Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში გააქტიურების წინადადებით გამოდის


საქართველოს მეზობელი თურქეთი კარგა ხანია აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში აქტიურად ჩართვის სურვილს გამოთქვამს. შევარდნაძის პრეზიდენტობის

პერიოდში თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ გამოხატეს მზადყოფნა აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის პროცესში თურქეთის აქტიურ ჩართვასთან დაკავშირებით. იყო საპასუხო სვლებიც: 2001 წელს საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის სამშვიდობო მისიაში თურქეთის ჩართვის წინადადებით გამოვიდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მიიღებდა გაეროს თანხმობას სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციის მოთხოვნაზე, მაგრამ წინადადება წინადადებად დარჩა.
თურქეთი დღესაც გამოთქვამს აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში საკუთარი შესაძლებლობების ამოქმედების სურვილს. როგორ უყურებენ მის ამ ინიციატივას თბილისსა და სოხუმში?


სოხუმი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში თურქეთის ჩართვის წინააღმდეგია. - ეს ამ დღეებში ითქვა საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ჰაიდი ტალიავინთან შეხვედრაზეც, სოხუმში. მანამდე იქ საქართველოში თურქეთის ელჩი სტუმრობდა. დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების პირველ პირებთან საუბრისას სწორედ მან დაადასტურა თურქეთის მზადყოფნა ჩაერთოს კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში. ელჩმა აღნიშნა, რომ მის ქვეყანას ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, რაზეც პასუხად მიიღო: ”ქათულ-აფხაზური დიალოგის ფორმატი უკვე განსაზღვრულიაო.” სერგეი ბაღაფშმა თურქეთის ელჩთან შეხვედრაზე ღიად გამოხატა შეშფოთება საქართველოსა და თურქეთის სამხედრო თანამშრომლობის გამო. იგივე აღნიშნა ტალიავინთან შეხვედრაზე დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ ნუგზარ აშუბამაც, როცა საუბარი თურქეთის წინადადებას შეეხო. სოხუმში მიიჩნევენ, რომ თურქეთს სხვა მხრივ შეუძლია აფხაზეთის დახმარება. გავრცელებული ცნობით, ნუგზარ აშუბამ ჰაიდი ტალიავინის სთხოვა შუამდგომლობა თურქეთთან აფხაზეთსა და თურქეთს შორის საზღვაო-სამგზავრო მიმოსვლის გახსნის თაობაზე.


ოფიციალურ თბილისს თურქეთის ელჩის წინადადებაზე რეაქცია ჯერ არ გამოუხატავს, თუმცა ცენტრალურ ხელისუფლებაშიც და აფხაზეთის ლეგიტიმურ სტრუქტურებშიც აღიარებენ იმას, რომ თურქეთს მნიშვნელოვანი ბერკეტები აქვს და, მართლაც, შეუძლია სერიოზული როლი შეასრულოს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა მოწესრიგებაში. თურქეთის ამ როლზე საქართველოში ადრეც ფიქრობდნენ.

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] ” იგულისხმება მისი ეკონომიკური რეგიონული ფუნქცია, აფხაზური დიასპორაც თურქეთში, რომლის აზრსაც არ შეიძლება სოხუმში ანგარიშს არ უწევდნენ. ”

ეს გახლდათ საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი. ის ფიქრობს, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში თურქეთს, უდავოდ, მნიშვნელოვანი როლის შესრულების პოტენციალი აქვს და საჭიროა მისი გამოყენება. ასევე ფიქრობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოშიც. როგორც მინისტრთა საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ტაბლიაშვილი აღნიშნავს, აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში თურქეთის გააქტიურება შესაძლებელია რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, რაღა თქმა უნდა, პოლიტიკის და ეკონომიკის მიმართულებებით, ეკონომიკურ პროექტებში თურქეთის აქტიური ჩართვით.

რაც შეეხება საკითხს, გნებავთ, წინადადებას, რომლის წინ წამოწევაც ედუარდ შევარდნაძემ თავის დროზე უშედეგოდ სცადა ( ვგულისხმობთ აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო მისიის ინტერნაციონალური ძალებით - მათ შორის, თურქეთის სამშვიდობო კონტინგენტით - ჩანაცვლების წინადადებას), როგორც ჩანს, ის დღევანდელი ხელისუფლებისთვისაც მომხიბვლელად გამოიყურება, თუმცა აქტუალობა დაკარგული აქვს. აფხაზეთის მინისტრთა საბჭო (ამ უწყების ხელმძღვანელისთვის ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის სტატუსის მინიჭების შემდეგ) აფხაზეთის მიმართულებით სხვადასხვა პროექტებს ამუშავებს, მაგრამ ჯერჯერობით სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციის იდეის რეალიზაციაზე გათვლილ არანაირ პროექტზე მუშაობა არ მიმდინარეობს. კონკრეტული პროექტი ამ მიმართულებით არ არსებობს, პრიორიტეტულად ეკონომიკური პროექტები მიიჩნევა.
XS
SM
MD
LG