Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოება გამოძიებას არ ენდობა და თავად ცდილობს იპოვოს პასუხი შეკითხვაზე, იყო თუ არა შემთხვევითი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება


საქართველოში ზურაბ ჟვანიას შემთხვევითი გარდაცვალებისა თითქმის არავის სჯერა. პრემიერ-მინისტრის უცნაურ გარემოში გარდაცვალებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ტრიალებს უამრავი ვერსია,

უამრავი შეკითხვა და არც არის იმედი იმის, რომ ამ შეკითხვებს დამაჯერებელი პასუხი გაეცემა. ეს განწყობილება გამოძიებისადმი აშკარა უნდობლობაზე მეტყველებს. გამოძიება გრძელდება, ის ახალს ჯერჯერობით ვერაფერს გვთავაზობს, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით არსებულ არაოფიციალურ ვერსიებს კი ვერსიები ემატება.

ზურაბ ჟვანიას მოულოდნელი გარდაცვალებით გამოწვეული შოკის განელების შემდეგ საზოგადოებაში უფრო და უფრო აქტიურად იბუდებს ეჭვი იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი მოკლეს. ასეთივე განწყობილებაა ზურაბ ჟვანიას უახლოეს გარემოცვაში. პრემიერის შემთხვევითი გარდაცვალებისა არც იქ სჯერათ და ეს ჩვენთან საუბრისას დეპუტატმა ელენე თევდორაძემაც დაადასტურა:

[ელენე თევდორაძის ხმა] “ არაფერი არ გვაქვს, მაგრამ განწყობილება იგივეა. ჩვენ არავის არ გვჯერა. “


რატომ არ სჯერათ? ამ შეკითხვას უამრავი ახსნა მოეძებნება. პრემიერ-მინისტრის ცხედრის დაკრძალვის მეორე დღეს ქართული პრესა მომხდართან დაკავშირებული ვერსიებით აჭრელდა. ვინ გაიყვანა პრემიერი სახლიდან ღამის 23 საათსა და 30 წუთზე? რამდენად სარწმუნოა ის, რომ პრემიერის და ვიცე-გუბერნატორის გარდაცვალება ზუსტად იმ გარემოში მოხდა, როგორიც შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ აგვიწერეს? ამ შეკითხვებთან დაკავშირებით ჟურნალისტები რამდენიმე ახალ დეტალს აღნიშნავენ, კერძოდ, რომ შემთხვევის ადგილას იყო გაშლილი ნარდი, არადა, პრემიერ-მინისტრი ნარდის თამაშს ვერ იტანდა. ხმაურდება უფრო საყურადღებო დეტალი - შემთხვევის ადგილას არავის უნახავს საფერფლე, არადა, პრემიერი აქტიური მწეველი იყო.

ორშაბათს გენერალურ პროკურატურაში გრძელდებოდა სხვადასხვა პირების დაკითხვა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით. გაირკვა ისიც, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე პრემიერ-მინისტრს ჰქონდა სატელეფონო საუბარი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩთან. სხვა, უფრო საინტერესო, დეტალები არ იკვეთება და არ ჩანს იმედი იმის, რომ გამოძიება საზოგადოებას დამაჯერებელ არგუმენტაციას შესთავაზებს.

პრემიერ-მინისტრის შემთხვევითი გარდაცვალების არც იმ ადამიანებს სჯერათ, რომლებიც ზურაბ ჟვანიას პოლიტიკას აკრიტიკებდნენ. თავისი ვარაუდები ჟურნალისტებს ორშაბათს ირინა სარიშვილ-ჭანტურიამ შესთავაზა:

[ირინა სარიშვილი ხმა] “ ჩემი ვარაუდით, ჟვანიას მკვლელები (თუ ეს, მართლაც, მკვლელობაა - და მე უფრო მეტი საფუძველი მაქვს, ასე ვიფიქრო) არიან ხელისუფლებაში. ჟვანიას დაკარგვით ამ ხელისუფლებამ მთლიანად დაკარგა გონება.”

სარიშვილ-ჭანტურიას ეეჭვება, მკვლელობა - თუ ის მართლაც მოხდა - მეზობელი სახელმწიფოდან ყოფილიყო შეკვეთილი. მით უფრო გამორიცხავს მკვლელობის შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკების მიერ დაკვეთას. სარიშვილ -ჭანტურიას აზრით, მკვლელობის შემთხვევაში, ორგანიზატორები ამ ხელისუფლების შიგნით უნდა იყვნენ. ასეთ რამეს არც აკაკი ასათიანი გამორიცხავს:

[აკაკი ასათიანის ხმა] “ შემთხვევითობის მეც ნაკლებად მჯერა. ხელისუფლებაში დაჯგუფებები რომ არის, მათ შორის იდეოლოგიური განსხვავებები კი არ არის, არის ბრძოლა თანამდებობებისთვის, ანუ ფულისთვის. შეიძლება ამ თვალსაზრისით მოხდა; შეიძლება, მართლაც, შემთხვევითობას ჰქონდა ადგილი. “(სტილი დაცულია)

“თუ მართლაც შემთხვევითობა იყო, მე მრცხვენია იმის გამო, რომ საქართველოში შესაძლებელია ასეთი მაღალი რანგის ფიგურის შემთხვევით ნახშირჟანგით გაგუდვა,” - ამბობს აკაკი ასათიანი. სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელი ალექსანდე შალამბერიძე კი ისევ იმეორებს იმას, რაც ერთხელ უკვე თქვა. მისი აზრით, ზურაბ ჟვანიას სიკვდილი შემთხვევითი მოვლენა არ უნდა იყოს და ამ შემთხვევის უკან რუსეთის მტრული ძალები უნდა წარმოვიდგინოთ.

როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აგორებულ ვერსიებს კიდევ არაერთი ვერსია დაემატება. მაშინ, როცა გამოძიების არ სჯერათ, ხალხი თავად ცდილობს გასცეს პასუხი შეკითხვას - “მოკვდა თუ მოკლეს ზურაბ ჟვანია?”
XS
SM
MD
LG