისი ჩატვირთვა არავითარ დანახარჯებთან არ იქნება დაკავშირებული, ამბობს მერაბ ბაბუხადია.
[მერაბ ბაბუხადიას ხმა] "ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ერთ თვეში მოდულებს გავუგზავნით "მაიკროსოფტს". ისინი მათ ჩასვამენ თავიანთ პროგრამებში და გვექნება "უინდოუსის" გამართული ქართული ვერსია სულ რაღაც ორ თვეში. ეს არის მაქსიმუმი."
ქართულენოვანი "უინდოუსის" პროექტი ორი ნაწილისაგან შედგება. ერთია გლოსარიუმი, თარგმნილი ტერმინები, რომლებიც უკვე განთავსებულია მერაბ ბაბუხადიას ნახსენებ ვებმისამართზე. მეორე ნაწილია ლოკალიზაცია, ანუ არა ცალკეული ტერმინების, არამედ საოპერაციო ფრაზების თარგმნა, რომელიც ახლა მიმდინარეობს. პირველი ეტაპის შედეგებმა "მაიკროსოფტის" ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა, მითხრა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის ფუძემდებლებს ესმოდათ, თუ ტექნიკურ პროგრესს ენა მხარს ვერ აუბამს, ის სასიკვდილოდ არის განწირული. მხოლოდ სალიტერატურო ან ინფორმაციის მისაწოდებლად გამიზნული ენა საკმარისი არ არის. დღეს მსოფლიოში დომინირებს "მაიკროსოფტი" და ქართულმა ენამ უნდა შეძლოს მისი ფრაზებისა და ტერმინების დაძლევა.
[მერაბ ბაბუხადიას ხმა] "ჩვენ გვინდა, ქართული ენა მსოფლიო ენებში კოდიფიცირებული იყოს ტექნიკური თვალსაზრისითაც. "უინდოუსის" პროგრამა ქართულად, ჩვენი აზრით, დაახლოებით იგივეა, რაც, მსოფლიოს 14 ანბანს შორის ერთ-ერთი ქართული ანბანი რომ არის. ამის გამო ქართული ენა მსოფლიო ენების ოიკუმენაში აუცილებლად დაიკავებს საპატიო ადგილს."
მერაბ ბაბუხადია ვარაუდობს, რომ ქართულ "უინდოუსს" ისინიც დაიხმარენ, ვინც ორიგინალთან მუშაობას არის ჩვეული, რადგან ყველა ინგლისური ტერმინის მნიშვნელობა, საქართველოში, საეჭვოა, ბევრმა იცოდეს. თავად განსაჯეთ:
[მერაბ ბაბუხადიას ხმა] "სათარგმნი ერთეულების რაოდენობა არის 70 ათასი ფრაზა. სათარგმნელი იყო 4 ათასამდე ტერმინი."
4 ათასამდე ტერმინისა და 70 ათასი ინგლისური ფრაზის არსი, მართლაც, რთულია შეინახოს იმ ადამიანის მეხსიერებამ, რომლისთვისაც ინგლისური მშობლიური ენა არ არის. მე ვთხოვე მერაბ ბაბუხადიას, გამოეთქვა რამდენიმე ცნება და ფრაზა ქართულად, განსაკუთრებით ისინი, რომელთაც ხშირად აწყდებიან "უინდოუსის" მომხმარებლები. მაგრამ მან სხვა გზა არჩია:
[მერაბ ბაბუხადიასა და დავით პაიჭაძის დიალოგი]
-
"შევეცდები, უფრო ორიგინალური ტერმინი მოვიყვანო, ხშირიც და ორიგინალურიც - ეს გზა სჯობია - რაც უფრო უცბად ამოტივტივდება თავში... ვთქვათ, 'ხატულა', რომელიც არის icon. გვაქვს 'დაწკაპუნება' click-ის მნიშვნელობით... 'დამარქაფება' - ასლის შენახვა ბაზაში. ეს არის საშუალო ქართულიდან ამოღებული ტერმინი, რომელიც იმდენად ზუსტად 'ჯდება' აზრობრივად, რომ მისი გაცოცხლება მე საპატიოდაც კი მიმაჩნია. ის დამკვიდრდება ძალიან მალე და ადვილად.
-
Save a copy არის დამარქაფება?
-
დიახ, დიახ, დაახლოებით ასეა...
-
Save a copy დღეს შეიძლება უკეთ ესმოდეს მეტ ქართველს, ვიდრე 'დამარქაფება'.
-
არა მგონია. ეს ყველაფერი დროის ამბავია. დამერწმუნეთ, ადამიანები ძალიან მალე შეეჩვევიან ამას…
ჟურნალი "ფორბსი" მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიას აქვეყნებს
დავით კაკაბაძე:
ვნახოთ, გამართლდება თუ არა ექსპერტის პროგნოზი. ისე, დასამარქაფებელი თუ გაქვთ რამე, გირჩევთ, ამ საქმეს ნუ გადადებთ. ჭკვიან კაცს უთქვამს, სიფრთხილეს თავი არ ტკივაო... ახლა კი იმ ადამიანებზე გესაუბრებით, ვისაც დასამარქაფებელი ჭარბად მოეპოვება. ჟურნალმა "ფორბსმა" - საფინანსო პროფილის ამ გავლენიანმა გამოცემამ - გამოაქვეყნა 2006 წლის მონაცემებით, მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანების სია. წარმოიდგინეთ, რომ ამ სიაში მოსახვედრად არათუ მილიონერობა, მულტიმილიონერობაც აღარ კმარა. ფორბსის 793-კაციან სიაში ბოლო ადგილზე გასული - და შესაბამისად - საფინანსო ოლიმპოზე ასულთა შორის "უღარიბესი" ადამიანი ერთი მილიარდი დოლარის მფლობელია... ეს გახლავთ 56 წლის ამერიკელი ჯერი ცუკერი. სიაში 173-ე ადგილზე ქართულ გვარს წაიკითხავთ. ეს არის, "ფორბსის" ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე, 50 წლის ბორის ივანიშვილი, რომლის ქონებაც 3 მილიარდ 900 მილიონ დოლარად ფასდება და რომელსაც ქართველები ბიძინა ივანიშვილად ვიცნობთ... აღსანიშნავია, რომ რუსეთის წარმომადგენელი მილიარდერების რიცხვი შარშანდელთან შედარებით ექვსი კაცით გაიზარდა და ახლა 33-ს შეადგენს; და საერთოდაც, მსოფლიოში მილიარდერები მომრავლდნენ - მათი წლევანდელი რიცხვი, 793, ყველა რეკორდს ხსნის. ჩვენამდე ამ ტენდენციამ ჯერ ვერ მოაღწია, ამიტომ ისღა დაგვრჩენია, მუშაობა განვაგრძოთ - შრომით ესტაფეტას მარიამ ჭიაურელს გადავცემ.
მარიამ ჭიაურელი:
გლობალიზაციის კრიტიკოსებისგან ხშირად ისმის, რომ დღევანდელ მსოფლიოში მდიდრები სულ უფრო მდიდრდებიან - ღარიბები კი ღარიბდებიან. “ფორბსის” სია ამ შეფასებას დამაჯერებლობას ჰმატებს: მაშინ, როცა მსოფლიოს მრავალ რეგიონში მოსახლეობის დიდი ნაწილის ცხოვრების დონე სულ უფრო უარესდება, უმდიდრესმა ადამიანებმა გასულ წელთან შედარებით ქონების 18 პროცენტით გაზრდა შეძლეს.
