Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტების პროფესიონალიზმის პრობლემა


ბოლო ორი წლის განმავლობაში, სარედაქციო დამოუკიდებლობისა და ინფორმაციის მოპოვების პრობლემებთან ერთად, თავი განსაკუთრებით იჩინა ჟურნალისტური

პროფესიონალიზმის ხარვეზებმა. ამას აღნიშნავენ ექსპერტები და თავად ჟურნალისტებიც.

ვარდების რევოლუციის შემდეგ მედიის წარმომადგენლები ახალი ხელისუფლებისგან ბევრ სიკეთეს ელოდნენ, მაგრამ შოკურ მდგომარეობაში სხვებზე ადრე სწორედ ისინი აღმოჩნდნენ: ბევრი ჟურნალისტი სამსახურიდან დაითხოვეს; ბევრი მედიასაშუალება დაიხურა და იქ მომუშავე ჟურნალისტები, უბრალოდ, უმუშევრები დარჩნენ; ზოგიერთი გადაცემა ეთერიდან მოიხსნა და საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობმა სახეებმა ჩრდილში გადაინაცვლეს; რამდენიმე ცნობილი ჟურნალისტი ამა თუ იმ სამთავრობო უწყების პრესსამსახურის უფროსად დაინიშნა და თავის პროფესიას ჩამოშორდა.

ამ ცვლილებების მიუხედავად, მედიაში ამინდს ქმნიდა და ქმნის არა დამწყები რეპორტიორების კორპუსი, არამედ ჟურნალისტთა ძველი, გამოცდილი თაობა. ჟურნალისტიკის გახავერდოვნებამ რევოლუციის შემდეგ მძიმე დარტყმა მიაყენა კონკრეტული ჟურნალისტების პროფესიულ იმიჯს. მაგრამ გამოხდა ხანი და შოკიდან გამოსულმა მედიამ ძველი ფუნქციის დაბრუნება მოინდომა. გაჩნდა საგაზეთო მასალები და სატელევიზიო გადაცემები, სადაც ჟურნალისტები ცდილობდნენ, ოპონირება გაეწიათ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის; ცდილობდნენ, საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ ისინი ბრმად არ იზიარებენ ხელისუფლების პოზიციას. სწორედ ამ პროცესში იჩინა თავი ერთმა მტკივნეულმა ტენდენციამ. აღმოჩნდა, რომ შევარდნაძის ხელისუფლებისგან განსხვავებით, სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში მწვავე ჟურნალისტობა არც ისე ადვილია. ამას მარტივი ახსნა აქვს: უმოქმედო ხელისუფლების კრიტიკა განსაკუთრებულ ცოდნას და უნარებს არ მოითხოვს. სულ სხვა საქმეა ქმედითი ხელისუფლების ადეკვატური შეფასება და, მით უმეტეს, კრიტიკა. ვთქვათ, პრეზიდენტი ამბობს, რომ პატრული საზოგადოების დიდი ნდობით სარგებლობს, რომ განათლების რეფორმა წარმატებულია და რომ თბილისის მერის არჩევა პირდაპირი გზით ქალაქს დაღუპავს. თუ ჟურნალისტს სურს ამ ან სხვა მსგავსი შეფასებების ოპონირება, მან ზუსტად უნდა იცოდეს რამდენიმე საკითხი: კანონმდებლობა, რომელიც მისთვის საინტერესო სფეროს არეგულირებს, რეალური მდგომარეობა ამ სფეროში, საზოგადოების განწყობა, ექსპერტების აზრი, კონკრეტული შემთხვევები და უცხოური გამოცდილებაც კი. იმის გამო, რომ ჟურნალისტები არ იყვნენ შესაბამისად მომზადებული კამათისთვის, მათ წააგეს ყველა პაექრობა ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ეს განსაკუთებით აშკარა იყო განათლების რეფორმასთან და თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. საბოლოოდ, მედიის არაადეკვატური მზაობის გამო, გამოვიდა, რომ განათლების რეფორმა ძალიან წარმატებულია, რომ თბილისის მერის პირდაპირი არჩევა დიდი შეცდომა იქნება და რომ ფასადების შეღებვა მთელ საქართველოში ჩვენი ევროპული იერსახის დამადასტურებელია. მართალია, საზოგადოება გრძნობს, რომ საქმე არც მთლად ასე კარგად არის, მაგრამ კახა ლომაიასა და გიგა ბოკერიას არგუმენტები რომ ჟურნალისტების არგუმენტებზე უფრო ლოგიკურად ჟღერდა, ამის უარყოფა უსამართლობაა. აღმოჩნდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები იღებენ გადაწყვეტილებებს და მათ შორის არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მიღებული გადაწყვეტილებების დაცვა. ამისთვის მათ საკმარისი ცოდნა და უნარები აქვთ. ჟურნალისტს კი, საზოგადოების ინტერესების დასაცავად და ხელისუფლების ღირსეული ოპონირებისთვის მეტისმეტად ბევრი შრომა სჭირდება. ამიტომ საბოლოოდ ვიღებთ შედეგს, როდესაც საზოგადოება რჩება რეალური ინფორმაციისა და ობიექტური შეფასების გარეშე. ვინ იცის ზუსტად, რა ხარვეზები ჰქონდა ერთიან ეროვნულ გამოცდებს? ან არის თუ არა კორუფცია ფასადების ღებვაში? იცის ისევ ხელისუფლებამ, მაგრამ არ იცის საზოგადოებამ.

ასე რომ, დღეს ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობა ორმხრივ კრიტიკას ექვემდებარება: ან მედიასაშუალებები მეტისმეტად ხავერდოვნად წარმოაჩენენ ვითარებას, ან ჟურნალისტები მეტად კრიტიკულად არიან განწყობილი, მაგრამ არ არიან მზად არგუმენტირებული მსჯელობისთვის. სხვათა შორის, თბილისის ყოფილ მერს ზურაბ ჭიაბერაშვილს პირად საუბარში აქვს ნათქვამი: ნეტავ, რომელიმე ჟურნალისტს ჩემთვის ეკითხა, რისთვის უნდა გავეკრიტიკებინეო.

მაამებლობის ან თვითმიზნური კრიტიკის ნაცვლად, შესანიშნავი იქნება, რომ სწორედ მედიამ და სწორედ დღეს მთავარ ამოცანად დაისახოს ხელისუფლების საქმიანობისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების რეალური, ადეკვატური აღწერა. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ და ჩვენი პროფესიონალიზმის დასტურიც.
XS
SM
MD
LG