Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მალე საქართველომ და რუსეთმა ჩარჩო ხელშეკრულებაზე მუშაობა უნდა განაახლონ


უახლოეს ხანებში თბილისს რუსეთის დელეგაცია ეწვევა და საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ორ ქვეყანას შორის ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმებასთან

დაკავშირებულ პრობლემებს განიხილავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. საგარეო საქმეთა სამინისტრო აზუსტებს იმასაც, რომ ჩარჩო ხელშეკრულებასა და საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეხვედრები თბილისში თებერვლის პირველ დღეებში გაიმართება. ოდნავ მოგვიანებით, 18 თებერვალს, თბილისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ეწვევა. ეს ვიზიტიც ჩარჩო ხელშეკრულებას დაუკავშირდება, ასე რომ, რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობაში ვერა და ვერ მიღწეული მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის თემა ისევ აქტუალური ხდება.

ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშროლობის დიდი, ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება გასული წლის შემოდგომაზე იგეგმებოდა. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს მხარე ხელშეკრულების პროექტზე მუშაობის დასრულებას სწორედ შემოდგომისთვის ლამობდა. იმხანად საქართველოში რუსეთის პრეზიდენტს ელოდნენ. იყო მოლოდინი, რომ რუსეთის პრეზიდენტი ამ ვიზიტისას სამხრეთელ მეზობელთან ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმებას დააჩქარებდა, მაგრამ პუტინმა თბილისში ჩასვლა გადაიფიქრა. ამის შემდეგ ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულების პროექტზე გაცხარებული მუშაობა დროებით ისევ განელდა. რუსეთში საქართველოს ელჩის ვალერი ჩეჩელაშვილის აგვისტოს განცხადებით, ხელშეკრულების პროექტის 90 პროცენტზე მუშაობა მაშინ დასრულებული იყო, მაგრამ მთავარი მხარეებს შორის შეუთანხმებელი 10 პროცენტია.
დიდი ხელშეკრულების გაფორმება დიდი ხანია საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის ვადებზე შეუთანხმებლობის მიზეზით ფერხდება. ამას გარდა, მეგობრობაზე მორიგებას აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის მიმართულებით საქართველოსადმი რუსეთის აშკარა არამეგობრული პოლიტიკა აყოვნებს. ამიტომაც არის, რომ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი თებერვლის დასაწყისში თბილისში გასამართ მოლაპარაკებას მარტო ჩარჩო ხელშეკრულების საკითხებს არ უკავშირებს:

[კოტე გაბაშვილის ხმა] “მე მგონი, ეს არ იქნება მარტო ჩარჩო ხელშეკრულების საკითხი. იქ - სააკაშვილის გამოსვლა სტრასბურგში, იქ - ბეჟუაშვილის ვიზიტი მოსკოვში, იქ - ლავროვის ჩამოსვლა, რომელიც მარტო ჩარჩო ხელშეკრულებაზე არ მუშაობს. როგორც ჩანს, ცვლილებების პერიოდი დგება. “


ცვლილებებს ითხოვს ქვეყნებს შორის ურთიერთობით შექმნილი ვითარება, რომელიც, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გელა ბეჟუაშვილის სიტყვებით, “ არ არის ნორმალური “. ეს მოსკოვში რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან იგორ ივანოვთან შეხვედრისას ითქვა.
შეხვედრის დეტალები არ ხმაურდება. ერთ-ერთი ვერსიით, ბეჟუაშვილის მოსკოვში გამგზავრება უფრო თებერვლის შეხვედრების მომზადებას უკავშირდებოდა, ვიდრე კონკრეტულ სადავო საკითხებზე მოლაპარაკების წარმოების მიზანს.
ცნობილია, რომ დელეგაციას, რომელიც თბილისში რუსეთ-საქართველოს ჩარჩო ხელშეკრულების პროექტის სადავო საკითხებზე სამუშაოდ ჩამოვა, საგანგებო დავალებათა ელჩი იგორ სავოლსკი უხელმძღვანელებს. ამ ჯგუფის დასახვედრად, თავის მხრივ, მუშაობას იწყებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯგუფი, მინისტრის მოადგილის მერაბ ანთაძის ხელმძღვანელობით. ჩარჩო ხელშეკრულებამ უნდა განსაზღვროს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ძირეული საკითხები - მხარეთა სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. შეგახსენებთ: ასეთი ხელშეკრულების რატიფიცირებაზე ერთხელ უკვე თქვა უარი რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ. 1995 წელს მან არ მოახდინა საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული დოკუმენტის რატიფიცირება.
“ამის მიზეზი მარტო საქართველოში 25 წლის ვადით რუსეთის ბაზების დაკანონებაზე შეუთანხმებლობა ყოფილა, “ - იხსენებს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე და ნათქვამს დასძენს: “ რუსეთი შეეცადა რაღაცნაირად ჩრდილი მიეყენებინა საქართველოს სუვერენიტეტისთვის და არ წასულიყო საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების პროცესის გაღრმავებაზე. “

რა მოხდება დღეს, რას მოიტანს ლავროვის ვიზიტი, არავინ და, მათ შორის, არც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იცის. ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში მან ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა: “რამდენიმე ასეთი შეხვედრა უკვე შედგა, მაგრამ მათ შედეგი არ მოჰყოლიაო.” მხარეებს შორის სადავო ისევ და ისევ სამხედრო ბაზები და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის ცნობილი პოლიტიკაა. საქართველოს მხარე არ აპირებს ბაზებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის გადახედვას და, როგორც გიორგი ბარამიძე ამბობს, მთელი პრინციპულობით ითხოვს სტამბულის შეთანხმების ფარგლებში მოქმედებას:

[გიორგი ბარამიძის ხმა] “ჩვენ ყველანაირ ძალისხმევას მივმართავთ, რომ რუსეთზე განხორციელდეს ზეწოლა, რათა ეს შეთანხმება იქნეს შესრულებული. ჩვენ გვაქვს სხვა ბერკეტებიც რეზერვში. დროის ამბავია. ადრე თუ გვიან რუსეთი თავის სამხედრო ბაზებს საქართველოდან მაინც გაიტანს. ამას მოახდენს საქართველო და ყველაფერი მოხდება ისე, რომ რუსეთი დარჩენა წაგებული. “(სტილი დაცულია)

ბარამიძის სიტყვებით, ამ შემთხვევაში აღარ იქნება გათვალისწინებული რუსეთის ინტერესები. სტამბულის შეთანხმება ჯერჯერობით მხოლოდ ვაზიანის ბაზის გატანით არის შესრულებული. გუდაუთასთან დაკავშირებით საქართველო პირობას შესრულებულად არ მიიჩნევს, რადგან ამ ბაზაზე აბსოლუტურად უკანონოდ დგანან რუსეთის ეგრეთ წოდებული სამშვიდობო ძალები. რაც შეეხება ბათუმისა და ახალქალაქის ბაზებს, საქართველოს მხარეს მიაჩნია, რომ მათი გატანა შეთანხმების მიღწევიდან ერთ წელიწადშია შესაძლებელი. კომპრომისის მაქსიმუმი ბაზების სანაცვლოდ ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის წინადადებაა.
XS
SM
MD
LG