ავიღოთ ევროპა. მისი 196 მილიარდერის ხელშია 802 მილიარდი დოლარი, 128 მილიარდით მეტი გასულ წელთან შედარებით. ამასთან, მოგების ნახევარზე მეტი (64 პროცენტი) რუსეთზე მოდის: “ფორბსის” განმარტებით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის და გაზის გაძვირების გამო. შედეგი - თუ რუსი მილიარდერების ხელში 2005 წელს 91 მილიარდი დოლარი იყო, ახლა ეს თანხა 172 მილიარდს აღწევს. ის განაწილებულია 33 კაცს შორის. ამ მილიარდერებში კი არიან ისინიც, ვისაც ფული ბუნებრივი რესურებით, ბორის ელცინის პერიოდის პრივატიზაციის წყალობით არ უშოვია. “ფორბსის” რედაქციის წევრი, ლუიზა კროლი ერთ ასეთ ბიზნესმენზე ლაპარაკობს.
[ლუიზა კროლის ხმა] "არის ახალი რუსი, რომელზეც ჩვენს ჟურნალშია ლაპარაკი, რუსტამ ტარიკო. მას ფული არ გაუკეთებია არც ნავთობით, არც გაზით და არც მრეწველობის ისეთი დარგით, რუსეთში გამდიდრებულებისათვის რომ არის დამახასიათებელი. მან შექმნა მაღალი ხარისხის არყის დამამზადებელი კომპანია და ახლა კრედიტების ბიზნესშია. სესხს აძლევს ხალხს, ვისაც სარეცხი მანქანის, ან მსგავსი ნივთის შეძენა სურს."
ერთ დროს რუსეთის უმდიდრეს ადამიანად მიხაილ ხოდორკოვსკი იყო აღიარებული, მისი ქონება 15 მილიარდად შეფასებული... მაგრამ ახლა ხოდორკოვსკი ფორბსის სიაში კი არ არის, არამედ საპატიმროში, მისი ნავთობკომპანია “იუკოსი” კი, პრაქტიკულად გაანადგურეს პროცესში, რომელსაც ბევრი მიიჩნევს “პოლიტიკურ ვენდეტად”. რუსეთის ხელისუფლებამ ხოდორკოვსკის არ აპატია პოლიტიკური ამბიციები და ოპოზიციის მხარდაჭერა.
პოლ ხლებნიკოვსაც ვერ აპატიეს - ოღონდ კიდევ უფრო მძიმე შედეგით. რუსული წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც ჟურნალ “ფორბსის” რუსული გამოცემის ხელმძღავნელი იყო, მოსკოვში მოკლეს, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ ზედმეტ ინტერესს იჩენდა ახალი რუსების საფინანსო მაქინაციებისადმი. მკვლელობა 2004 წლის ივლისში მოხდა.
რაც შეეხება ისევ “ფორბსის” წლევანდელ სიაში შეყვანილ რჩეულთ, რუსებს შორის ლიდერობს 39 წლის რომან აბრამოვიჩი, ლონდონის საფეხბურთო კლუბ “ჩელსის” მფლობელი. მისი ქონება, რომლის წყაროდაც ნავთობი ითვლება, 18,2 მილიარდ დოლარად შეაფასეს. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში აბრამოვიჩს მეთერთმეტე ადგილი ერგო. პირველზე კი (უკვე მერამდენედ!) უილიამ გეიტსი გავიდა - ანუ ბილ გეიტსი, კომპანია “მაიკროზოფტის” დამაარსებელი და ხელმძღვანელი, რომელიც 50 წლის ასაკში 50 მილიარდ დოლარს ფლობს.
მილიარდერებზე კიდევ ბევრი შეიძლება ითქვას. როგორც აღვნიშნეთ, მათი რიცხვი მსოფლიოში “ფორბსის” ინფორმაციით, 793-ს აღწევს და, უდავოდ, თითოეულ მათგანზე ღირს ყურადღების შეჩერება. მაგრამ საამისოდ მეტისმეტად ბევრი დრო დაგვეხარჯებოდა. დრო კი ფულია...
