Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიმომხილველები ერაყში სამოქალაქო ომის გაჩაღების საშიშროებაზე მსჯელობენ


მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში კვლავ ერაყში მიმდინარე მოვლენები მოექცა. ამჯერად ამის მიზეზი გახდა ქალაქ სამარაში მდებარე შიიტური სალოცავის,

ასკარის ოქროსგუმბათიანი მეჩეთის აფეთქება, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა სუნიტებსა და შიიტებს შორის არსებული ისედაც საკმარისად მძაფრი დაპირისპირება. უცხოეთის პრესის მიმოხილვას დავით კაკაბაძე სწორედ ამ თემით დაიწყებს.

სამარაში მომხდარ აფეთქებას "ნიუ იორკ ტაიმსი" ასე აფასებს: "ეს არ იყო ჩვეულებრივი ტერორისტული აქტი. ეს გახლდათ კარგად გააზრებული ნაბიჯი, რომელმაც შეუძლებელი უნდა გახადოს ერაყში ეროვნული ერთიანობის მთავრობის ჩამოყალიბება - მთავრობისა, რომელიც ქვეყანას დემოკრატიულ სტაბილურობას მოუტანდა. ვიდრე საქმე კიდევ უფრო გაუარესდებოდეს, ერაყში არსებული რელიგიური ჯგუფებისა და გაერთიანებების ყველა საღად მოაზროვნე ლიდერმა სრულად უნდა გამოიყენოს თავისი გავლენა მოსახლეობის დასაშოშმინებლად. თავდამსხმელთა პატარა ჯგუფმა ასე იოლად ვერ უნდა შეძლოს ყოველივე იმის წყალში გადაყრა, რაც არჩევნების შემდეგ იქნა მიღწეული მრავალკვირიანი ძალისხმევისა და ვაშინგტონის უნარიანი დიპლომატიის წყალობით."

ესპანეთის გაზეთ "პაისის" აზრით, ოქროს მეჩეთზე თავდასხმა ძალიან ცუდ დროს მოხდა. "დეკემბრის არჩევნების შემდეგ ერაყელები უშედეგოდ ცდილობენ ეროვნული ერთიანობის მთავრობის ჩამოყალიბებას. პოლიტიკურ წრეებში სულ უფრო შესამჩნევი ხდება პოლარიზაცია. შიდა დაპირისპირებები, რომლებიც ერაყს სულ უფრო მძლავრ დარტყმებს აყენებს, კიდევ უფრო გაურკვეველს ხდის, როდის შეიძლება დაიწყოს ვაშინგტონმა 130 ათასამდე ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანა."

ავსტრიის "შტანდარდის" მიმომხილველის თქმით, საეჭვოა, ერაყის საზოგადოებამ ასეთი ძალის დარტყმას გაუძლოს. თავდამსხმელებმა მშვენივრად იციან, რა ჩაიდინეს. მათი მიზანია, ერაყში მსხვილმასშტაბიანი სამოქალაქო ომი გააჩაღონ."

განვლილი კვირის მოვლენებს შორის უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული გახლდათ ბოსნიელ სერბთა არმიის ყოფილი გენერლის რატკო მლადიჩის დაპატიმრების შესახებ გავრცელებული ცნობები, რომელიც ბელგრადმა მალევე უარყო. საფრანგეთის გაზეთი "ფიგარო" ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს: "მლადიჩის დაპატიმრება და მისი გადაცემა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალისთვის ჩვენი კონტინენტის ისტორიაში მნიშვნელოვან მოვლენებად იქცეოდა. მაგრამ ბელგრადში კარგად უწყიან, რომ ამან შეიძლება ნამსხვრევებად აქციოს ისედაც მყიფე სამთავრობო კოალიცია და ხელისუფლების სათავეში - ხელახალი არჩევნების შედეგად - ისევ ულტრანაციონალისტები დააბრუნოს. უწყიან ისიც, რომ მლადიჩი მათს ხელში ერთ-ერთი უკანასკნელი კოზირია თამაშში, რომელშიც ჩერნოგორიისა და კოსოვოს ბედი წყდება. ... სამწუხაროა, მაგრამ სერბია მლადიჩის მძევლად არის ქცეული."

ხორვატიის გაზეთი "იუტარნი ლისტი" კიდევ უფრო შორის მიდის: "რატკო მლადიჩის გარშემო ატეხილი მთელი ეს აურზაური ერთ რამეს ისახავს მიზნად: სერბიის მთავრობას სურს, დრო მოიგოს და სამხედრო დანაშაულში ეჭვმიტანილი გენერალი ნებაყოფლობით დანებებაზე დაიყოლიოს. ამით მოიგებდა როგორც ბრალდებული, ისე სახელმწიფო. მლადიჩი სასამართლოს წინაშე უკეთესი სახით წარდგებოდა, ხოლო იმ სერბებს, ვისაც გენერალი დღემდე გმირად მიაჩნია, ხელიდან გამოეცლებოდათ პროტესტის გამოსახატად ქუჩაში გამოსვლის საბაბი."
XS
SM
MD
LG