Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში არ გამოდარებულა, სტიქიის შემოტევას იქ კიდევ ელიან


გადაუღებელი წვიმებით გამოწვეულმა წყალდიდობამ ლამის მთელი საქართველო დააზარალა, თუმცა სტიქიამ განსაკუთრებული პრობლემები დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებს,

სვანეთსა და რაჭას, შეუქმნა. საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეებში ათობით ოჯახი დარჩა უსახლკაროდ, უფრო მეტს კი საცხოვრებელი სახლი სერიოზულად დაუზიანდა. სვანეთში შექმნილ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ ხელისუფლების პირველი პირები, იქ ჩასული იყო პრეზიდენტიც და პრემიერ-მინისტრიც, მაგრამ რაჭამ ხელისუფლების ესოდენ დიდი ყურადღება ვერ მიიპყრო. სტიქიისგან უკიდურესად დაზიანებულ ონის რაიონში რამდენიმე დღეა ამაოდ ელიან ტექნიკურ დახმარებას. იქაურობას ადიდებულ რიონთან ერთად მეწყერიც უტევს.

ონის რაიონის ზედა ზონა რაიონულ ცენტრს მოწყვეტილია, ზედა ზონის სოფლებში ასვლა წყალდიდობისგან დანგრეული გზის აღდგენამდე შეუძლებელია. ამასთან, ამ სოფლებს ამ დღეებში ვერც ელექტროენერგია მიეწოდება. მას შემდეგ, რაც ონის რაიონში წყალდიდობამ ელექტროგადამცემი ბოძები მოანგრია, რაიონულ ცენტრს დენი იმერეთიდან სათადარიგო ხაზით მიეწოდება. რაიონულ ცენტრს მოწყვეტილ სოფლებში კი სათადარიგო ხაზით მიწოდებული დენი ვერ აღწევს. ონის რაიონში სტიქიის შემოტევამ 40-მდე ოჯახი უსახლკარდოდ დატოვა. ღარში, გნოლასა და ონის რაიონის ზედა ზონის რამდენიმე სოფელში განსაკუთრებული ზარალია. ამ ეტაპზე უსახლკაროდ არიან დარჩენილნი რაიონული ცენტრის რიონისპირა მცხოვრებლებიც. მათმა ნაწილმა მოასწრო სახლების დაშლა საშენი მასალის გადასარჩენად, ნაწილმა - ვერა. ამჯერად რაიონს ღვარცოფი უტევს. რაიონის გამგეობამ რამდენჯერმე მიმართა ცენტრს ტექნიკური დახმარების მიღების თხოვნით, მაგრამ დახმარებას ონამდე ჯერ არ ჩაუღწევია.

[დავით საგანელიძის ხმა] “ჩამოსულია დაახლოებით 20000 კვადრატული მეტრი ღვარცოფი, რომელსაც ასევე გაწმენდა სჭირდება და არ ვიცი, ტექნიკის მოწოდების გარეშე რა მოხდება. ძალიან დიდი ტერიტორიებია სასაოფლო-სამეურნეო ნაკვეთებისა წაღებული. ნათესები, რაც მოსახლეობას ჰქონდა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. მიწა აღარ არსებობს. “

ონის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს დავით საგანელიძეს ჩვენ ქალაქ ონში დავუკავშირდით. რაჭიდან თბილისში ის უახლოეს დღეებში გამოემგზავრება, რათა პარლამენტის სხდომაზე მაინც წამოსწიოს წინ ონის რაიონში შექმნილი პრობლემები. “აქედან დარეკვებით და ალიაქოთის ატეხით საქმე არ კეთდებაო,” - თქვა მან ჩვენთან საუბრისას.

საქმე დიდად არც სვანეთში პრეზიდენტისა და პრემიერი სტუმრობით გაკეთებულა. ეს არის, რომ მესტიის რაიონში ასულმა პრემიერმა ზარალის ზუსტი აღრიცხვა მოითხოვა და გასცა დაპირება, რომ დაზარალებულებს დახმარება აუცილებლად გაეწევათ. სვანეთში წვიმა გრძელდება. იქ ამ დღეებში მთაში თოვლიც კი მოვიდა. მესტიის გამგებლის ნინო ჯაფარიძის თქმით, ცივი ამინდები ამ ეტაპისთვის მისწრებაა, რადგან მთაში თოვლის ერთბაშად დნობა ახალ სერიოზულ პრობლემებს მოიტანს:

[ნინო ჯაფარიძის ხმა] “უშგულში სავარგულებია უფრო დაზიანებული, კალაში საცხოვრებელი სახლებიც დაზიანდა. კალაში არის გაჩენილი უშველებელი ნაპრალი ერთ-ერთი სოფლის თავზე და მისი ჩამოწოლის საშიშროებაა. 20 ოჯახი უსახლკაროდ არის დარჩენილი. 200 ოჯახს კი მესტიის რაიონში ისე დაუზიანდა სახლები, რომ მათი საცხოვრებლად გამოყენება აღარ შეიძლება. “

სვანეთის ზედა ზონის სოფლებისკენ მისასვლელი გზები ჩაკეტილია. ”კიდევ კარგი, იქაურებს საკვები და მედიკამენტები წინასწარ აქვთ მომარაგებული, რადგან შემოდგომიდან გვიან გაზაფხულამდე თოვლი ამ სოფლებს რაიონულ ცენტრს ისედაც სწყვეტსო,” - აღნიშნავს ნინო ჯაფარიძე.

“საქართველოს თქვენ არ დავიწყებიხართ, მთავრობა, ვისაც როგორ შეეძლო, ჩამოვიდა და დადგა თქვენს გვერდით,” - თქვა აღდგომა ღამეს ლენტეხის რაიონში ჩასულმა პრეზიდენტმა. სიტყვიერი თანადგომა ბევრს ნიშნავს, თუმცა სვანებს ტექნიკური და მატერიალური დახმარება უფრო სჭირდებათ.
XS
SM
MD
LG