პრაღაში დაიხურა დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი - "ერთი მსოფლიო"
დავით კაკაბაძე:
ძნელია, არ დაეთანხმო მარიამ ჭიაურელს... ჩვენ კი რადიოჟურნალის ბოლო ფურცელს მივადექით: ხუთშაბათს პრაღაში საზეიმოდ დაიხურა დოკუმენტური ფილმების მერვე საერთაშორისო ფესტივალი ”ერთი მსოფლიო”. ამ ფესტივალს მსოფლიოს სხვა კინოფორუმებისგან გამოარჩევს ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი - საკონკურსო და კონკურსგარეშე პროგრამაში წარმოდგენილი ფილმების თემატიკა. "ერთი მსოფლიო" ეკრანს იმ დოკუმენტურ ფილმებს უთმობს, რომლებიც ადამიანის უფლებების თემაზეა შექმნილი. კინოკრიტიკოსებისა და კინოს მოყვარულების გარდა, ფესტივალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული აქტივისტებიც ესწრებიან. ბევრის აზრით, "ერთი მსოფლიო" უწინარესად პოლიტიკური ფორუმია, რომელიც ადამიანის უფლებათა დამცველებს ერთმანეთთან შეხვედრისა და ორგანიზების საშუალებას აძლევს. წელს ფესტივალზე აკრედიტირებული იყო ჩვენი კოლეგა სალომე ასათიანი, რომელმაც ერთი კვირის წინ უკვე გიამბოთ კონკურსგარეშე პროგრამაში წარმოდგენილ ქართულ ფილმზე, რეჟისორ ლევან ღლონტის სურათზე "შინ და უკან". დღეს კი ის ზოგადად ფესტივალზე, მის მისიასა და შედეგებზე მოგვითხრობს.
[სიმღერა ფილმიდან]
სალომე ასათიანი:
ეს სიმღერა ფონად გასდევს "ერთი მსოფლიოს" წლევანდელ გამარჯვებულ ფილმს - სლოვაკი რეჟისორის იარო ვოიტეკის დოკუმენტურ სურათს - "ჩვენ აქ ვართ". ფილმი სრულმეტრაჟიანია და ერთი ოჯახის ამბავს მოგვითხრობს. ეს ოჯახი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ცენტრალური სლოვაკეთიდან ჯერ რუსეთში, ხრუშჩოვის დროს კი ყაზახეთში გადაასახლეს. ათწლეულების მანძილზე ყაზახეთში მცხოვრები ოჯახი წინაპრების სამშობლოზე, სლოვაკეთზე, რომანტიკულ წარმოდგენებს ატარებდა და იქ დაბრუნებაზე ოცნებობდა.
ფილმი სწორედ ოჯახის სლოვაკეთში დაბრუნებით იწყება. პირველივე სცენებიდან ნათელი ხდება, რომ, მდიდარი და სტუმართმოყვარე ქვეყნის ნაცვლად, კრანაჩების ოჯახს სლოვაკეთში სიღარიბე და რთული ცხოვრებისეული პირობები ხვდება. იმსხვრევა სლოვაკეთის შესახებ ილუზიები და ოჯახს ახლა ყაზახეთის მიმართ უჩნდება ნოსტალგია. რამდენიმე წლის შემდეგ ოჯახის მამა, დიმიტრი, უკან ბრუნდება. მაგრამ მალევე აღმოაჩენს, რომ ყაზახეთშიც ბევრი რამ შეცვლილა და ის იქაც უკვე დიდწილად "უცხო" გამხდარა.
