Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოასწავებს შამილ ბასაევის დანიშვნა ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრემიერად?


ჩრდილოეთი ოსეთის პატარა ქალაქ ბესლანის პირველ საშუალო სკოლაზე თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორი, როგორც ამას წინათ თვითონ აღიარა, ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაური შამილ ბასაევი იყო.

საერთოდ, ბასაევის სახელთან დაკავშირებულია ბოლო წლებში მოწყობილი არაერთი სხვა ტერაქტიც - თუნდაც დუბროვკის ტრაგედია - რომელსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მით უფრო მოულოდნელი იყო ბევრისთვის, რომ ამ რამდენიმე დღის წინათ ბასაევი ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრემიერად დაინიშნა. რას ფიქრობენ ამ დანიშვნის შესახებ ექსპერტები და სეპარატისტთა ხელისუფლების წარმომადგენლები?

შამილ ბასაევის ვიცე-პრემიერად დანიშვნის ამბავი გასულ კვირაში ამცნო ფართო საზოგადოებას ჩეჩენ სეპარატისტთა ინტერნეტგვერდმა. ექსპერტთა აზრით, იჩკერიის ლიდერთა ეს ნაბიჯი, ერთი მხრივ, საკუთარი ძალების კონსოლიდაციისკენ სწრაფვას მოასწავებს, ხოლო მეორე მხრივ, მათი სტრატეგიის რადიკალიზაციის ნიშანია. რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში ასეთი მოსაზრება გამოთქვა მოსკოვის კარნეგის ცენტრის პოლიტოლოგმა ალექსეი მალაშენკომ.

[ალექსეი მალაშენკოს ხმა] "ბასაევის დაბრუნება უწინარეს ყოვლისა, კონსოლიდაციას ნიშნავს, რადგან მთავრობის რიგები ბასაევმა დუბროვკის ტერაქტის შემდეგ დატოვა. ჩნდება კიდევ ერთი კითხვა: ნიშნავს თუ არა ბასაევის დაბრუნება რადიკალიზაციას? ვფიქრობ, რომ ნიშნავს და ეს, ჩემი აზრით, გარდაუვალია. საკითხავი ის არის, როგორ განხორციელდება ეს რადიკალიზაცია?"

ალექსეი მალაშენკოს უჭირს იმის თქმა, რა ფორმებს მიიღებს მოსალოდნელი რადიკალიზაცია: მოჰყვება თუ არა მას ტერაქტებისა და ფედერალური ჯარის მოსამსახურეებზე თავდასხმების რიცხვის ზრდა; კავშირის გაღრმავება რადიკალ ისლამისტთა საერთაშორისო ქსელთან...

ჩვენი რადიოს ჩრდილოკავკასიური სამსახურის დირექტორი ასლან დუკაევი ფიქრობს, რომ ვიცე-პრემიერის პოსტზე ბასაევის დანიშვნით იჩქერიის პრეზიდენტს აბდულ-ხალიმ საიდულაევს სურს, ერთმანეთს დაუახლოვოს სეპარატისტთა ორი განსხვავებული პოლიტიკური დაჯგუფება: ზომიერი და რადიკალური.

რადიო "თავისუფლებასთან" სატელეფონო ინტერვიუში ეს ვარაუდი გარკვეულწილად დაადასტურა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა ოსმან ფერზაულიმ, რომლის თქმით, ოფიციალური თანამდებობა ბასაევს აიძულებს, უფრო თავშეკავებულად მოიქცეს. თავისი მოსაზრების დასასაბუთებლად ფერზაული არცთუ შორეული წარსულის ერთ მაგალითს იხსენებს:

[ოსმან ფერზაულის ხმა] "სახელმწიფო ხელისუფლების ტვირთისგან გათავისუფლებამ საშუალება მისცა ბასაევს, ახალი ტერაქტები განეხორციელებინა, მაგალითად ბესლანში."

რაც შეეხება ჩეჩენ ლიდერთა რეპუტაციას, რომელსაც ბასაევის დანიშვნამ, უცხოელ მიმომხილველთა აზრით, უდავოდ ზიანი მიაყენა, ფერზაული ამბობს:

[ოსმან ფერზაულის ხმა] "ჩვენ გვეუბნებიან: აი, ახლა კი თქვენი პრესტიჟი შეიძლება დაეცესო. კი მაგრამ, ბოდიში მომითხოვია: როდის ყოფილა ეს პრესტიჟი მაღალი? ან როდის უცდია ვინმეს ჩვენთან დალაპარაკება?"

ასეთ რიტორიკულ კითხვას სვამს ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ოსმან ფერზაული, რომელსაც ჩვენი კორესპონდენტი ვალენტინას მიტე ტელეფონით დაუკავშირდა დანიაში, სადაც ფერზაული ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობს. იმავე ვალენტინას მიტემ ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესის თავმჯდომარეს დენი ტეპსსაც დაურეკა და მსგავსი შინაარსის რიტორიკული შეკითხვები მოისმინა.

[დენი ტეპსის ხმა] "ჩვენს არც ერთ ცდას, მოლაპარაკება გაგვემართა, მშვიდობიანად მოგვეგვარებინა ყველაფერი, შედეგი არ გამოუღია. არც დასავლეთში და არც რუსეთში ყური არავინ გვათხოვა. რაღა დაგვრჩენია? თავი როგორღაც ხომ უნდა დავიცვათ? იმავე მეთოდებით, რომლებსაც რუსები მიმართავენ. სხვა გზა არა გვაქვს."
XS
SM
MD
LG