Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების რა პრინციპებს სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას


საქართველოში მორიგი საარჩევნო ციებ-ცხელება ჯერ არ დაწყებულა და, მიუხედავად ამისა, არჩევნების თემა მაინც აქტუალურია. პარლამენტმა მეორე მოსმენით უნდა მიიღოს

კანონპროექტი, რომელზეც დიდწილად იქნება დამოკიდებული მომავალი არჩევნების ბედი. საქმე ეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესს. გადაწყვეტილია, მისი პროფესიული ნიშნით დაკომპლექტება, თუმცა ოპოზიცია შიშობს, რომ, პროფესიული ნიშნის ფანდით, ხელისუფლება, შესაძლოა, ერთპარტიული ცენტრალური საარჩევნო კომისიის შექმნას გეგმავდეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით მას უმრავლესობის პროექტის ალტერნატიული ვარიანტი გამოაქვს. ამ ვარიანტის პრეზენტაცია ოთხშაბათს საპარლამენტო ოპოზიციური ძალების პრესკონფერენციაზე შედგა.

ერთპარტიული ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიღების საფრთხემ ოპოზიციურ ძალებს არჩევნების საკითხის გარშემო გაერთიანებისკენ უბიძგა. საპარლამენტო ოპოზიცია, “ახალი მემარჯვენეების , “რესპუბლიკელების” და “კონსერვატორების “ შემადგენლობით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ალტერნატიულ წესზე შეთანხმდა და ეს წესი, პროექტის სახით, განსახილველად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს შესთავაზა. საპარლამენტო ოპოზიციას ამ შემთხვევაში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა არასაპარლამენტო ოპოზიციამ: “ლეიბორისტულმა პარტიამ” და პოლიტიკურმა გაერთიანებამ “თავისუფლება”. ყველა ერთად უპირისპირდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების ისეთ წესს, რომლის დაკანონებასაც საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს. ლაპარაკია უმრავლესობის პროექტში ჩადებულ წესზე, რომლის მიხედვითაც ცენტრალური საარჩევნო კომისია 7 წევრიანია და შვიდივე წევრს პარლამენტი ამტკიცებს პრეზიდენტის მიერ შერჩეული და პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატურებისგან. პრეზიდენტი არის მმართველი პარტიის წარმომადგენელი, პარლამენტის უმრავლესობაც მმართველი პარტიისაა - ამდენად, ძნელია იმის დაჯერება, რომ პრეზიდენტის და მისი უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული საარჩევნო კომისია იქნება მართლაც პროფესიული და არა პარტიული ნიშნის.

[დავით უსუფაშვილის ხმა] “მთავრობა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, მას არ შეიძლება ჰქონდეს ნდობა სხვა საკითხებში. 2003 წლის ნოემბრის მოვლენის შემდეგ ჩვენ ვთვლიდით, რომ საქართველოში მსგავს თემებზე საუბარი აღარ გახდებოდა საჭირო. “ (სტილი დაცულია)

“ რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი წუხს, რომ მსგავს თემებზე საუბარი სწორედაც რომ საჭირო გახდა. ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე მან მოიყვანა იმის მაგალითები, თუ რა ცუდად გამოავლინა თავი არჩევნებში სააკაშვილის ხელისუფლებამ. შემდგომი ცუდი არჩევნების თავიდან ასაცილებლად ოპოზიცია ხელისუფლებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ასეთ წესს სთავაზობს: კომისია იყოს 16 წევრიანი; აქედან 2 წევრის წარდგენის უფლება უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს, 2-2 წევრისა - ბოლო საპარლამენტო არჩევნებში 4 პროცენტიან ბარიერგადალახულ პარტიებს ან ბლოკებს, 2-2 - ისა - აჭარის უმაღლესი საბჭოს პროპორციულ არჩევნებში 4 პროცენტიან ბარიერგადალახულებს, აგრეთვე, თბილისის საკრებულოს არჩევნებში 4 პროცენტიან ბარიერგადალახულ პარტიებს.

ამას გარდა, ოპოზიციის პროექტით, საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების წარდგენა უნდა მოხდეს სპეციალურ საკონკურსო კომისიაში, რომლის წევრების დანიშვნაშიც ასევე უნდა მონაწილეობდნენ უკანასკნელ არჩევნებში ასე თუ ისე წარმატებული პოლიტიკური ძალები. კანდიდატების შერჩევისას ამოსავალი პრონციპი პროფესიული ნიშანი უნდა იყოს. ეს არის მოდელი, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ბეიკერის სახელთან დაკავშირებულ მოდელთან, თუმცა უწერია თუ არა მას რეალიზება, ძნელი სათქმელია. უმრავლესობა არ აპირებს საკუთარ ვარიანტში ჩადებული პრინციპებისგან გადახვევას.
XS
SM
MD
LG