[სიმღერა ფილმიდან]
ფილმი "ჩვენ აქ ვართ" ისეთ რთულ ცნებებს ეხება, როგორიცაა: წარსული, სამშობლო, ოჯახი, ბუნება, მოგონებები და გავლენა, რომელსაც ეს ყოველივე ადამიანების ცხოვრებაზე ახდენს. და
მიუხედავად იმისა, რომ ეს ფართო თემები, ალბათ, სცილდება საკითხებს, რომლებიც, ვიწრო გაგებით, ადამიანის უფლებების კონვენციაშია ასახული, ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმების ფესტივალის, "ერთი მსოფლიოს", გამარჯვებული ფილმი წელს სწორედ "ჩვენ აქ ვართ" გახდა. ფესტივალის დამაარსებელმა და დირექტორმა იგორ ბლაჟევიჩმა ეს ასე ახსნა:
[იგორ ბლაჟევიჩის ხმა] "ვფიქრობ, 'ერთი მსოფლიო' ადამიანის უფლებებს ვიწრო, მხოლოდ ჰელსინკისეული გაგებით არ განიხილავს. ეს უფრო სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე - ჩვენი დროის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე - შექმნილი ფილმების ფესტივალია. მაგალითად, ბევრი ძალიან კარგი ფილმია წარმოდგენილი 'უცხოს' ფენომენზე, იმიგრაციაზე, უმცირესობებსა და იმაზე, თუ როგორ ექცევა ევროპა საკუთარ სივრცეში მცხოვრებ უმცირესობებს."
რელიგიური, ეთნიკური თუ სხვა ნიშნით განსხვავებული ადამიანების მიუღებლობის, "უცხოს" თემა, წლევანდელ ფესტივალზე, მართლაც, ერთ-ერთი ცენტრალური იყო. გენდერულ უთანასწორობასთან, სიღარიბესა და ეკონომიკური მიგრაციის თემებთან ერთად, ის არასაკონკურსო პროგრამაში ჩართული რეტროსპექტივის - "გენდერული მონტაჟის" - ერთ-ერთ ფილმში, ტაჯიკურ "ახალ პენელოპაშიც" აისახა. ფილმი დღევანდელ ტაჯიკეთში მცხოვრები უკიდურესად ღარიბი სოფლის მოსახლეობის პრობლემებზე მოგვითხრობს. მამაკაცები იძულებულნი არიან სამუშაოს საძებრად რუსეთში გაემგზავრონ, მათი ცოლები კი სოფლებში ურთულეს პირობებში მარტონი რჩებიან. ფილმის რეჟისორს გეორგი ძალაევს იმედი აქვს, რომ ამ სურათით შუა აზიის რესპუბლიკების მცხოვრებთა მიმართ რუსეთში არსებული ქსენოფობიის შემცირებას შეუწყობს ხელს:
[გეორგი ძალაევის ხმა] "ქსენოფობიის გაჩენას ინფორმაციის სიმწირე იწვევს. ადამიანები ხედავენ მათგან განსხვავებული გარეგნული იერის მქონე პირს, ამ "უცხოს" რაღაც პრობლემების შექმნას აბრალებენ და ეს ყოველივე რეალური ინფორმაციის უქონლობის ფონზე ხდება. მედია, მაგალითად, ძალიან ხშირად აცხადებს: აი, ტაჯიკეთიდან კიდევ ჩამოვიდნენ ნარკოტიკებით მოვაჭრეები, ისევ ჩამოიტანეს ნარკოტიკებიო. ჩემი აზრით, ადამიანებს შორის ურთიერთობას თანაგრძნობის განცდა არეგულირებს. როდესაც მე ვხედავ ადამიანს, რომელიც ჩემს ქვეყანაში ობიექტური სირთულეების გამო მოხვდა, მისი დახმარების სურვილი მიჩნდება. შეიძლება რეალურად მას ვერც ვერაფრით დავეხმარო, მაგრამ ხელს მაინც არ შევუშლი პრობლემების გადაწყვეტაში."
