Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროში გამოვლენილი დარღვევების შესწავლა დაიწყო


საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ოთხშაბათს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მამხილებელი მასალის შესწავლა დაიწყო.

მასალა გენერალურ პროკურატურაში ამ რამდენიმე დღის წინ თავდაცვის ახალმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გადაგზავნა. ის თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს პაატა გაფრინდაშვილსა და თავდაცვის სისტემის სხვა ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსნებს კორუფციაში ადანაშაულებს. ირაკლი ოქრუაშვილის სიტყვებით, ეს არის ხალხი, რომელმაც ქართული ჯარი ჩააყენა იმაზე ცუდ მდგომარეობაში, ვიდრე ის რევოლუციამდე იყო. კონკრეტულად ვის მიმართ და რატომ განხორციელდა შეტევა და რამდენად შესაძლებელია საქმეში თავდაცვის სამინისტროს ყოფილი პირველი პირების გვარებისა და სახელების ამოტივტივება?


“მე მინდა ციხეში ვიხილო ეს ხალხი, “ - ნაახალწლევს ასეთი ფრაზით დაასრულა ირაკლი ოქრუაშვილმა იმ პირთა სახელებისა და გვარების ჩამოთვლა, რომლებმაც, მისი ზრით, ქართული არმია იმაზე ცუდ მდგომარეობაში ჩააყენეს, ვიდრე ის რევოლუციამდე იყო. მის ჩამონათვალში რანგით ყველაზე მაღალი თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი იყო:

[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა] “მინისტრის ყოფილი მოადგილე გაფრინდაშვილი, არმიის განვითარების ფონდის დირექტორი ამირან ჩხენკელი, სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ჭელიძე, გენშტაბის ინფრასტრუქტურის უფროსი ხიდაშელი, შემდეგში იყო მარგალიტაძე. დავით თევზაძის დროინდელ ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსიც შემიძლია მივათვალო ამ სიას. “

ჩამოთვლილ პირთა მამხილებელ მასალებს ერთდროულად გენერალური პროკურატურა და კონტროლის პალატა სწავლობს. საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს ყაზარმების რემონტის დროს ჩადენილ სავარაუდო კორუფციულ ქმედებებს და უკანონო შესყიდვებს. ნათქვამის უკან არაერთი კონკრეტული ფაქტი იგულისხმება. მაგალითად, ის, რომ თავდაცვის სამინისტროს ლიფტების შეკეთებისთვის გამოიყო 5 ათასი ლარი და, მიუხედავად ამისა, სამინისტროში არც ერთი ლიფტი არ ამუშავებულა. ნიქოზის სამშვიდობო ბატალიონის ყაზარმის გასარემონტებლად 70000 ლარი იქნა გამოყოფილი, თუმცა ეს ფული არც ამ და არც სხვა ყაზარმის რემონტს არ მოხმარებია. ვაზიანის ელიტარული ბატალიონის ყაზარმა მხოლოდ გარეგნულად არის გარემონტებული და ასე შემდეგ. “ყაზარმების გასარემონტებლად სისტემის მაღალჩინოსნების ახლობლების ფირმები ირჩეოდა,” - ამბობს ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი. მის მიერ გახმაურებულ ფაქტებზე პასუხი იმ პირებს უნდა მოსთხოვონ, რომლებსაც საქმესთან უშუალო კავშირი ჰქონდათ. მათ ყოფილ ხელმძღვანელებთან დაკავშირებით ოქრუაშვილმა კომენტარი მხოლოდ გია ბარამიძის მისამართით გააკეთა - თქვა, რომ მას ატყუებდნენ, რომ მას დანაშაულთან კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს.

გია ბარამიძე თავდაცვის სამინისტროში პირველ პირად ივლისში მივიდა, ასოსიაციამ “სამართალი და თავისუფლება” კი მანამდე გამოიტანა ფართო სამსჯავროზე მასალა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სამეურნეო ნაწილში კორუფციის ფაქტებზე მეტყველებდა. მაშინ თავდაცვის მინისტრი გელა ბეჟუაშვილი იყო. მოუწევთ თუ არა მას და ბარამიძეს მომხდარზე პასუხიმსგებლობის განაწილება, უცნობია. პროკურატურა საქმის შესწავლას დაახლოებით 20 დღეს მოანდომებს. “ზოგადად, თუ სისტემაში კორუფციულ გარიგებებს ადგილი ჰქონდა, ამაში სხვადასხვა მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ, ყოფილმა მინისტრებმა კი ამ ყველაფრის შესახებ არაფერი იცოდნენ, ყველაზე მცირე, სამსახურებრივ გულგრილობასთან უნდა გვქონდეს საქმე, რაც ასევე სისხლის სამართლის დანაშაულია,” - ზუსტად ასე ამბობს ექსპერტი სამხედრო საკითხებში შალვა თადუმაძე. მისი აზრით:

[შალვა თადუმაძის ხმა] “ამ ადმინისტრირებით, რასაც ირაკლი ოქრუაშვილიც ახდენს, რასაც ბარამიძე და ბეჟუაშვილი ახდენდნენ, როცა მეგობრების დარეკვებით ნიშნავდნენ და ნიშნავენ თანამდებობის პირებს და არა პროფესიონალიზმის ნიშნით, ყოველთვის იქნება ასეთი პრობლემები. “ (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG