Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინციდენტი ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში - რუს სამშვიდობოებსა და საქართველოს სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება მშვიდობიანად დასრულდა


ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში სამშაბათს ადგილი ჰქონდა ინციდენტს, რომელიც შეიძლებოდა სერიოზულ დაპირისპირებაში გადაზრდილიყო. სოფელ განმუხურში 2

თვეა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სწრაფი რეაგირების რაზმი დგას და ადგილობრივ მოსახლეობას იცავს. ეს რაზმი 22 მარტს რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებმა ალყაში მოაქციეს. სოფელში ისინი 12 ერთეულამდე ჯავშანტექნიკით შეიჭრნენ. სამეგრელოსა და ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულსა და სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობას შორის წარმოებული მოლაპარაკების შედეგად, დაპირისპირება ამოიწურა. რა მოხდა სოფელ განმუხურში?

[სოფელ განმუხურის მკვიდრის ხმა] “ შემოიჭრნენ სკოლის ეზოშიც, თითოეულ ხესთან დადგნენ და დაატერორეს ბავშვები.”

როგორც სოფელ განმუხურის მკვიდრი ქალბატონი აღნიშნავს, 22 მარტს რუს მშვიდობისმყოფელებს სოფლის სკოლის ეზოც კი ჰონდათ დაკავებული, თუმცა სამშვიდობოების მიზანი მარტო ბავშვების დატერორება არ ყოფილა. მთავარი სამიზნე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სწრაფი რეაგირების რაზმი იყო. ის სოფელ განმუხურში დაახლოებით 2 თვეა, რაც დგას და მოსახლეობის უსაფრთხოებას იცავს.

[ვანო მერაბიშვილის ხმა] “ბრძანება გასცა რუსმა სარდალმა, რათა ქართველ პოლიციელებს დაეყარათ იარაღი, რაზეც მათ ცივი უარი მიიღეს. “

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ზუგდიდის რაიონში ჩასვლას აპირებდა, მაგრამ ეს საჭირო აღარ გახდა. დაპირისპირება სამხარეო რწმუნებულ გიგი უგულავასა და აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის სამშვოდობო ძალების სარდლის მოადგილე პოლკოვნიკ კაზანცევს შორის მოლაპარაკებით განიმუხტა. სამშვიდობოებმა, თავიანთი ჯავშანტექნიკით, განმუხურის ტერიტორია დატოვეს. მათ მანევრზე ახლო მომავალში მხარეები ჭუბურხინჯის ოთმხრივ შეხვედრაზე იმსჯელებენ, თუმცა ინციდენტის მიზეზებზე მანამდეც შეიძლება საუბარი.

რუსულ მხარეს ჰქონდა გარკვეული პრეტენზიები ქართველი პოლიციელების მიერ რუსეთის სამშვიდობო ძალების 4 ჯარისკაცის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით. ისინი ახლახან სწორედ აფხაზეთის პირობით საზღვართან, სოფელ განმუხურში, იქნენ დაკავებულნი, მაშინ როცა ერთ-ერთი მოსახლის ეზოში აპირებდნენ შესვლას. დაკავებულებმა ( ისინი ნასვამები იყვნენ) განმარტეს, რომ გალის რაიონიდან ზუგდიდის რაიონში მოპარული ცხენის მოსაძებნად იყვნენ გადმოსულნი. საქმეში გარკვევის შემდეგ რუსი ჯარისკაცები ქართველმა პოლიციელებმა სამშვიდობოების საგუშაგოზე დააბრუნეს. მათმა ქმედებამ სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელები აშკარად გაანაწყენა, მაგრამ არის კიდევ ერთი მიზეზი. როგორც სამშაბათს რუსმა პოლკოვნიკმა კაზანცევმა განმარტა, განმუხურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სწრაფი რეაგირების რაზმის ყოფნა ეწინააღმდეგება ცეცხლის შეწყვეტისა და მხარეთა დაშორიშორების შესახებ მხარეთა შორის წლების წინ გაფორმებულ შეთანხმებას.

[კაზანცევის ხმა] “მოსკოვის შეთანხმების თანახმად, აქ შეიარაღებული პირები არ უნდა იმყოფებოდნენ. “

საქართველოს მხარის საპასუხო არგუმენტის სახით, მოვიყვანთ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომელიც მან 22 მარტს გააკეთა:

[ ვანო მერაბიშვილის ხმა] “ჩვენ იძულებული გავხდით ეს რაზმი ჩაგვეყენებინა 2 თვის წინ, რადგან ამ სოფლიდან მოხდა საქართველოს მოქალაქეების გატაცება აფხაზეთის ტერიტორიაზე. აქედან მოყოლებული, სპეცდანიშნულების რაზმი ახორციელებს საქართველოს მოქალაქეების დაცვას. “ (სტილი დაცულია)

შინაგან საქმეთა სამინისტროს სწრაფი რეაგირების რაზმი სოფელ განმუხურის დატოვებას არ აპირებს. იქაურობა კი ამ ეტაპზე მშვიდობიანად დატოვა რუსეთის სმშვიდობო ძალების გაძლიერებულმა ბატალიონმა. ინციდენტი ამოწურულია, თუმცა არავის შეუძლია იმის თქმა, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება.
XS
SM
MD
LG