"ერთი მსოფლიოს" წლევანდელი პროგრამა რამდენიმე თემატურ სეგმენტად იყო დაყოფილი. "გენდერული მონტაჟის" გარდა, სხვა განყოფილებებს ერქვა "მუსულმანები ევროპაში", "თქვენი უფლება - იცოდეთ", "იერსახეები აფრიკიდან", "ჩეხური ფილმები". მთლიანობაში, წარმოდგენილი იყო 118 სურათი. ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს სურათები 40 ქვეყნიდან მიღებული 900-ზე მეტი ფილმიდან შეირჩა. ფესტივალის დირექტორმა იგორ ბლაჟევიჩმა შერჩევის პრინციპი ასე განსაზღვრა:
[იგორ ბლაჟევიჩის ხმა] "ყოველთვის ვცდილობთ ფესტივალის პროგრამაში მსოფლიოს კრიზისულ წერტილებზე გადაღებული ფილმები ჩავრთოთ - მაგალითად, სურათები ავღანეთზე, ერაყზე, ჩეჩნეთზე, სუდანზე, დარფურის რეგიონსა და ბევრ სხვაზე. ამ წერტილებიდან ზოგიერთი მედიის ყურადღებას იმსახურებს, ზოგიერთი - არა. ამავე დროს, ვცდილობთ ვაჩვენოთ ფილმები ავტორიტარულ რეჟიმებზე - ჩრდილოეთ კორეაზე, კუბასა და სხვა ადგილებზე. ჩვენთვის მთელი კაცობრიობის წინაშე მდგარი გლობალური პრობლემებიც მნიშვნელოვანია - მაგალითად: სიღარიბე, გარემოს დაცვა, გენური ინჟინერია, საკვები, კლიმატის ცვლილებები და მრავალი სხვა."
ქართული ფილმებიდან წელს ფესტივალზე ერთი სურათი იყო წარმოდგენილი. მასზე - "გენდერულ მონტაჟში" ჩართულ რეჟისორ ლევან ღლონტის ფილმზე "წინ და უკან" - ერთი კვირის წინ უკვე გიამბეთ. მაგრამ იყო კიდევ ერთი სურათი, რომელიც ფესტივალის კატალოგში, მართალია, ფრანგულ ფილმად არის მოხსენიებული, მაგრამ ქართველი რეჟისორის გადაღებულია და საქართველოზე მოგვითხრობს. ეს არის საკონკურსო პროგრამაში ჩართული ფილმი, ნინო კირთაძის "ნავთობსადენი მეზობლად". ეს ფილმი მოგვითხრობს "ბრიტიშ პეტროლეუმის" წარმომადგენლების ურთიერთობებზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მეზობლად მდებარე ერთი ქართული სოფლის მოსახლეობასთან. თვითონ რეჟისორმა ფილმის კონცეფცია ასე აგვიხსნა:
[ნინო კირთაძის ხმა] "ეს ისტორია ჩემთვის ყოველთვის იყო ძველის, ტრადიციულის, ადამიანურის, ცოტა სასაცილოს, ცოტა სევდიანის, აბსოლუტურად არარაციონალურის და აი, ამ მომავალი სამყაროს შეხვედრა. მომავალი, რომელიც არის ძალიან გამიზნული, რაციონალური, ძალიან ძლიერი, ძალიან კარგად იცის, რა უნდა, სად მიდის და რატომ აკეთებს. და ეს ოცნებების ქვეყანა, რაც იყო ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობა და რაშიც ადამიანს მაინც უდგას ფესვი, რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ თანამედროვე ხალხი ვართ - ამის წინაშე დგახარ." (სტილი დაცულია)
ნინო კირთაძეს მიაჩნია, რომ ამ ახალსა და რაციონალურ მომავალს და, მისი თქმით, ძველი და "მეოცნებე" სამყაროს შეჯახება ძალაუფლების მნიშვნელოვან ასიმეტრიას შეიცავს და ეს პროცესი ძველი და ტრადიციული ცხოვრების ფორმების ნგრევას მოიტანს:
