Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნარინჯისფერი რევოლუცია" - ერთი წლის შემდეგ


გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადდა 22 ნოემბერი - "ნარინჯისფერი რევოლუციის" დღე.

ვიქტორ იუშჩენკოს პრესსამსახურის ცნობით, ამიერიდან 22 ნოემბერი დღესასწაულების სიაში შევა, როგორც " თავისუფლების დღე". შარშან სწორედ 22 ნოემბერს დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები არჩევნების შედეგების გაყალბების წინააღმდეგ, რასაც მოგვიანებით მთავრობის შეცვლა და პრეზიდენტად ვიქტორ იუშჩენკოს არჩევა მოჰყვა. შეასრულეს თუ არა იუშჩენკომ და მისმა თანაგუნდელებმა ის დაპირებები, ასე უხვად რომ ურიგებდნენ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ თანამოქალაქეებს?

ერთ-ერთი უკანასკნელი სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, ვიქტორ იუშჩენკოს სრულად უჭერს მხარს მხოლოდ ყოველი მეშვიდე უკრაინელი. შეადარეთ ეს მონაცემი რვა თვის წინანდელ 50 პროცენტს და მიხვდებით, რამდენად გაწბილებულია დღეს უკრაინელთა დიდი ნაწილი. რა არის ამ გაწბილების მიზეზები? რადიო "თავისუფლების" მიმომხილველი იან მაქსიმიუკი პირველ მიზეზად იმას ასახელებს, რომ არ მოხდა ამჟამინდელი "ოლიგარქიული კაპიტალიზმის" შეცვლა ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკური მოდელით. ამის ნაცვლად, იუშჩენკომ პოპულისტური ნაბიჯების გადადგმა არჩია და მოქალაქეებს ხელფასები და პენსიები გაუზარდა, რამაც, საბოლოო ანგარიშით, ინფლაცია და ცხოვრების გაძვირება გამოიწვია. ამავე დროს, 12-დან სამ პროცენტამდე შემცირდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი.

მეორე მიზეზად იან მაქსიმიუკი იმ რევოლუციური დაპირების შეუსრულებლობას მიიჩნევს, რომელიც კორუფციის აღმოფხვრას უკავშირდება. ექსპერტთა შეფასებით, კორუფციას უკრაინაში დღესაც ისევე მყარად აქვს გადგმული ფესვები, როგორც ლეონიდ კუჩმას მმართველობის დროს ჰქონდა.

კიდევ ერთი მიზეზი, რადიო "თავისუფლების" ანალიტიკოსის აზრით, პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს დათხოვნასთან დაკავშირებული სკანდალია. "კრიზისმა ბევრს აფიქრებინა, რომ "ნარინჯისფერი რევოლუცია" იყო არა იმდენად სახალხო ამბოხება, რამდენადაც იუშჩენკოს მომხრე "მილიონერების" გამარჯვება იანუკოვიჩის მხარდამჭერ "მილიარდერებთან" დაპირისპირებაშიო", აღნიშნავს ჩვენი მიმომხილველი.

გაწბილების არანაკლებ მნიშვნელოვან მიზეზად იან მაქსიმუკს სწორედ იანუკოვიჩთან სექტემბრის მიწურულს მიღწეული გარიგება მოჰყავს, რომლითაც იუშჩენკომ - მეტოქის მხრიდან ახალი კაბინეტის მხარდაჭერის სანაცვლოდ - იმ პირთა შეწყალება ივალდებულა, რომლებიც შარშანდელი არჩევნების გაყალბებაში არიან ბრალდებული.

რაც შეეხება "ნარინჯისფერი რევოლუციის" მონაპოვრებს, მათ შორის უმთავრესად ექსპერტები მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გათავისუფლებასა და სამოქალაქო აქტიურობის მკვეთრ ზრდას ასახელებენ. აქვე ახსენებენ იმასაც, რომ რევოლუციას მოჰყვა პოლიტიკური რეფორმა, რომლის საბოლოო მიზანი საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკის ჩამოყალიბებაა; ეს კი, თავისთავად, გაცილებით უფრო დემოკრატიული სისტემაა, ვიდრე პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობაში მოქმედი პოლიტიკური სისტემები.
XS
SM
MD
LG