Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის ტერაქტი გახსნილია, გამოძიებამ ამ დანაშაულში რუსეთის აგენტურის კვალს მიაგნო


2005 წლის 1 თებერვალს გორში, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობასთან, მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმე გახსნილია:

შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქალაქ ცხინვალში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, დაკავებულნი არიან ტერაქტის შემსრულებლები. ირკვევა, რომ ისინი წარმოადგენენ კარგად ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს, რომელიც შიდა ქართლის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელებისთვის რუსეთის დაზვერვის ინსტრუქტორების კარნახით მოქმედებდნენ. გამოცხადებულია ძებნა ამ ჯგუფის სხვა წევრებზეც. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მათზე არსებული ინფორმაცია უკვე გადაეცა საქართველოში რუსეთის ელჩს ვლადიმირ ჩხიკვიშვილს.

დანაშაულის კვალი რუსეთისკენ მიდის. გორის ტერაქტის შემსრულებლებმა აღიარეს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, შიდა ქართლში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლების ინსტრუქტაჟით მოქმედებდა. დაკავებულები არიან გია ვალიევი და გია ზასიევი, მათთან ერთად - გორში სამხარეო პოლიციის შენობასთან აფეთქებული ავტომანქანის შემძენი იოსებ კოჩიევი. ერთ-ერთი დაკავებულის აღიარება ასეთია:

[დაკავებულის ხმა] ”ჩემი ჯგუფის უფროსo იყო ანდრეი ზასიევი, ამ ტერაქტის ორგანიზატორი იყო იგორი. მისი დავალებით, ანდრეი ზასიევმა ჩვენს თანამშრომელს მისცა მანქანის შესაძენი ფული. ”

ჩანაწერი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა. დაკავებულის მიერ ნახსენები ვინმე იგორი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, ცხინვალში მივლინებული რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის ინსტრუქტორია. ამას გარდა, დადგენილია, რომ 2004 წლის ივნისში კოკოითის მრჩევლად ცხინვალში მივლინებულ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს კადრების მაღალჩინოსან ანატოლი სისოევს ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის ჩამოყალიბება დაევალა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სწორედ მის მირ ჩამოყალიბებული ჯგუფის წევრების მიერ განხორციელდა ტერაქტი გორში და არამარტი იქ.

[ვანო მერაბიშვილის ხმა] ”ჩვენ მიერ დადგენილია, რომ წელიწად-ნახევრის წინ სისოევის მიერ ჩამოყალიბდა დივერსიული ჯგუფი, რომელიც მომზადებას გადიოდა რუსეთის ტერიტორიაზე. ამ ჯგუფის მიერ განხორციელდა ტერაქტი აქ, პოლიციის შენობის წინ.”

შეგახსენებთ: 2005 წლის 1 თებერვალს გორის სამხარეო პოლიციასთან მომხდარი აფეთქების შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, 30-მდე პირი კი დაიჭრა. მომხდარს მაშინვე მიეცა ტერაქტის კვალიფიკაცია. საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებმა მიიჩნიეს, რომ ტერაქტი იყო რეაქცია სამშვიდობო ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა ოსებს და აფხაზებს მაშინ ევროსაბჭოს ტრიბუნიდან შესთავაზა.

დანაშაულის გახსნას 5 თვე დასჭირდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაკავებულია 3 პიროვნება, შიდა ქართლში მოქმედი დივერსიული ჯგუფის სხვა წევრებზე კი გამოცხადებულია ძებნა. ისინი არიან: ანდრეი ზასიევი, ვალერი კოზაევი, არტურ კოზაევი, ალექსანდრე ცხოვრებოვი, ალექსანდრე ბეჟანოვი და ვლადიმერ ფუხაევი. ცნობილია დივერსიული ჯგუფის იმ სხვა წარმომადგენლების ვინაობაც, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან შიდა ქართლის ტერიტორიაზე განხორციელებულ სხვადასხვა დივერსიულ ქმედებებში.

ცნობები დივერსიული ჯგუფის ორგანიზატორების შესახებ (ორგანიზატორებად კი რუსი ინსტრუქტორები სახელდებიან) 25 ივლისს გადაეცა საქართველოს რუსეთის ელჩს. ”გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ შიდა ქართლის ტეროტორიაზე განხორციელებული ტერაქტების ორგანიზება რუსეთში მოხდა,” - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე. ის მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს თავისი აგენტები.
XS
SM
MD
LG