Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გამო საქართველოს პარლამენტს კიდევ ერთხელ მოუწევს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება


საქართველოს პარლამენტს ახლო მომავალში კიდევ ერთხელ მოუწევს მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება. არადა, ეს პროცედურა ახლახან, დეკემბრის ბოლოს, იქნა გავლილი.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ -მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა ( რა მიზეზითაც უნდა მოხდეს ეს) იწვევს მთავრობის გადადგომას. ასე რომ, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დასახელება, ამ უკანასკნელის მიერ პრეზიდენტთან მინისტრობის კანდიდატების შეთანხმება, საბოლოოდ კი, პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში უნდა მოხდეს.


ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებამ საქართველოს ხელისუფლებაში ნამდვილი შოკი გამოიწვია, თუმცა, ამის მიუხედავად, იქ ხელისუფლების უწყვეტობის მოთხოვნის აღსრულებაზე უნდა ეზრუნათ. ვინ შეიძლება გამხდარიყო პრემიერის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი? ამასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი სახელმწიფო კანცელარიის აპარატის უფოსმა პეტრე მამრაძემ გააკეთა:

[პეტრე მამრაძის ხმა] “ არსებობს მთავრობაში ერთი წევრი, ვიცე-პრემიერი. ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება აქვს გიორგი ბარამიძეს და მას აქვს უფლება პრეზიდენტის დავალებით ჩაატაროს მთავრობის სხდომა. “

გავრცელდა კიდევ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ზურაბ ჟვანიას ძველი თანამებრძოლის, გიორგი ბარამიძის, დანიშვნის შესახებ, თუმცა, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, პრეზიდენტმა მთავრობის მეთაურობა დროებით თავად იტვირთა. ეს დროებითი მოვლენაა. ახლო მომავალში პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება მოუწევს, რადგან პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა ავტომატურად მთავრობის წევრების გადადგომას იწვევს. მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე მათ პრეზიდენტმა უნდა მიანიჭოს აქამდე დაკისრებული უფლებამოსილებების დროებით შემსრულებელთა სტატუსი. როგორც ყოფილი პარლამენტარი ვახტანგ ხმალაძე პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით აღნიშნავს:

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] “ მანდ არის ორი ელემენტი: ერთი - ვინ ასრულებს მის მოვალეობას და მეორე - როგორ იქმნება ახალი მთავრობა. კონსტიტუციაში წერია, რომ პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა, რა მიზეზითაც უნდა მოხდეს ეს, იწვევს მთავრობის გადადგომას. “

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა ხელახლა არის დასაკომპლექტებელი და დასამტკიცებელი, მანამდე კი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ვიცე-პრემიერი მთავრობის სტრუქტურისა და უფლებამოსილებების შესახებ კანონის ძალით შეიძლება დანიშნულიყო.

ამ კანონში წერია, რომ პრემიერ-მინისტრის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ვიცე-პრემიერი.

“კანონის ეს ნორმა ცოტა ბუნდოვანია - არ არის ნახსნები გარდაცვალებით უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევა, თუმცა კანონში მითითებულ “ არყოფნის შემთხვევაში”, ალბათ, ესეც უნდა ვიგულისხმოთ, “ - აღნიშნავს ვახტანგ ხმალაძე. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, პრემიერის მოვალეობას დროებით პრეზიდენტი ითავსებს.

რაც შეეხება პროცედურას, რომელიც პრემიერის გარდაცვალების მოტივით მთავრობის ხელახლა დაკომპლექტებისთვის უნდა განხორციელდეს. კონსტიტუციით განსაზღვრული წესით, პრემიერის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 7 დღეში პრეზიდენტმა საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციების შედეგად შერჩეული პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატურა უნდა დაასახელოს.
ამ უკანასკნელმა დასახელებიდან 10 დღის მანძილზე უნდა შეარჩიოს და პრეზიდენტთან შეათანხმოს მთავრობის შემადგენლობა. ამ პროცედურის დასრულებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის სრულ შემადგენლობას, პარლამენტი კი პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების კანდიდატურებს კენჭს ერთი კვირის ვადაში უყრის. ასე რომ, როგორც ვახტანგ ხმალაძე ამბობს, მაქსიმუმ 27 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტს კიდევ ერთხელ მოუწევს მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება, გნებავთ, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება:


[ვახტანგ ხმალაძის ხმა] “ 27 დღეში (ეს არის უკიდურესი ვადა) პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს მთავრობის ნდობის საკითხს. თუ ვერ უყარა, მაშინ უკვე სხვა პროცედურებია. “

შეგახსენებთ: მინისტრთა კაბინეტის შემოღების შემდეგ, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პარლამენტში უკვე მესამედ უნდა დადგეს.
XS
SM
MD
LG