Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა და როგორ იყიდება საქართველოში?


17 იანვარს საღამოს ამოიწურა დრო, როცა საქართველოს “ელმავალმშენის” ყიდვით დაინტერესებულ კომპანიებს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში

განცხადების შეტანა შეეძლოთ. კონკურსი უკვე 18 იანვარს 16 საათზე გაიმართება. “ელმავალმშენი” 3 მილიონ დოლარად არის შეფასებული. მასთან შედარებით გაცილებით ძვირად ფასობს ბათუმის სანაოსნო და ჭიათურისა და ვარციხის კომპლექსად წოდებული გასაყიდი ობიექტი. ვინ ყიდულობს მათ, ესეც სულ მალე გახდება ცნობილი. მინდა მოგითხროთ იმის შესახებ, თუ რა და როგორ იყიდება საქართველოში.

“ყველაფერს გავყიდით, სინდისის გარდა” - საქართველოში მიმდინარე პრივატიზაციის პროცესს ეს სიტყვები ეკონომიკური განვითარების ყოფილმა მინისტრმა კახა ბენდუქიძემ მოარგო. საქართველოში, მართლაც, ყველაფერი იყიდება, რისი გაყიდვაც კი შეიძლება, და საზოგადოებას აინტერესებს, სინდისის გარდა, კიდევ რა არ ექვემდებარება გაყიდვას, რას ტოვებს სახელმწიფო კუთვნილებაში საქართველოს ხელისუფლება. - ამის გასარკვევად ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს ნათია თურნავას მივმართეთ.

[ნათია თურნავას ხმა] “სახელმწიფო იტოვებს რკინიგზას და პორტებს. ამის გარდა, ყველაფერი არის სადისკუსიო. არის ფასეულობები, რომელთაც სახელმწიფო არ გაყიდის - მაგალითად, მუზეუმებს და ესეც შემდგომი მსჯელობის საგანია. ამ ეტაპზე არ განიხილება თბილისის აეროპორტის პრივატიზება, თუმცა არ არის ეს ისეთი აქტივი, რომლის პრივატიზებაზეც არ შეიძლება საუბარი. “

2005 წლის ბიუჯეტში პრივატიზაციით ამოსაგები თანხა 94 მილიონი ლარის ოდენობით არის განსაზღვრული, თუმცა, როგორც ეკონომიკური განვითარების სამინისტროში აცხადებენ, მიმდინარე წელს პრივატიზაციის პროცესმა ბიუჯეტში გაცილებით მეტი თანხა უნდა შეიტანოს. წელს საქართველოს ყველაზე მსხვილი სახელმწიფო იბიექტები - ბათუმის სანაოსნო და ჭიათურა-ვარციხის კომპლექსი -იყიდება. მათი გაყიდვის შემდეგ ბიუჯეტში 250 მილიონი დოლარის ეკვივალენტი ლარი შევა. ამას თუ დავამატებთ სხვა, შედარებით მცირე, გასაყიდ ობიექტებს, თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ პრივატიზაციით ამოსაღებმა თანხამ ბიუჯეტში განსაზღვრულს მკვეთრად უნდა გადააჭარბოს. რა ხარჯებს მოახმარს ამ ფულს სახელმწიფო, ეს მომავალში განისაზღვრება. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ობიექტები (მსხვილი თუ მცირე) სრული პაკეტით იყიდება, სახელმწიფო წილს არ იტოვებს, რადგან მთავარი ამოცანა ამა თუ იმ ობიექტის მაქსიმალურად ძვირად გაყიდვაა.

[ნათია თურნავას ხმა] “ამიტომ 100 პროცენტით ვყიდით, ვიღებთ მსხვილ თანხებს, მაგრამ ვატანთ ვალდებულებებს მყიდველ კომპანიებს, რათა მათ აიღონ ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე. “

სანაოსნო იყიდება იმ პირობით, რომ მყიდველი კომპანია იზრუნებს მეზღვაურებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე. ჭიათურისა და ვარციხის კომპლექსის გაყიდვა სასურველია ტყიბულის მაღაროებთან ერთად, რათა სტიმული მიეცეს ამ უკიდურესად გაპარტახებული რეგიონის აღორძინებას. ვინ იყიდის ყველაზე მსხვილ ობიექტებს, 18 იანვარს გახდება ცნობილი. ამავე დღეს ჩატარდება კონკურსი, რომელიც 3 მილიონ დოლარად შეფასებულ “ელმავალმშენის” მომავალ მფლობელს გამოავლენს. ამ ობიექტის ყიდვის სურვილს რუსული კომპანიები გამოთქვამენ. ცნობილია, რომ კონკურსში მონაწილეობას მხოლოდ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების კომპანიები იღებენ, რადგან ქარხანა სპეციალიზებულია ისეთი პროდუქციის გამოშვებაზე, რომელზე მოთხოვნაც პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებობს.
XS
SM
MD
LG