[ნინო კირთაძის ხმა] "ის, რაც ახლა ხდება - გლობალიზაცია, გაერთნაირება ყველაფრის; კი, ახლა, როდესაც ხალხი ამის წინააღმდეგ გამოდის და ეს ხალხი, როგორც წესი, არიან იმ პატარა მეოცნებე სამყაროს ნაწილები და ამიტომ არ შეუძლიათ ჩამოაყალიბონ წესიერად, რასაც იცავენ და ამიტომ ეს ჩანს სასაცილოდ და ინფანტილურად. მაგრამ რაღაცა მთავარი ნამდვილად არის ამაში, იმიტომ, რომ ადამიანი ხდება ნაწილი ჩარლი ჩაპლინის ფილმის, "ახალი დროების". ის გენიოსი იყო და თავის დროზე დაინახა. და ახლა ჩვენ ამაში ვართ." (სტილი დაცულია)
ადამიანის უფლებათა თემატური კინოფესტივალი "ერთი მსოფლიო" ჩეხეთში მოქმედი იმ გლობალური ორიენტაციის მქონე ჰუმანიტარული ორგანიზაციის ეგიდით ტარდება, რომელსაც "ადამიანი განსაცდელში" ეწოდება. ფესტივალის დირექტორი იგორ ბლაჟევიჩი, ამავე დროს, ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელია. მისი თქმით, "ადამიანი განსაცდელში" რამდენიმე მიმართულებით მუშაობს:
[იგორ ბლაჟევიჩის ხმა] "გვინდა, რომ ჩეხეთმა ომით ან სტიქიით გამოწვეული მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული კრიზისების გადაჭრაში მიიღოს მონაწილეობა; ამავე დროს, ჩვენ ტოტალიტარულ და ავტორიტარულ რეჟიმებთან ბრძოლაზეც ვმუშაობთ, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ამაში გარკვეული გამოცდილება გვაქვს. განვითარების საკითხებში თანამშრომლობაზეც ვმუშაობთ - ჩეხეთი დღეს უკვე ევროკავშირის წევრია, თავისუფალი და მდიდარი ქვეყანაა და ვფიქრობთ, რომ მან პასუხისმგებლობა უნდა იკისროს მესამე მსოფლიოს - განსაკუთრებით, აფრიკის - ქვეყნებში სიღარიბის დაძლევის საქმეში."
"ადამიანი განსაცდელში", მართლაც, მრავალფეროვან საკითხებზე მუშაობს და, შესაძლებელია, ეს იყო იმის ერთ-ერთი წინაპირობა, რომ ფილმებში, რომლებმაც წელს ფესტივალზე ჯილდოები მოიპოვეს, საკითხების მთელი სპექტრია წარმოდგენილი. ერთ-ერთი მთავარი პრემიით - რუდოლფ ვრბას პრიზით - დაჯილდოებული ფილმი, "კოკა: მტრედი ჩეჩნეთიდან", როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ჩეჩნეთის პრობლემებს ეხება. ამავე თემაზეა გადაღებული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, რომელიც პრაღის მერის სპეციალური პრემიით დაჯილდოვდა. საუკეთესო რეჟისურისთვის პრიზი გადაეცა რეჟისორ იენც ჩანსეს. მის ფილმში "ზამთრის ბავშვები: დადუმებული თაობა" ერთი გერმანელი ოჯახი ბაბუის ნაცისტებთან თანამშრომლობის მტკივნეულ თემას უსწორებს თვალს. სპეციალური პრიზით აღინიშნა ფილმი "სრული უარყოფა", რომელიც ბირმაში ადამიანის უფლებების დარღვევის პრობლემას ეხება.
დავით კაკაბაძე:
სალომე ასათიანის ამ სიუჟეტით დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ "ერთ მსოფლიოზე" ვამთავრებთ
რადიოჟურნალ "მეათე სტუდიას" და, მასთან ერთად, რადიო "თავისუფლების" ქართული სამსახურის დღევანდელ გადაცემას. "მეათე სტუდია" პრაღაში მოამზადეს სალომე ასათიანმა, მარიამ ჭიაურელმა და დავით კაკაბაძემ. ხმის ოპერატორის პულტთან მუშაობდნენ: თბილისში - ლევან გვარამაძე, პრაღაში - ანგელინა შკურენკო. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.