Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიური უბედურების ერთი წლის თავზე ინდოეთის ოკეანისპირა ქვეყნებში პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას


ზუსტად ერთი წლის წინათ, 2004 წლის 26 დეკემბერს, ინდოეთის ოკეანის სანაპირო ზოლის ერთი მონაკვეთი არნახული მასშტაბის სტიქიურმა უბედურებამ გაანადგურა:

ოკეანის ფსკერზე მომხდარი ძლიერი მიწისვძრის შედეგად აზვირთებულმა უზარამზარმა ტალღამ - ცუნამიმ - 220 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დღეს - ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე - ინდონეზიაში, ტაილანდში, ინდოეთში, შრი ლანკაში და სტიქიით დაზარალებულ სხვა ქვეყნებში პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას და მომავლის გეგმებზე საუბრობენ.

ყველაზე მძიმე დარტყმა ინდონეზიამ მიიღო. იქ - ძირითადად კი აჩეს პროვინციაში - 168 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. სტიქიამ სიცოცხლესთან ერთად 600 ათასზე მეტი სამუშაო ადგილიც მოსპო. დღეს, აჩეში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიაზე ინდონეზიის პრეზიდენტი სუსილო ბამბანგ იუდჰოიონო თანამემამულეებს დაპირდა, რომ მთავრობა ყოველ ღონეს იხმარს, რათა პროვინციაში ნორმალური ცხოვრება აღადგინოს.

[სუსილო ბამბანგ იუდჰოიონოს ხმა] "დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: ჩვენ შეგვწევს უნარი, ძალგვიძს, აღვადგინოთ დანგრეული და გავაკეთებთ კიდეც ამას. 2006 წელს საკუთარი ძალების რწმენითა და ენერგიით აღსავსენი ვხვდებით. ჩვენ აღვადგენთ აჩესა და ნიასს, აღვადგენთ უწინდელზე უკეთესი სახით."

ცერემონიაზე ადგილობრივი ბავშვების მიერ შესრულებულმა სიმღერამ დამსწრეთაგან ბევრს თვალებში ცრემლი ჩაუყენა.

[სიმღერა ინდონეზიელი ბავშვების შესრულებით]

სამგლოვიარო ცერემონია ტაილანდშიც გაიმართა, სადაც სტიქიას ხუთი ათასზე მეტი ადგილობრივი მოსახლე და უცხოელი ტურისტი შეეწირა. კუნძულ პუკეტზე შეკრებილთა წინაშე გამოსვლისას, ტაილანდის ტურიზმის მინისტრმა პრაჩა მალინონტმა აღნიშნა, რომ შარშანდელი ცუნამი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სტიქიური კატასტროფა იყო, მაგრამ ასიათასობით ადამიანისთვის იგი პირად ტრაგედიად იქცა.

[პრაჩა მალინონტის ხმა] "ჩვენთვის, ვინც აქ შევიკრიბეთ, ეს ტრაგედია არ არის, უბრალოდ, ისტორიის მორიგი ფურცელი - ის სამუდამოდ აღიბეჭდა ჩვენს მეხსიერებაში. რადგან ბევრმა ჩვენგანმა - როგორც ტაილანდელებმა, ისე უცხოელმა სტუმრებმა - სამუდამოდ დაკარგა ძვირფასი ადამიანები."

შრი ლანკაში, ქალაქ გალესთან გამართულ მემორიალურ აქციაში მონაწილეობა მიიღო ქვეყნის პრეზიდენტმა მაჰინდა რაჯაპაკსამ. აქცია ზუსტად იმ ადგილას მოეწყო, სადაც უზარმაზარმა ტალღამ სამგზავრო მატარებელს დაარტყა და მასში მყოფი ათასამდე ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა. სულ კი შრი ლანკაში 35 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათგან თითქმის ნახევარს ბავშვები შეადგენენ.

[შრილანკელი დიქტორის ხმა] "ახლი კი, ზარების რეკვას მოჰყვება ორწუთიანი დუმილი, რომლითაც მთელი ქვეყანა სიყვარულს გამოხატავს და პატივს მიაგებს ჩვენს ძმებსა და დებს, რომლებიც ცუნამიმ წაგვართვა."

სულ ინდოეთის ოკეანისპირა 13 ქვეყანაში ცუნამის მსხვერპლთა რიცხვმა 220 ათასს გადააჭარბა; ორ მილიონზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა; დაახლოებით მილიონნახევარმა საარსებო წყარო დაკარგა. სტიქიური უბედურებით გამოწვეული მატერიალური ზარალი, ექსპერტთა შეფასებით, ათ მილიარდ დოლარს აღემატება. მიწისვძრა, რომელმაც ცუნამი გამოიწვია, სულ რვა წუთს გაგრძელდა; მაგრამ მის შედეგებს დაზარალებულ რაიონებში ათწლეულების მანძილზე ვერ დაივიწყებენ.
XS
SM
MD
LG