Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპერტები პრეზიდენტს სამხედრო სფეროში განხორციელებულ საქმიანობას უწუნებენ


ასოციაცია “სამართალი და თავისუფლება” წლების მანძილზე სწავლობს საქართველოს თავდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებს, სამხედრო ძალებში მიმდინარე პროცესებს.

უკანასკნელად ამ ორგანიზაციამ აღნიშნული მიმართულებით პრეზიდენტის მიერ გაწეული საქმიანობის მონიტორინგი განახორციელა, რის შედეგადაც სამხედრო სფეროში არცთუ ისეთი დიდი წარმატებები გამოიკვეთა, როგორზეც ხელისუფლების უმაღლესი პირები ლაპარაკობენ. ასოციაცია “სამართალი და თავისუფლება” დაასკვნის, რომ სამხედრო ძალებში განხორციელებული რეფორმა შორს არის რეალური რეფორმის იდეისგან და, უფრო მეტიც, ის საერთოდ არ არსებობს. რის საფუძველზე კეთდება ასეთი განცხადება და როგორ უპასუხებენ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხედრო ექსპერტების კრიტიკას?

ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის მიერ სამხედრო სფეროში გაწეული საქმიანობის ყველაზე თვალსაჩინო შედეგად სამხედრო სფეროს დაფინანსების მკვეთრი ზრდა სახელდება. თუმცა ასოციაციაში, რომელმაც სამხედრო სფეროში პრეზიდენტის საქმიანობის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა, აღნიშნავენ, რომ თავდაცვის სფეროსთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის დიდი ლუკმა მმართველობის მაღალი თანამდებობის პირების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდა. ნათქვამი ხელისუფლებაში აღიზიანებთ: იქ ხომ ყველაზე მეტად სწორედ სამხედრო სფეროში არსებული მიღწევებით ამაყობენ. აი, როგორ უპასუხებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით კირკიტაძე შენიშვნას იმის შესახებ, რომ თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი თანხები არარაციონალურად დაიხარჯა:

[დავით კირკიტაძის ხმა] “ვერ ნახავთ ვერც ერთ ჯარისკაცს, რომელსაც აწუხებდეს კვების პრობლემა, აღჭურვილობის პრობლემა. მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩვენი სამხედრო ტექნიკა, შეიქმნა სარეზერვო ბატალიონები, რომლებიც იქნება ღირსეული ზურგი ჩვენი პროფესიული ჯარისათვის. “

თუ ყველაფერი ასე კარგადაა, მაშინ რა იწვევს დეზერტირობას? ამ შეკითხვით ჩემმა კოლეგამ კობა ლიკლიკაძემ რადიო “თავისუფლების” 16 თებერვლის დილის პროგრამაში ასოციაცია “სამართალი და თავისუფლების” წარმომადგენელს ირაკლი სესიაშვილს მიმართა.

[ირაკლი სესიაშვილის ხმა] “ მთავარი პრობლემა არის ის, რომ სამხედრო პირები ვერ ხედავენ სამხედრო მმართველობის განვითარებას და გაურკვევლობაში არიან.”

ირაკლი სესიაშვილი და მისი თანამოაზრეები სვამენ კითხვას: ხელისუფლებამ დღემდე რატომ ვერ მოახერხა არმიის მშენებლობის პრიორიტეტების განმსაზღვრელი ძირითადი დოკუმენტების - სახელმწიფო უსაფრთხოების კონცეფციისა და სამხედრო დოქტრინის - მიღება? რადგან, მოცემულ ეტაზე, თავდაცვის სამინისტროში შეუძლებელია ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მიღება იმ მიზეზით, რომ მინისტრი და მისი მოადგილე ქვეყანაში არ იმყოფებიან, სხვებს კი პასუხის გაცემა არ შეუძლიათ, ჩვენ ამ კითხვით დავით კირიკიტაძეს მივმართეთ.
ის აცხადებს, რომ სამხედრო დოქტრინაზე მუშაობას დრო სჭირდება და მასზე კიდევ მუშაობს ჯგუფი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნიკა რურუას მეთაურობით.

ასოციაცია “ სამართალი და თავისუფლება” ხელისუფლებას აკრიტიკებს იმის გამოც, რომ სახელმწიფოში არ არსებობს სამხედრო სფეროში გასატარებელი რეფორმის კონკრეტული გეგმა. დავით კირკიტაძე ყველას ურჩევს, კარგად დაუგდონ ყური პრეზიდენტის გამოსვლებს:

[დავით კირკიტაძის ხმა] “პრეზიდენტის გამოსვლაში ნათლად იკვეთება კონტურები, რა რეფორმები ტარდება სამხედრო სფეროში. ასე რომ, ასეთი ბრალდება აბსურდულია.”

შეკითხვა: რეფორმების გეგმა, დაწერილი, არსებობს? თქვენ გინახავთ?

[დავით კირკიტაძის ხმა] “ დიახ.”

როგორც ჩანს, გეგმა, თუ კი ის არსებობს, ძალიან ცოტას თუ უნახავს. სამხედრო სფეროს მონიტორინგის ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც სამხედრო-სამოქალაქო ფუნქციების გამიჯვნას ეხება, რაც უშუალოდ ქვეყნის პრეზიდენტს უნდა განეხორციელებინა, ნათქვამია: “ ყოველი მინისტრი არ თმობდა ერთპიროვნულ მმართველობას, რასაც პრეზიდენტი თავისი დებულებით უტკიცებდა კიდეცო. “

დავით კირკიტაძეს უჭირს თქვას, რის საფუძველზე კეთდება ასეთი შენიშვნა, მაშინ როცა, მისი თქმით, “დებულება ერთის უფლებებსაც მკაფიოდ განსაზღვრავს და მეორისასაც.” თავდაცვის სამინისტროს კი დებულება ავალებს “შეიარაღებული ძალების მუდმივ მზადყოფნას საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად, ასევე ხელისუფლების მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების სამხედრო უზრუნველყოფას “. ექსპერტების აზრით, ერთიც და მეორეც გენერალური შტაბის ფუნქციებში უნდა შედიოდეს.
XS
SM
MD
LG