Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამოიწურა თუ არა დაპირისპირება საქართველოს მთავრობაში


თავდაცვის მოქმედ და ყოფილ მინისტრებს შორის სკანდალურ დაპირისპირებას წერტილი პრეზიდენტმა დაუსვა, როცა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის გასაგონად თქვა,

რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტში არ არის ადგილი პირებისთვის, რომლებიც ერთმანეთთან პრესკონფერენციებით პაექრობენ. უკრაინიდან დაბრუნებულ პრეზიდენტთან საქმის გარჩევის შემდეგ გიორგი ბარამიძემ და ირაკლი ოქრუაშვილმა შერიგების ნიშნად ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. ეს ფაქტი საზოგადოებამ სააკაშვილსა და ჟვანიას შორის ხელის ჩამორთმევად აღიქვა. მაგრამ გამთელდა თუ არა მმართველ გუნდში წარმოქმნილი პირველი სერიოზული ბზარი? ამ შეკითხვასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს.

“არავითარი ჟვანიას გუნდი არ არსებობს. ეს რომ ასე იყოს, მაშინ ჟვანია აქ არ იჯდებოდა,” - მიხეილ სააკაშვილმა ამ ცოტა ხნის წინ ამ განცხადებით სცადა პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის გუნდებს შორის ფარულ დაპირისპირებაზე აგორებული მითქმა-მოთქმისთვის წერტილი დაესვა. მითქმა-მოთქმა საქართველოს მთავრობაში საკადრო გადაადგილებათა სცენარის გახმაურებას მოჰყვა - განსაკუთრებით ინფორმაციას, რომელიც თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჟვანიას ძველი თანამებრძოლის, გიორგი ბარამიძის, ირაკლი ოქრუაშვილით ჩანაცვლების გადაწყვეტილებას ეხებოდა. მმართველი ძალის წარმომადგენლები - მათ შორის, გიორგი ბარამიძეც - მაშინ ხსენებულ ინფორმაციას ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფად წარმოაჩენდნენ, მაგრამ თავდაცვის მინისტრი, მართლაც, ოქრუაშვილი გახდა, ბარამიძე - ვიცე-პრემიერი. ოპოზიციამ ეს საკადრო გადანაცვლება პრემიერ-მინისტრზე დარტყმად მიიჩნია, მმართველი ძალის წარმომადგენლებმა კი ბევრი რამ თქვეს პოლიტიკური ოპონენტების მოსაზრების უსაფუძვლობაზე. ვითარებაში სიცხადე თავად ოქრუაშვილმა და ბარამიძემ შეიტანეს. მათ მიერ ერთმანეთისთვის წაყენებულ სერიოზულ ბრალდებებს - ბრალდებებს, რომლებიც პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ბანაკებს შორის სერიოზულ განხეთქილებაზე მეტყველებდა, კარპატებიდან დაბრუნებულმა პრეზიდენტმა ცელქობა უწოდა. მან სცადა კონფლიქტისთვის წერტილი დაესვა და მმართველ ძალაშიც ირწმუნებიან, რომ კონფლიქტი ამოიწურა. მიხეილ მაჭავარიანის თქმით:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] “ პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რათა საზოგადოება დარწმუნებულიყო, რომ წერტილი დაესვა ამ ყველაფერს. “

ასე არ ფიქრობენ ოპოზიციაში. ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე დარწმუნებულია, რომ ჟვანიასა და სააკაშვილის ურთიერთდაპირისპირება ჯერ კიდევ წინაა:

[მამუკა კაციტაძის ხმა] “როდესაც საზოგადოების მხრიდან ხელისუფლებისადმი ნდობა მინიმუმამდე დაიწევს, სააკაშვილი შეეცდება გაწიროს ჟვანია, ჟვანია კი შეეცდება ხელები პრეზიდენტს შეახოცოს. ეს ყველაფერი როგორ დასრულდება, ამას მომავალში ვნახავთ და ვნახავთ მალე. “

იქნება თუ არა ასე, ფაქტია, რომ ჟვანიას დასუსტების მცდელობა რეალურია და ბევრს რჩება შთაბეჭდილება, რომ სუსტი პრემიერის არსებობა პრეზიდენტის ინტერესებში შედის. რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ სააკაშვილს სხვანაირად მართვა არ შეუძლია და მისი ეს ნაკლი შევარდნაძის გუნდში მუშაობის ბრალია:


[დავით ბერძენიშვილის ხმა] “ ეს იყო პოლიტიკის ჭ კლასი, როცა პრეზიდენტი დაბრუნდა და თქვა, რომ ქვეყანაში მისი არყოფნის პერიოდში ბავშვებმა იცელქეს.
ასე პრეზიდენტები არ მეტყველებენ. საერთოდ, ეს არის ჟვანიას დასუსტების წარმატებული მცდელობა, მაგრამ ეს არ არის დამახასიათებელი ნორმალური სახელისუფლებო მუშაობისთვის. გინდა ჟვანია? გყავს პრემიერად? მაშინ აიტანე, როგორიც არის. თუ არ გინდა და არც არაფერს წააგებდა ხელისუფლება, ის რომ გვერდით არ ჰყოლოდა, მაშინ უნდა გაუშვა. “

ჯერჯერობით არავინ არავის არ უშვებს. მთავრობის დაპირისპირებულ ბანაკებს შორის ზავი დადებულია, თუმცა ვნახოთ, რამდენ ხანს შეინარჩუნებს ის ძალას.
XS
SM
MD
LG