Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საოკეანო სანაოსნო 161 მილიონ დოლარად გაიყიდა


საქართველოს საოკეანო სანაოსნო 161 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამ საფასურად საქართველოს მთავრობამ ის მფლობელობაში ავსტრალიურ-ბრიტანულ “არმსტრონგ

ჰოლდინგ კორპორეიშენს” გადასცა. სანაოსნო ცალკე პაკეტით გაიყიდა და არა ისე, როგორც თავიდან იყო დაგეგმილი - ბათუმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან, ქარხნის ტერიტორიასა და ბათუმის ნავთობბაზასთან ერთად. ამ ყველაფერის 107 მილიონ დოლარად ხელში ჩაგდება დანიურ “გრინოუქს” სურდა, მასა და საქართველოს მთავრობას შორის დეკემბერში მემორანდუმიც კი გაფორმდა, მაგრამ გარიგება ჩაიშალა. “გრინოუქ გრუპის” მფლობელი ნილსენი განაწყენებული დარჩა. არადა, საქართველოს მთავრობა მას ლამის ერთადერთ რეალურ ინვესტორად წარმოაჩენდა. დადასტურდა, რომ ასე არ ყოფილა და ამის გამო ოპოზიცია ითხოვს მთავრობის რამდენიმე წევრს პასუხი აგებინონ
.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა “გრინოუქის” მფლობელისგან სევდანარევი წერილი მიიღო. მასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მემორანდუმის ჩაშლით ნილსენი, მართლაც, უკმაყოფილო უნდა დარჩენილიყო. 107 მილიონად სანაოსნო, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, 32 ჰექტარი ტერიტორიით, და ბათუმის ნავთობბაზა მისთვის ნაჩუქარი იქნებოდა. საოკეანო სანაოსნო საპრივატიზაციოდ ამ ყველაფერთან ერთად იყო გამოტანილი, მაგრამ სატენდერო კომისიამ მოულოდნელად საპრივატიზაციო პაკეტი ორად გაყო.


ნავთობგადამამუშავებლი ქარხანა, თავისი ტერიტორიით და ნავთობბაზით, საკმაოდ სოლიდურ ფასში უნდა გაიყიდოს. მისი ყიდვის სურვილი უკვე გამოთქვა ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ, რომლის ბრუნვაც წელიწადში 50 მილიარდ დოლარს შეადგენს. ირკვევა, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, თავისი ინფრასტრუქტურით, გასაჩუქებლად გაუფასურებული არ ყოფილა. რაც შეეხება სანაოსნოს, როგორც უკვე ვთქვით, ცალკე პაკეტით ის იმაზე გაცილებით ძვირად გაიყიდა, ვიდრე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან კომპლექტში უნდა გაყიდულიყო, თანაც ვალების გადაბარების გაურკვეველი პირობით.

[ზურაბ ჟვანიას ხმა] “ისინი იხდიან 161 მილიონს, აქედან 72 მილიონი არის ვალი გერმანული ბანკების წინაშე. ისინი იღებენ ვალდებულებას, რომ 12 წლის მანძილზე არც ერთი ქართველი მეზღვაური არ დაკარგავს იქ სამუშაო ადგილს. “

ამას გარდა, როგორც პრემიერ-მინისტრმა ავსტრალიურ-ბრიტანული კონსორციუმისთვის საქართველოს საოკეანო სანაოსნოს გადაცემასთან დაკავშირებით განმარტა, აღებულია ფლოტის 15-დან 30 გემამდე გაზრდის ვალდებულება. ეს გემები ქართული დროშებით გავლენ ზღვაში. ამას გარდა, კონსორციუმი აპირებს სათავო ოფისის დაარსებას საქართველოში და მეზღვაურთა სკოლის განვითარების ხელშეწყობას.

სანაოსნოს ასე გაყიდვით კმაყოფილია ხელისუფლების ოპოზიცია. შეგახსენებთ: მისი სხვადასხვა წარმომადგენლები - გნებავთ, რესპუბლიკელები, გნებავთ, მემარჯვენეები - მთავრობას მკაცრად აკრიტიკებდნენ “გრინოუქთან “ გაფორმებული მემორანდუმის გამო, სანაოსნოს ძალიან იაფად იმ პირზე გასხვისების გეგმის გამო, რომელიც, რესპუბლიკელების მტკიცებით, ასლან აბაშიძის ფრთას იყო შეფარებული და წლების განმავლობაში ბათუმის ნავთობტერმინალს აკონტროლებდა. “არმსტრონგ ჰოლდინგ კორპორეიშენის” სახით, გაცილებით ხელსაყრელი ინვესტორის გამოჩენამ ოპოზიციას კიდევ უფრო გაუმძაფრა ეჭვი ნილსენსა და ჟვანიას შორის მიმდინარე მოლაპარაკების მიმართ. სანაოსნო, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან ერთად, 107 მილიონ დოლარად გაყიდვას გადაურჩა, თუმცა მემარჯვენეები მაინც ითხოვენ პასუხისმგებელი პირების დასჯას:

[დავით საგანელიძის ხმა] “ამან დაადასტურა, რომ არსებობდა კორუფციული გარიგება. ამიტომ ვითხოვთ შეისწავლოს პროკურატურამ, რას ნიშნავდა წინასწარ გაფორმებული ოქმები და, საერთოდ, ამ უპრეცედენტო გაყიდვების გამო გადადგნენ ჟვანია, ბენდუქიძე და ალექსიშვილი. “

დავით საგანელიძე, მემარჯვენეების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ფიქრობს, რომ საქართველოში ყველაზე მსხვილი ობიექტები უპრეცედენტოდ გაუმჭვირვალედ გაიყიდა.
XS
SM
MD
LG